საზოგადოება
გაყალბებული დოკუმენტაციით გაყიდული შენობა - საქმეს პროკურატურა იძიებს
FaceBook
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაკითხვაზე პროკურატურაშიც იმყოფებოდა. 

შეეწირება თუარა იუზა უგულავას თანამდებობა  პროკურატურის კითხვა/პასუხებს და რა კონკრეტული კითხვები ჰქონდათ  ქუთაისში (და არა მხოლოდ) ერთ-ერთ გავლენიან  მაღალჩინოსანთან, რომელიც მერის მოადგილის პოსტს 2017 წლიდან ინარჩუნებს? - საქართველოს გენერალურ პროკურატურას  წერილობით  მივმართეთ. პასუხად მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ პერსონალურ მონაცემებს ვერ გაასაჯაროებენ.



პროკურატურაში  დაბარების  ფაქტს ქუთაისის მერიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.   

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, საქმე ეხება საზოგადოებრივი კოლეჯის  "მედიკ ფორტეს’’  შენობის ხუთი წლის წინ გაყიდვის საქმეს, რომელზეც  მხარეებს შორის ანუ ქუთაისის მერიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დავა  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.  "მედიკ ფორტეს'' დირექტორი იზა დიაკვნიშვილი მერიას იჯარით აღებული ქონების დაუკითხავად გასხვისებას ედავება.  ამის გარდა, შენობის გაყიდვა, როგორც იზა დიაკვნიშვილი განმარტავს, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მოხდა, რამაც ქონების ფასი დაწია. ამას კი, როგორც დიაკვნიშვილი გვიყვება, კორუფციულ გარიგებასთან და იუზა უგულავასთან მივყავართ.  

ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა  მერიას იმ ობიექტის გასხვისების უფლება, რომელიც გაყიდვის მომენტში მოიჯარეს ეკუთვნოდა. 

კოლეჯ "მედიკ ფორტეს" ხელმძღვანელმა იზა დიაკვნიშვილმა ზ. გამსახურდიას ქუჩა  #34 -ში მდებარე სამართულიანი შენობის მეორე სართული (295,21კვ.მ.) მერიიდან საიჯარო ხელშეკრულებით 2010 წლის 4 მაისს აიღო. იჯარის ვადა 12 წლით განისაზღვრა. მხარეებს შორის დადებული საიჯარო  ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური იჯარის ქირა 8 280 ლარს შეადგენდა.  მოიჯარეს მერიისათვის კვარტლურად  2 070 ლარი უნდა გადაეხადა.  ასევე, საიჯარო დოკუმენტაციის მიხედვით, იზა დიაკვნიშვილს შენობის სახურავის შეკეთება დაევალა. 

მოიჯარე აღებულ პასუხისმგებლობას გარეკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებდა, თუმცა, 2014 წლიდან განსაზღვრული თანხის გადახდა ვეღარ შეძლო. დოკუმენტების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ იზა დიაკვნიშვილს საიჯარო დავალიანება დაუგროვდა, რაზედაც მას არსებული დავალიანების შესახებ მერიიდან წერილები ეგზავნებოდა. 

"ამ დავალიანებას დროგამოშვებით ვიხდიდი. ზოგჯერ ამ კვარტალში ვერა და მეორე კვარტალში ერთიანად გადავიხდიდი ხოლმე", - ამბობს  დიაკვნიშვილი. მისი თქმით, სწორედ ეს საქმე "გამოიყენა" მერიის მაღალჩინოსანმა, რომელმაც,  როგორც იზა დიაკვნიშვილი ამბობს, გარიგება შესთავაზა.

"2018 წლის აპრილში იუზა უგულავამ დამიბარა და მითხრა შენობა უნდა გავყიდოთ და შენ ამ ტერიტორიის დატოვება მოგიწევსო. შემდეგ სიჩუმის სანაცვლოდ საიჯარო დავალიანების ჩამოწერას დამპირდა. როცა ამაზე უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ ჩემი უფლებების დასაცავად ვიბრძოლებდი, იუზა უგულავამ მომიგო: სანამ ეს მთავრობა იქნება, მე ხელშეუხებელი ვიქნებიო. სინამდვილეში ეს შეთავაზებაც ფორმალური იყო, რადგან  მერე როგორც  გავარკვიე ამ მომენტშიც ჩემი ქონება უკვე გაყიდული ჰქონიათ ისე, რომ  მე არაფერი ვიცოდი", -  ამბობს იზა დიაკვნიშვილი.

საბოლოოდ, მერიამ იზა დიაკვნიშვილს ხელშეკრულება იჯარის გადაუხდელობის და შენობის სახურავის შეუკეთებლობის მიზეზით გაუწყვიტა. ხელშეკრულების ცალმხრივ გაწყვეტას ადასტურებენ  ადგილობრივ თვითმმართველობაში, თუმცა უარყოფენ მოიჯარესთან რაიმე ტიპის შეთავაზებას.  

