საზოგადოება
40 წელი და ზემოთ - „დაწუნებული“ თაობა და დრო ახალი მოთხოვნებით
FaceBook
რამდენად ხელისშემშლელია ასაკი დასაქმების საკითხში? ეიჯიზმი შრომით ბაზარზე პრობლემად რჩება საქართველში და მათ შორის ქუთაისში. მოქალაქეები კონკრეტულ ასაკს შემაფერხებელ ფაქტორად ასახელებენ.

ამაზე მიუთითებს დამსაქმებლების განცხადებებიც, სადაც ისინი ასაკობრივ ზღვარს აწესებენ. თუმცა, ასაკი შემაფერხებელ ბარიერად არ მიაჩნია დამსაქმებელთა მეორე ნაწილს და კვალიფიკაციის პრიორიტეტულობაზე საუბრობს. ასევე დროზე და მის მიერ მოტანილ მოცემულობაზე, რომელიც საერთოდ სხვა პირობებს აყენებს.
პრაქტიკისა და კვალიფიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებს 38 წლის მაია ტორაძეც. იგი პროფესიით ფილოლოგია. საკუთარი სპეციალობით არასდროს უმუშავია, ბოლო 8 წელია ინტენსიურად ეძებს სამუშაოს, უკვე პროფესიის გარეთაც, თუმცა უშედეგოდ.

"ვერ ვშოულობდი საკუთარი პროფესიით სამსახურს. ახლა რომც მოიძებნოს უკვე მეშინია, რომ ვეღარც ვიმუშავებ. გამოცდილება სხვა უნარებს გძენს. მე ამ რეჟიმს საერთოდ გადაჩვეული ვარ", - ამბობს მაია.

მაიასგან განსხვავებით მისი მეუღლე შედარებით უცებ მოერგო ბაზრის მოთხოვნას და პროფესიით ინჟინერი უკვე მრავალი წელია ოთახებს არემონტებს.
მაია აღნიშნავს, რომ  90-იან წლებში ინჟინრის პროფესიით დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ მეუღლემ სხვა გზა გამოძებნა და კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდა.

"თავად დიდი დრო დავკარგე, ახლა უკვე ძალიან ძნელია რაიმე ახალი ვისწავლო. ჩემი ასაკის ხალხი პრაქტიკულად არსად ჭირდებათ", - მიაჩნია მაიას.
რა პროფესიებსა და როგორ კანდიდატებზეა მოთხოვნა შრომით ბაზარზე ამის გარკვევა მეტნაკლებად იმ განცხადებებით შეიძლება, რომლებიც საიტზე
Jobs.ge - არის განთავსებული.

გამოქვეყნებულ განცხადებებში დამსაქმებელთა დიდი ნაწილი, გარდა სხვა მოთხოვნებისა უთითებს ასაკსაც. შესაბამისად, აწესებს ასაკობრივ ზღვარს, რომელიც 40 წელს არ აღემატება. არის განცხადებები, რომლებიც მხოლოდ 35 წლამდე, ან 25 წლამდე პირებისთვისაა გათვლილი. კონკრეტული ასაკი კვლავ რჩება რიგ შემთხვევაში უპირატესობად, რიგ შემთხევვაში ნაკლად, რომელიც ნაკლებ შანსს უტოვებს ადამიანს აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.

უკეთეს შესაძლებლობებს სტაფის ახალგაზრდა წევრებში ხედავს ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ერთ -ერთი მაღაზიის მენეჯერი, იგი მართალია აღნიშნავს, რომ მათთან სხვადასხვა ასაკის თანამშრომლებია დასაქმებული, თუმცა იმასაც არ მალავს, რომ ახალგაზრდები ჭარბობენ და დიდ წილს 30 წლამდე თანამშრომლები შეადგენენ.

"ახლებურ წესებს და მიდგომებს ახალგაზრდები უფრო უღებენ ალღოს", - აღნიშნავს იგი.

