ახალი ამბები
„ენკას“ არც ერთ თანამშრომელს ზეწოლის ფაქტზე პოლიციისთვის არ მიუმართავს
FaceBook
რიონის ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" არც ერთ თანამშრომელს, რომლებსაც კომპანიისვე ინფორმაციით ადგილობრივები აშინებენ, პოლიციისთვის არ მიუმართავს.

"ენკას" კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების მენეჯერი დიმიტრი მინდიაშვლი ამბობს, რომ ჰესის მოწინააღმდეგეების მიერ ზეწოლის გამო სამსახური ათობით ადამიანმა დატოვა, თუმცა, მშენებლობაზე დასაქმებულები ზეწოლის ფაქტებზე შიშის გამო არ საუბრობენ.

"ათობით ადამიანია, რომელმაც დატოვა სამსახური. მე ვსაუბრობ ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე. გამოძიება არ არის დაწყებული, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა შიშის გამო უარს აცხადებს ამ საკითხებზე შეიტანოს საჩივარი პოლიციაში
", - განაცხადა დიმიტრი მინდიაშვილმა.

კომპანიამ თანამშრომლების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ სახალხო დამცველს მიმართა. კომპანიის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატს კონკრეტული ფაქტები უკვე მიაწოდეს.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელიც 8 აპრილს ხეობის "მცველებს" შეხვდა, აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მანდატი იმ შემთხვევაში მოქმედებას გულისხმობს, თუ სახელმწიფო ან პოლიცია უარს ამბობს ადამიანების უფლებების დაცვაზე. მათთვის კი ინფორმაცია, რომ პოლიცია კომპანიაში დასაქმებულთა უფლებებს არ იცავს, ცნობილი არ არის. თუმცა, ომბუდსმენის აპარატი კომპანიის მიერ უკვე მიწოდებულ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნის.

"მე მქონდა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია კონკრეტული ფაქტების შესახებ. თუ ადგილი აქვს ვინმეს დაშინებას, ზეწოლას, მუქარას, ასეთი ფაქტები არის სავარაუდო სამართალდარღვევა და მათზე რეაგირება ევალება სამართალდამცავ უწყებებს. სახალხო დამცველის მანდატი არის დაიცვას მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დარღვევისგან, ან იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ან პოლიცია უარს ამბობს ამ ადამიანების უფლებების დაცვაზე. ჩვენ ასეთი ინფორმაცია, რომ პოლიცია არ იცავდეს კომპანიაში დასაქმებული პირების უფლებებს, არ გვაქვს, თუმცა, თუ მოგვაწვდიან ასეთ ინფორმაციებს, რა თქმა უნდა  მივაწვდით პოლიციას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ასევე შეაფასა გუმათჰესთან საპოლიციო პოსტის მოწყობა, სადაც სამართალდამცავები მოქალაქეებს სოფელ ნამოხვანისკენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ამოწმებენ რეგულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და იწერენ მგზავრების პირად მონაცემებს. ომბუდსმენის თქმით, შეზღუდვა არაპროპორციულია და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების კონტროლის საჭიროება არ არსებობს, მით უფრო, რომ მოქალაქეებს ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებამდეც არ აქვთ დაუბრკოლებლად მოძრაობის საშუალება.

გუმათჰესთან უკვე ერთი კვირაა გზა ჩაკეტილია. სამართალდამცავებს საპოლიციო პოსტი რკინის ჯებირებით აქვთ მოწყობილი. ისინი განსაკუთრებით მკაცრად აკონტროლებენ სოფელ ნამოხვანისკენ, საპროტესტო კარვებთან მიმავალ მოქალაქეებს.

რიონის ხეობაში გადაადგილებაზე შეზღუდვა მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი სამართალდამცავებთან ერთად ჩავიდა. ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან მისასვლელი გზა, დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა 12 აქტივისტი. ამის შემდეგ, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთი კარავი გაშალეს. რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი ლოკაცია და ხუთი კარავია გაშლილი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 166-ე ღამე გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.

ხეობის "მცველები" მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, თუმცა, დრო და ადგილი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ამავე თემაზე:


"არ არსებობს გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა" - რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა

"ჰესის არ აშენება არ განიხილება'' - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
ხეობის მცველებმა გუმათში კარავი გაშალეს

"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" – "ენკას" ახალი დირექტორი

ნამახვანში პოლიციამ ორი პირი დააკავა

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა


"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.