განათლება
დაუძლეველი ბულინგი - ბრძოლის სუსტი მექანიზმები და ფავორიტიზმი სკოლებში
FaceBook
ბულინგი სკოლებში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

მართალია,  ბოლო ხანებში დაიწყო ბულინგზე ღია საუბარი და განათლების სამინისტროს მიერ აღიარება, რომ სკოლებში ეს პრობლემა არსებობს, თუმცა განათლების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები განათლების სამინისტროსა და სკოლების მხრიდან ბულინგის აღმოფხვრის, ან შემცირების მხოლოდ ფორმალურ ღონისძიებებზე მიუთითებენ. ბულინგზე არც კანონი "ზოგადი განათლების შესახებ" აქცენტირებს. იგი არც კანონმდებლობაში და არც კანონქვემდებარე აქტებში არ არის მოხსენიებული.

სამაგიეროდ, სიტყვა ბულინგი ხშირად მეორდებოდა იმ ბუკლეტებში, რომელიც ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ თედო იობიძემ გაავრცელა ქუთაისის სკოლებსა და ქუჩებში. თედოს პროექტი ბულინგის პრობლემაზე საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას გულისხმობდა.

თედო საკუთარი ინიციატივით მოქმედებს, თუმცა მხარდაჭერაზეც საუბრობს, რომელიც სკოლის მხრიდან ქონდა. თედოს თქმით, ბოლო წლებში სკოლებში დაიწყეს ამ პრობლემის წინააღმდე გარკვეული მექანიზმების ამოქმედება, თუმცა ბულინგის შემთხევვები მაინც არ მცირდება.

"სასურველი შედეგის მისაღწევად საზოგადოების სწორი ჩართულობაა აუცილებელი, რაც გულისხმობს მეტ ცოდნას ამ თემის ირგვლივ და მეტ ეფექტურ გამოყენებას პრაქტიკაში", - მიაჩნია თედოს.

თუმცა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ეფქტურობა ნაკლებად მოხდება საკითხის მასშტაბის გააზრების გარეშე. განათლების სამინისტრომ დიდი ხანი არ არის რაც ბულინგი პრობლემად სცნო. მანამდე მას „უწყინარ“ სასკოლო ყოვედღიურობად მიიჩნევდა, რომელიც სერიოზულ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.

ამიტომ "განათლების სამინისტროს დღემდე არა აქვს შესწავლილი თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ბულინგს, მათ შორის  - ფატალურიც", - აღნიშნავს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

პრობლემის არაღიარებამ შეაფერხა შედეგების გაზომვაც, რომელიც დასკვნების გასაკეთებლად და სწორი სამოქმედო გეგმის დასახვისთვის მნიშვნელოვან მონაცემად მიაჩნიათ სპეციალისტებს. მათი თქმით, განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლებში ბულინგის მიმართულებით წარმოებული სამუშაობი ნაკლებად ეფუძნება კონკრეტულ კვლევებს.

"მათი (სამინისტროს- რედ) ბულინგზე მუშაობა არ ეყრდნობა შედეგების გაზომვას. სკოლები ფრაგმენტულ ღონისძიებებს მიმართავენ, რაც საშუალებას გვართმევს გავზომოთ - ეს იყო მუშაობა, თუ იმის ჩვენება ,რომ ჩათვლა მიიღონ ამ კუთხით. საუკეთესო შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ გაიზომოს იმ კონკრეტულ მიკროსოციუმში რა სახის და ტიპის ბულინგია გავრცელებული. შემდეგ ჩატარდეს მუშაობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გაიზომოს მუშაობისშემდგომი მდგომარეობა, იმისთვის, რომ შევამოწმოთ ჰქონდა თუ არა შედეგი კონკრეტული მიმართულებით წარმოებულ აქტივობას. სხვა შემთხვევაში ჩაგვეთვლება, რომ საქმეს ვაკეთებთ  და არ გვეცოდინება რა ასახვა ჰპოვა ჩვენმა მუშაობამ", - მიაჩნია ანა არგანაშვილს.

