68 წლის გულნარა ხითარიშვილი ახალციხის სოფელ ვალედან ქუთაისში
კვირაში ერთხელ ჩამოდის. სოფლის პროდუქტები ჩამოაქვს და ბაზარში
ყიდის, ოჯახში საარსებო რომ მიიტანოს.
მისი პენსია იანვრიდან 35 ლარით გაიზარდა, პარლამენტარების ხელფასი კი
- 6 340 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ თანხით, რასაც ერთი დეპუტატი
იღებს თვეში ხელფასის სახით, საქართველოში რამდენიმე ადამიანს უწევს
არსებობა.
ქვეყანაში, სადაც ფასები, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე,
ყოველდღიურად იზრდება, ხელისუფლება პენსიონრებს ეუბნება, რომ თვეში
450 ლარით უნდა იცხოვრონ, მაშინ როცა საჯარო მოხელეებს თანამდებობრივ
სარგოებს 10%-ით უზრდის (ყოველწლიურად), დეპუტატებს კი 2,5-ჯერ.
ასეთია "ოცნების" სოციალური პოლიტიკა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა
უმეტესობაც, სხვადასხვა საჭიროებისთვის გაკეთებული სესხების გამო,
სრულ პენსიასაც ვერ იღებს.
მაგალითად, გულნარა ხითარიშვილს საპენსიო სესხი შვილიშვილის სწავლის
გადასახადის დასაფარად აქვს აღებული. ამის გარდა, ოჯახში სხვა
საჭიროებებიცაა, რის გამოც პენსიიდან აღარაფერი რჩება.
"2200 ლარი გამოვიტანე, წლების წინ და კიდევ 1200 მაქვს გადასახდელი.
ძირი არ იფარება, ყველაფერი პროცენტებში მიდის. მოგვიმატეს ახლა
პენსია, მაგრამ როცა წამლების, პროდუქტების ფასი იზრდება, აქეთ
კომუნალურებია გადასახდელი, ის 35 ლარი არაფერია. საჭმელში რომ არ
გვყოფნის, ამიტომ დავდივარ ამხელა გზიდან ქუთაისში 68 წლის ქალი.
გაჭირვების გამო ვზივართ აქ, ბაზარში, რომ ლუკმა-პური შევიტანოთ
სახლში. განუკითხაობაა ქვეყანაში, ჩვენზე არ ფიქრობენ, ჩვენით
მდიდრდებიან",- ამბობს ახალციხეში მცხოვრები პენსიონერი, რომელიც
ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების შეცვლაში ხედავს.
"მოსაშორებლები არიან, ჩვენ რომ გვეშველოს. არ გვინდა არცერთ
პენსიონერს მათი არაფერი, თვითონ დაიმატონ ეს 35 ლარი, იქნებ
გამდიდრნენ და დაგვანებონ თავი", - ამბობს გულნარა ხითარიშვილი.
მის მსგავსად, თავის გადასარჩენად, ბაზარშია გამოსული 82 წლის რამაზ
კირკიტაძეც. “სიცივე როცაა სამი კურტკა მაცვია” - გვეუბნება რამაზი,
რომელიც ოჯახში, ფინანსური ვალდებულებების გამო, თავს სახლში თბილად
დაჯდომის უფლებას არ აძლევს. იანვრიდან, მისი პენსიაც 450 ლარი გახდა,
“მაგრამ რაში მეყოფა?"- გვეკითხება ის.
“ფასები არ გაეძვირებინათ ყველაფერზე და არ დავეძებდით პენსიების
მომატებას, ახლა რაღა გამოდის. ესაა სამართლიანობა? რაში უნდა მეყოს
ეს ფული? 500 ლარამდე მაინც მინდა მედიკამენტებში, 15 თავი წამალი
მაქვს გამოწერილი. მოგვცა მთავრობამ წამლები, მაგრამ არაფერში
მადგება, არ მშველის და რაც მჭირდება, ის უფასო არაა. 83 წლის
გავხდები მარტში, მიჭირს ამ ხნის კაცს აქ დგომა, მაგრამ რა ვქნა?
შვილი უმუშევარი მყავს, შვილიშვილი უნივერსიტეტში სწავლობს. მთავრობა
კიდევ რომელი ყოფილა ხალხისთვის?",- ამბობს რამაზ კირკიტაძე.
პენსიონრები მიიჩნევენ, რომ მათთვის განკუთვნილი საპენსიო თანხა
მთავრობის წევრების ხელფასებთან შედარებით ზღვაში წვეთია. ამიტომ,
ხელისუფლების მიერ პენსიების მინიმალური რაოდენობით გაზრდას დაცივნად
აფასებენ.
