საზოგადოება
ენერგოეფექტური მშენებლობა - ევროკავშირის დირექტივები და თვითმმართველობა
FaceBook

ქუთაისის მერიამ მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა (SEAP) შეიმუშავა, რომლის ვალდებულებაც ჯერ კიდევ 2011 წელს აიღო მაშინ, როდესაც ქუთაისის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივის, მერების შეთანხმების ხელმომწერი გახდა.


ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს აერთიანებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაზარდონ. დოკუმენტში მოკლე და გრძელვადიანი გეგმებია გაწერილი.

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია განმარტავს, რომ მერების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებიდან უმეტესობა შეასრულეს. ამის მაგალითად, მას ქალაქის ცენტრალურ უბანში ენერგოეფეტური სკვერი, საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე დამონტაჟებული მზის ენერგიის სისტემა და 10 000 კვ.მ მწვანე საფარი მოჰყავს, რომელიც ქუთაისს ბოლო სამი წლის განმავლობაში შეემატა.

მურღულია ამბობს, რომ ქალაქში ყველაზე მეტ ენერგიას გარე განათების სისტემა მოიხმარს, რომელთა მესამედი 5 000 ცალი ეკონათურით შეიცვალა, მისი სრულად შეცვლა კი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ასევე, ქუთაისის მერია 2014-2018 წლებში ტექნიკური კადრების მომზადების, ქალაქის მმართველობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის, მათი ცნობიერების ამაღლების ვალდებულებას იღებდა. ასევე, მერიაში უნდა შექმნილიყო ენერგოეფექტურობის ცენტრი, რომელიც თვითმმართველობის გარდა, მოსახლეობას და კერძო სექტორსაც მოემსახურებოდა. თუმცა, ამ საკითხების მოგვარება უკვე არჩევნების გზით მოსულ ახალ ხელისუფლებას მოუწევს.

რაც შეეხება, საცხოვრებელი და მუნიციპალური შენობების სექტორს, ქუთაისის მერიის მიერ შემუშავებულ გეგმაში მითითებულია, რომ ისინი ჯერ კიდევ ენერგიის მოხმარების მნიშნველოვანი წყაროა.

აღმოჩნდა, რომ ქუთაისში მოქმედი დეველოპერული კომპანიების მხრიდან ენერგოეფექტურობის გათვალისწინება, მხოლოდ ახალი მშენებლობისას, გარე კედლის სისქის ზომის დაცვით შემოიფარგლება, რომელიც სამშენებლო ნორმების მიხედვით 30 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ადგილობრივი დეველოპერები ამბობენ, რომ თანამდროვე შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება სამშენებლო ხარჯებს გაზრდის, გაყიდვებს კი შეაფერხებს. მათი აზრით, პროექტირებისას ენერგოეფეტქურობის საკითხის გათვალისწინება იმ მიზეზით არ ხდება, რომ მომხმარებელში ის ნაკლებად პოპულარულია, რასაც დეველოპერები მოსახლეობის არაინფორმირებულობას უკავშირებენ.

„პირველ ეტაპზე ძვირი ჯდება, შემდეგ მოგებას გვაძლევს, მაგრამ მომხმარებელი ამას ყურადღებას არ აქცევს. კორპუსში, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს, რთულია ყველა ბინადარი დაარწმუნო, რომ ეს მათთვის მომგებიანია. ყველას უნდა ცოტა გადაიხადოს და ეტაპობრივად. ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა,“ – ამბობს სამშენებლო კომპანია „დიზაინკომპლექსის“ ხელმძღვანელი, ზურაბ გუბელაძე.

მისივე თქმით, ენერგოეფექტური მოეთოდების გამოყენების უპირატესობაში კერძო სექტორის დარწმუნება გაცილებით უფრო იოლია, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოქალაქეებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება მნიშვნელოვანია.