იმერეთის განათლების რესურს-ცენტრში ბულინგის დაძლევის აუცილებლობას მიუთითებენ, თუმცა მხოლოდ ზოგად მექანიზმებზე საუბრობენ.
"ბულინგი ერთ- ერთი სერიოზული საკითხია. ამას ყურადღება ნაკლებად ეთმობოდა. თუმცა ბოლო ხანებში სკოლებში ჩამოყალიბებულია სისტემები, რომელიც ბულინგის შემთხვევებს გამორიცხავს. ეს არის კლასის ხელმძღვანელის მუშაობა, მანდატურის მუშაობა. თუკი დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა იქნება აღკვეთილი და ამის მიზეზები გამოკვლეული", - აღნიშნავს იმერეთის განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე.

მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაცია, რომლებიც წარმოადგენენ ბულინგის საკითხის მოგვარების მთავარ აქტორებს, შესაძლებელია თავად იქცნენ პრობლემის გაჩენის მიზეზებად. ამაზე მიუთითებს მშობელთა ნაწილი. მათი თქმით, მასწავლებლებს არა აქვთ გააზრებული თუ რა არის ბულინგი. მშობლები  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებულ კედელზე საუბრობენ, რომელიც მოსწავლე-მასწავლებელს შორის თანამშრომლობის საშუალებას არ იძლევა.

"მეტი ზრუნვა,მეტი თანამონაწილეობა,მეტი ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის - ამის დეფიციტია სკოლებში. მართალია ბევრი მოსწავლეა ჯგუფებში და ეს სირთულეს აჩენს , მაგრამ საშუალებები უნდა მოიძებნოს, რომ გაქრეს უხილავი კედელი მათ შორის", - აღნიშნავს 12 წლის სესილის დედა.

ბულინგის საკითხში მასწავლებლების  მიდგომების ნეგატიური როლის არსებობაზე საუბრობენ სპეციალისტები. ისინი ტიპიურ შეცდომად მიიჩნევენ ბულინგზე მუშაობისას მხოლოდ მოსწავლეებზე ვექტორის მიმართვას.

"ბავშვებს ასწავლიან, რომ ბულერები არ უნდა იყვნენ. არადა. ბულინგის ქცევის მოდელს აძლევენ უფროები, როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სკოლის კულტურას, ხომ არ არიან მასწავლებელები მოდელები ძალადობრივი ქცევისა?! ხომ არ ახალისებს ბულინგს, მაგალითად, ფავორიტიზმი?! რადგან ცნობილია, რომ ბულინგის ერთ- ერთი წამახალისებელი სწორედ ფავორიტიზმია. საკმარისია მასწავლებელმა თქვას რომელიმე მოსწავლეზე, რომ ის მისი ფავორიტია, ის ამ მოსწავლეს პირდაპირ სამიზნედ აქცევს დაბულინგებისთვის ამიტომ პირველ რიგში მასწავლებელმა უნდა გადახედონ თავად ხომ არ ახალისებენ ბულინგს საკუთარი ქცევით", - ამბობს ანა არგანაშვილი.

ბულინგს არც ახალისებს და არც აკავებს საქართველოს კანონი "ზოგადი განათლების შესახებ". კანონმდებლობაში ბულინგთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი არ არსებობს. იგი ერთიანდება ზოგადად ძალადობის ფორმებთან (ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე -13 და მე-20 მუხლები). ბულინგი ძალადობაა, მაგრამ როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მას გააჩნია სპეციალური მახასიათებლები, რომლებიც ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი. ძალადობის შემცირების კუთხით ზოგადი ჩანაწერები კანონში, სპეციალისტების თქმით, საკმარისი არ არის ბულინგის აღმოსაფხვრელად.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბულინგი



მსგავსი სიახლეები
დეზობარიერებით, თერმოსკრინინგითა და
დისტანციური აქტივობებით ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო
პროცესი პირველი მარტიდან განახლდება.
14:22 / 27.02.2021

დეზობარიერებით, თერმოსკრინინგითა და დისტანციური აქტივობებით ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან განახლდება.

დისტანცია, პირბადე, სანიტაიზერი
- გაკვეთილი ზარის გარეშე, დასვენება -
თამაშის გარეშე. ეს ის შეზღუდვებია, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით
სკოლებში დაწესდა.
16:07 / 20.02.2021
დისტანცია, პირბადე, სანიტაიზერი - გაკვეთილი ზარის გარეშე, დასვენება - თამაშის გარეშე. ეს ის შეზღუდვებია, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლებში დაწესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.