"2018 წლის მარტის მდგომარეობით, შპს ,,მრავალდარგოვან სახელობო სასწავლებელ მედიკ - ფორტეს’’ /ს.კ. 412671461/ ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება 50539,0 /ორმოცდაათი ათას ხუთას ოცდაცხრამეტი/ ლარი.
საიჯარო ქირის დავალიანების შესახებ მრავალჯერადი წერილობითი გაფრთხილებების /19.02.2014წ. №01-1103, 20.06.2014წ. №01-4518, 05.02.2015წ. №01-691, 12.02.2016წ. №01/3291, 22.04.2016წ. №01/9334, 08.02.2017წ. №01/3101, 14.12.2017წ. №01/27347 და 18.01.2018წ. №10-02180188;/ მიუხედავად, მოიჯარის მიერ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა, რის გამოც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 27 მარტის №611 ბრძანებით, მოხდა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმება. ამასთანავე, შპს ,,მრავალდარგოვან საზოგადოებრივ კოლეჯ მედიკ-ფორტეს’’ /ს.კ. 412671461/ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების 50539,0 /ორმოცდაათი ათას ხუთას ოცდაცხრამეტი/ ლარის გადახდა.

ამჟამად, ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს ,,მრავალდარგოვან სახელობო სასწავლებელ მედიკ-ფორტეს’’ /ს.კ. 412671461/ მიმართ, საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნით (საქმე №080210018002405453).

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრავალჯერადი წერილობითი გაფრთხილებებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 27 მარტის №611 ბრძანებითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 16 აპრილს წარდგენილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელით ნათელია, რომ იზა დიაკვნიშვილი ცრუობს და მასთან არანაირ მოლაპარაკებას, საიჯარო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე, ადგილი არ ჰქონია", -  განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ იზა დიაკვნიშვილმა შენობის სახურავის შეკეთების ვალდებულება ნამდვილად შეასრულა, თუმცა ხელშეკრულების გაწყვეტის ბრძანებაში წერია, 
რომ ეს ვალდებულება შესრულებული არ არის. 



აღსანიშნავია ის გარემოებაც,  რომ ქუთაისის მერიამ  ჯერ ობიექტი აუქციონზე გაიტანა (2018 წლის 16 მარტს, სადაც წერია, რომ ბრძანების კონტროლი იუზა უგულავას უნდა დაევალოს), ხოლო  მოიჯარესთან ხელშეკრულების გაუქმების ბრძანება უფრო გვიან, 27 მარტით არის დათარიღებული.

იზა დიაკვნიშვილის ადვოკატის განმარატებით, ეს გარემობა ბადებს უფრო მეტს ეჭვს, რომ  მერიას უძრავი ქონების გასხვისების საკითხი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და არაფერ შუაში იყო იჯარის გადაუხდელობა. 

ბრძანება ქონების აუქციონზე გატანის შესახებ


ბრძანება იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ


როგორ გაყიდა მერიამ შენო
ბა

ობიექტის აუქციონზე გასატანად აუცილებელია  ქონების  შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. ქუთაისის მერიამ  საზოგადოებრივი კოლეჯის  "მედიკ ფორტეს’’  შენობის შესწავლა და ქონების შეფასება  კერძო აუდიტს  დავით რობაქიძეს დაავალა.  აუდიტის მიერ მომზადებულ  შეფასების დოკუმენტში წერია, რომ  ზ. გამსახურდიას ქუჩა  #34-ში მდებარე შენობას აქვს ხის კარ-ფანჯარა და ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვნად ამორტიზებულია. შესაბამისად, მან 277 000 ლარად შეაფასა. მერიამ შენობის ფასი 503642 ლარამდე გაზარდა და აუქციონზე გაიტანა. საბოლოოდ, შენობა 508 642 ლარად გაიყიდა. 

სწორედ, ეს ფასი მიიჩნია პროკურატურამ საეჭვოდ, რის გამოც მერიის მიერ დაქირავებული კერძო აუდიტი დავით რობაქიძე დააკავეს. 

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ობიექტი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე გაიყიდა. კერძოდ, ტექბიუროს მონაცემებით და საბაზრო ფასებით ანტიკორუფციულმა ბიურომ დადგინა, რომ ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა 647400 ლარი უნდა ყოფილიყო. 

დაკავებული თავიდან დუმილის უფლებას იყენებდა. თუმცა, მოგვიანებით დაარღვია და 15 ნოემბრის სასამართლო პროცესზე  განცხადა, რომ შეფასება არა შესწავლის, არამედ ვარაუდის დონეზე დაწერა.