არასამთავრობო სექტორი
საინფორმაციო კამპანიის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორში. ექსპერტები, ასევე, მიიჩნევენ, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველო ევროპულ გზას ადგას, მნიშვნელოვანია ევროკავშირის დირექტივების შესრულება და მათი პრაქტიკული განხორციელება, რაც პირველ რიგში, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებას სარგებელს მოუტანს.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ენერგიის არაეფექტური მოხმარება ენერგოუსაფრთხოების რისკებს ზრდის და კიდევ უფრო ასუსტებს.

ენერგო ეფექტურობა მარტო ენერგიის დაზოგვა არ არის, ეს არის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, აქ საუბარია ყველა სახის ენერგიაზე, რითაც უფრო კომფორტული გახდება ჩვენი არსებობა.

„ევროკავშირის ქვეყნებში უკვე „სამი ოციანის“ პრინციპი მოქმედებს, რომელიც 2020 წლისთვის უნდა დაინერგოს, რაც ნიშნავს: 20%-ით უნდა შემცირდეს ტრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენება, 20%-ით გაიზარდოს ენერგოეფეტიანობა და 20 %-ით გაიზარდოს განახლებადი ენერგორესურსების გამოყენება,“ - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრის“ ხელმძღვანელი და ექსპერტი გარემოს სტარტეგიული დაგეგმარების საკითხებში, ქეთევან ცხაკაია.

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება ენერგოეფექტურობის მიმართულებით ეროვნული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას დააჩქარებს.

კანონმდებლობა
დღეისათვის სამშებენლო ბიზნესს კანონმდებლობა ენერგოეფექტურობის დაცვას არ ავალდებულებს. ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში შენობების ენერგოეფექტანობის შესახებ მხოლოდ ერთადერთ დოკუმენტშია მოხსენიებული. ეს არის მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე.

დოკუმენტის მე-13 თავი ენერგო ეფექტიანი შენობების დაგეგმარებასა და მშენებლობას არეგულირებს. აქვე მითითებულია, რომ ეს საკითხი ენერგოდაზოგვის წესებს უნდა შეესაბამებოდეს. თუმცა, რეგლამენტში აღნიშნულია ისიც, რომ ენერგოდაზოგვის წესები შესამუშავებელია.

ასოცირების ხელშეკრულება
საქართველოს მთავრობამ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავადებულებდა, დოკუმენტზე ხელმოწერიდან სამი წლის შემდეგ შეიმუშავა. გეგმის თანახმად, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება სამშებელო სექტორსაც შეეხება. ასოცირების ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით, ნულოვან ენერგომოხმარებას ყველა ახალი შენობა 2020 წლისთვის, ხოლო საჯარო შენობები 2018 წლისთვის უნდა აკმაყოფილებდეს. დღეისათვის კი ეს საკითხი სტიქიურად, საბაზრო მექანიზმებით ხორციელდება.

ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებო ევროკავშირის ოთხი დირექტივაა, რომელთა განხორციელებაც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სავალდებულოა. ესენია:

2006 წლის 5 აპრილის დირექტივა 2006/32/EC ენერგიის საბოლოო მოხმარების ეფექტიანობისა და ენერგომომსახურებების შესახებ;

2010 წლის 19 მაისის ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2010/31/EU შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ;

2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ.

2009/33/EC სუფთა და ენერგოეფექტური საგზაო სატრანსპორტო საშუალებების ხელშეწყობის შესახებ.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დირექტივების შესრულების ვალდებულება ქვეყანას „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შემდეგ აქვს, რომლის სრულუფლებიანი წევრიც საქართველო 2017 წლის მაისში გახდა.

ასევე, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასრულდა ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება, ამჟამად კი მისი საბოლოო განხილვა მიმდინარეობს.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გეგმაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი რაც სავალდებულოა ევროკავშირის ენერგოეფექტურობის 2012/27/EU დირექტივის მიხედვით. სამოქმედო გეგმის პროექტი ასახავს ენერგოეფექტურ ღონისძიებებს საქართველოს ენერგოტევადი სექტორებისთვის: ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, შენობები, საჯარო სექტორი.

სამინისტროს ცნობით, ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება.




 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.