შუახნის ასაკის რიგი წარმომადგენლები ახალი წესების დამამკვიდრებელ და ერთგვარ გარდამტეხ მომენტად 90 -იან წელს ასახელებენ. პერიოდს რამაც სხვა რეალობა მოიტანა და არასიცოცხლისუნარიანი გახადა მათი პროფესიები, მოუწიათ პროფესიის ცვლა ან უმუშევრის სტატუსით ცხოვრება. რამაც, მათი თქმით, მთელი თაობა დატოვა პროფესიის გარეთ. მოუწიათ გადაბარგება იმ სივრცეში რაც მათთვის უცხო და არასასურველი იყო. მათ ოცი წლით დააგვიანეს და ჩამორჩნენ საკუთარ პროფესიაში. ამიტომ 40 წელს ზემოთ თაობაზე მოთხოვნა აღარ არის.

თუმცა, ასაკს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს რადიო "ძველი ქალაქის" დირექტორი ირაკლი მაჩიტაძე. მისი თქმით, ჩვენი ეპოქა სხვა მოცემულობებს აყენებს. რომელიც ნებისმიერ ასაკში ახალი ცოდნის შეძენას და მობილიზებას ითხოვს თანამედროვე ადამიანიდან.

"ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სამყაროში, სადაც პროფესიები მალე ძველდება. ბუნებრივია ეს შრომით ბაზარზეც ახდენს გავლენას და ადამიანებს უწევთ სიცოცხლის განმავლობაში ახალი ინფორმაცია მიიღონ, ახალი უნარჩვევები შეიძინონ, მუდმივ განახლების რეჟიმში იყვნენ რომ დარჩნენ და კონკურენტუნარიანები იყვნენ შრომით ბაზარზე", - აღნიშნავს ირაკლი მაჩიტაძე.

იგი საუბრობს კვლევაზე, რომელიც ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში პროფესიების ცვლის ინტენსივობას იკვლევდა. აღმოჩნდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა უფრო ხშირად იცვლის პროფესიას, სამჯერ ან ოთხჯერ. იძენს ახალ უნარ-ჩვევებისა და თვისებებს, კვალიფიკაციას იმაღლებს და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, შედარებით იშვიათია პროფესიის ცვლა. ამ ქვეყნების სიაში საქართველოცაა.

"40 -50 წლის ადამიანი თუკი არის შრომის ფერხულში. აქვს ძველი გამოცდილება, მაგრამ ახალი ცოდნის შეძენასაც ცდილობს, იგი საუკეთესო კანდიდატია დასაქმებისთვის. მას ახალი ცოდნაც აქვს და ძველი გამოცდილებაც, რაც ახალგაზრდას არ გააჩნია. ამიტომ ეს თაობა სულაც არ არის დაკარგული თაობა. უნდა მოახერხონ და ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას. ის გამოცდილება, რომელიც შეიძინა ახლა ცოდნასთან ერთად იქნება სერიოზული განაცხადი დასაქმებისთვის", - მიაჩნია ირაკლი მაჩიტაძეს.

თუმცა, აქ ჩნდება მენტალური პრობლემაც ("კომპიუტერი თუ არ ვიცი კაცი არ ვარ?!", "80-იან წლებში აღებული ორი დიპლომი მაქვს"...), რომელიც უგულებელყოფს მუდმივი სწავლისა და განვითარების აუცილებლობას.

ასევე, სახელმწიფოს როლიც ჩნდება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს იმ სისტემისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას. რომელიც ზრდასრულ მოსახლეობას დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში, ახალი ცოდნის ათვისებაში, ახალი ტექნიკის, რომელიც მუდმივად იცვლება, შესწავლაში. რომ შემდეგ მოქალაქემ მოახერხოს ადაპტირება ახალ სამუშაო გარემოში.

მსგავსი სისტემა ქუთაისში არ მუშაობს.სამაგიეროდ ჩნდება განცხადებები სხვადასხავა უნარ-ჩვევებზე მოთხოვნით, რომელთაც შუახნის ასაკის ადამიანთა დიდი წილი ვერ პასუხობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.