"არ მქონდა საშუალება ყველა ოთახი დამეთვალიერებინა. მერიის წარმომადგენელთან ერთად მხოლოდ პირველ სართულზე ვიმყოფებოდი, მეორე და მესამე სართულზე ოთახები დაკეტილი იყო და მხოლოდ კიბეზე ავედი. პირველ სართულზე წყალი ჩამოდიოდა, კედლები ჩამოშლილი იყო, ამიტომ ვივარაუდე, რომ შენობის სახურავი სავავალო მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო. ჩავთვალე, რომ ყველა ოთახი ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა", - ამბობს ბრალდებული 15 ნოემბრს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე, რომლის აუდიოჩანაწერი (აუდიოდისკი) "ქუთაისიპოსტმა"  მოიპოვა.

იმის გამო, რომ შენობა რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად გაიყიდა, დაზარალდა როგორც ქალაქის ბიუჯეტი, ისე მოიჯარე, რომელსაც ფართი იჯარის ვადის ამოწურვამდე გაუსხვისეს.

იზა დიაკვნიშვილის ვერსიით, რეალურად ქონება აუქციონზე მითითებულ ფასზე მეტად გაყიდეს, რომელიც როგორც დიაკვნიშვილი ამბობს, გამოძიებით უნდა დადგინდეს. 

ვინ იყიდა

ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩა  #34 -ში მდებარე სამსართულიანი შენობა  2018 წელს  ექიმმა და ბიზნესმენმა დავით ტაბიძემ  508 000 ლარად შეიძინა. auction.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ჩანს, რომ მას ამ აუქციონში კონკურენტი არ ჰყოლია. ეს მაშინ როცა, ობიექტი ბიზნესისათვის ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობდა და ფასიც დაბალი იყო. 

"აღნიშნული შენობა-ნაგებობის ნაწილი იჯარის ფორმით გაცემულია სარგებლობაში (ს/კ03.01.03.414.01.501). მოიჯარეებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე გააჩნიათ საიჯარო დავალიანებები და შესაბამისად, მიმდინარეობს აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმების პროცესი,’’ - წერია აუქციონის პირობებში.

თუ რატომ "გარისკა" და  გადაიხადა  იჯარით გაცემულ შენობაში  ნახევარ მილიონზე მეტი?  ჰქონდა თუარა მერიის მაღალაჩინოსნებთან წინასწარ გარიგებას ადგილი? - ამ კითხვების საპაუხოდ დავით ტაბაძე განმარტავს, რომ მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა იჯარით გაცემული ქონების შეძენა. 

"იჯარა და მის გაუქმება მერიის საქმეა. მე რა პრობლემა უნდა შემქმნოდა? ყველაფერი მალე მოაგვარეს. როცა შენობა ვიყიდე, იჯარა უკვე აღარ იყო,’’ - ამბობს დავით ტაბიძე.

ბიზნესმენი უარყოფს ბრალდებას, რომ ის კორუფციული სქემის მონაწილე  იყო. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ  მას იუზა უგულავასთან შეხება არასოდეს ჰქონია და არც ობიექტის შესყიდვაში გადაუხდია მითითებულ ფასზე მეტი.

ტერიტორიის ახალმა მფლობელმა შეძენის შემდეგ ძველი შენობა დაანგრია.  ამ დროისთვის კოლეჯის ადგილზე შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დგას. 

საცხოვრებელი კორპუსი კოლეჯის ადგილას


როდის ინტერესდება ანტიკორუფციული ბიურო


ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 30 ნოემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა.

აღნიშნული უწყების ჩამოყალიბება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ევროკავშირმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გათვალისწინება მოსთხოვა.

12-პუნქტიანი გეგმის მე-4 პრიორიტეტი სწორედ ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას მოიცავს.

ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. ორგანიზაცია კონკრეტული საქმით იმ შემთხვევაში ინტერესდება, თუ საქმე პოლიტიკური თანამდებობის პირს ან საჯარო მოხელეს ეხება.

შესაბამისად,  ცხადია, რომ 2018 წელს გაყიდული  ამ კონკრეტული ქონების საკითხში საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს. 


###

იუზა უგულავა ქუთაისის მერის მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა. მანამდე იგი ხონის გამგებლის მოადგილე იყო. იგი წლების განმავლობაში "ოცნებას"  არჩევნებში ხმების მოგროვებაში ეხმარებოდა.  მისი საქმიანობა და საეჭვო ბიზნესინტერესები დაინტერესების საგანი გახდა  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' მხრიდანაც.

რაც შეეხება ამ კონკრეტული ობიექტის გასხვისების საქმეს,  ჯერი სასამართლოზეა. მხარეებს შორის მორიგი სასამართლო პროცესი 15 დეკემბერსაა ჩანიშნული. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
16:08 / 26.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.