"ნორმალური პენსია გვინდა. ფულის, ჩაცმის, დასვენების ყადრი თუ იციან
მაგათ, ჩვენც კი ვაზროვნებთ, მაგრამ 450 ლარით სადმე დავისვენოთ, თუ
რა ვჭამოთ ხვალ, იმაზე ვიფიქროთ? მტერი გვიძახის თუ მოყვარე, უნდა
მიხვიდე, ამას ფული სჭირდება, რამდენ რამეზე ვიმყოფინოთ ჩვენი
პენსია?",- გვეუბნება ქუთაისში მცხოვრები დარეჯან ხურციძე.
XXX
არის თუ არა საკმარისი დღეს არსებული პენსია და რამდენად ადეკვატურია
პარლამენტარების ხელფასებსა და პენსიის ზრდას შორის ასეთი დიდი
სხვაობა? - ამ კითხვებით ჩვენ ზაზა ლომინაძეს მივმართეთ, რომელიც X და
XI მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე და ამჟამად "ოცნების"დელეგატია ქუთაისში. ის,
ამავდროულად, კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ექიმის პროფესიით
წლების განმავლობაში მუშაობდა.
ზაზა ლომინაძე გვეუბნება, რომ დეპუტატების ხელფასები 2012 წლიდან არ
მომატებულა და დღეს 2,5-ჯერ იმიტომ გაიზარდა, რომ სახელმწიფოს სხვა
მოხელეების ანაზღაურებასთან შეფარდებაში მოსულიყო. რაც შეეხება
პენსიებს, დელეგატის განმარტებით, ბოლო 12 წელიწადში, პენსია საშუალოდ
4-ჯერ გაიზარდა.
"რაც "ქართული ოცნება" მოვიდა, ბოლო 4 წელია, ყველა სახელმწიფო
მოხელის ხელფასი იზრდება 10%-ით. ჩვენ გვქონდა მიღებული
გადაწყვეტილება, რომ დეპუტატების ხელფასი არ გაზრდილიყო, მაგრამ
აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ, ის ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ვთქვათ
საკრებულოს რიგითი წევრის. ამიტომ, გადაწყდა, მომხდარიყო იერარქიული
პროპორცია ქვეყანაში და ეს იერარქია გასწორდა ამ სახელფასო
ცვლილებით",- განმარტავს ზაზა ლომინაძე.
მისივე თქმით, დღეს საწყისი პენსია 350 ლარს შეადგენს. 70 წელს
გადაცილებულები 450 ლარს იღებენ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლები კი
- 540 ლარს. რაც შეეხება ვეტერანებსა და ძალოვანი უწყებების ყოფილ
თანამშრომლებს, მათი პენსია 560-დან 1000 ლარამდე გაიზარდა.
ზაზა ლომინაძის განმარტებით, იმის გამო, რომ საპენსიო ანაზღაურება ჯერ
კიდევ მწირია, სახელმწიფო პენსიონრებს ისეთ დამატებით პროგრამებს
სთავაზობს, როგორიცაა: საყოველთაო დაზღვევა, პირველადი ჯანდაცვის
რგოლში უფასო მომსახურება, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის
უფასო მედიკამენტები და სხვ.
"მთავარი პრინციპი, რაც ჩვენ შევძელით და შევიმუშავეთ, ეს არის
საპენსიო ინდექსაცია (როცა პენსია იზრდება ინფლაციის, ეკონომიკურ
ზრდასთან ერთად). ამდენად, დღეს, საპენსიო ზრდას არ სჭირდება
მთავრობის დადგენილება, პრეზიდენტის განკარგულება, ან პარლამენტის
გადაწყვეტილება, პირდაპირ არის ინდექსირებული",- ამბობს ზაზა
ლომინაძე.
კითხვაზე: რამდენად დაცულია ქვეყანაში სოციალური თანასწორობის
პრინციპი, ქუთაისის დელეგატი გვეუბნება, რომ სახელმწიფომ სწორედ
ამისთვის შეიმუშავა დაგროვებითი საპენსიო სქემა.
"5 მილიარდზე მეტი თანხაა უკვე მობილიზებული ამ ფონდში. ეს იქნება
სრული სოციალური თანასწორობა, როდესაც საპენსიო ასაკის მიღწევისას,
ჩვენი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით დაგროვილ პენსიას
მივიღებთ",- განმარტავს ლომინაძე.
XXX
ბუნდოვანი მომავლის პარალელურად, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით,
სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რეესტრში 690 000 ადამიანია
რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი
ქვეყანაში ყოველთვიურად იზრდება. თუმცა, ამას დღევანდელი
ხელისუფლებისთვის ხელი არ შეუშლია, პარლამენტარების ხელფასები
ათასობით ლარით გაეზარდა.
კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი, 2025 წლის იანვრიდან, 14
600 ლარი გახდა, მისი მოადგილის - 13 140 ლარი, მინისტრების ხელფასი
კი - 12 410 ლარი. მაშინ როცა მოწყვლადი ჯგუფების შემწეობა მიზერულად,
ან საერთოდ არ იზრდება. მაგალითად, ცვლილებები არ შეხებია დევნილთა
შემწეობას და ის ისევ 45 ლარს შეადგენს.
"სოციალურ სამართლიანობის ცენტრში", რომელიც ადამიანის უფლებებსა და
სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციაა,
განმარტავენ, რომ ასეთი კონტრასტული სხვაობა მაჩვენებელია იმისა, რომ
არსებულ მმართველებს მოსახლეობის საჭიროებები არ აინტერესებთ.
"ეს მონაცემები გვაჩვენებს იმას, რომ უთანასწორობა სხვადასხვა ფენას
შორის არის ძალიან დიდი, ამიტომ მოსახლეობაში, სხვადასხვა ჯგუფებში,
არის უსამართლობის შეგრძნება. იმის განცდა, რომ ხელისუფლებაში
არსებული პოლიტიკური პარტია არ ზრუნავს მათ საჭიროებებზე და
უგულებელყოფს მათ. ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა,
რომლებიც იღებენ საარსებო შემწეობას. ბევრია ისეთი ოჯახებიც, რომლებიც
არ იღებენ შემწეობას და იმყოფებიან უკიდურეს სიღარიბეში. შესაბამისად,
სიღარიბის მასშტაბი კიდევ უფრო დიდია",- განმარტავს "ქუთაისიპოსტთან"
საუბარში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ
ჯანიაშვილი.
მისივე თქმით, არიან ისეთი ჯგუფები, რომელთათვის გასაცემელი თანხა,
გაზრდილი სოციალური პაკეტის პირობებშიც კი, საარსებო მინიმუმზე (262
ლარი) ნაკლებია. მაგალითად, ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შშმ
პირების შემწეობა 190 ლარია. ამასთან, ჯანიაშვილის ინფორმაციით,
დღემდე, 16 წელს ზემოთ ადამიანებისთვის 30-დან 60 ლარამდეა საარსებო
შემწეობა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ დევნილებს კი სახელმწიფო
სთხოვს აირჩიოს, ან დევნილთა შემწეობის (45 ლარი), ანდა საარსებო
შემწეობის გასაცემელი (30-დან 60 ლარამდე).
"ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ათასობით ლარია ხელფასი
პარლამენტარების თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმადგენლების და
კიდევ მეტად იზრდება. ეს არის არა მხოლოდ იმის აღმნიშვნელი, რომ მათ
არ აინტერესებთ მოსახლეობის რეალური საჭიროებები და საკუთარ თავზე
არიან ორიენტირებულები, არამედ ეს არის მოსახლეობის დაცინვა, იმ
ადამიანების დაცინვა, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში. თან, წლების
განმავლობაში, სახელმწიფო მათ ეუბნება, რომ ეს მინიმალური გასაცემელიც
არის მისი კეთილი ნება, როცა პირდაპირი ვალდებულებაა",- აღნიშნავს
მარიამ ჯანიაშვილი.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მოვალეობაა ამ ადამიანების ასევე
სხვადასხვა სერვისით (საცხოვრებლით, საკვებით და ა.შ) უზრუნველყოფა,
თუმცა "ოცნება" ამ მიმართულებითაც პასიურია.
"როდესაც ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ტიპის
ადვოკატირება გაგვეწია ცენტრალურ, თუნდაც მუნიციპალურ
ხელისუფლებასთან, ძალიან ბევრ სოციალურ პროექტსა და პროგრამაზე, იყო
ასეთი პასუხები: გასაცემელი ვერ გაიზრდება, სერვისის შემოღება
გაჭიანურდება, ან არ დაინერგება იმის გამო, რომ ფიზიკურად თანხა არ
არის ბიუჯეტში, მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ თანხები არის, ოღონდ
კონკრეტული ადამიანების ხელფასების ზრდისთვის და არა ძალიან
მნიშვნელოვანი სერვისების დანერგვისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც
ბიუჯეტი სამართლიანად არ ნაწილდება, ეს, ჩვენს, ყველას კეთილდღეობაზე
აისახება",- განმარტავს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის"
იურისტი.
მარიამ ჯანიაშვილს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის დაძლევა
არალეგიტიმური მთავრობის პირობებში რთულად წარმოუდგენია, ვინაიდან
ცვლილებების ბერკეტი ხელში იმ ძალას აქვს, რომელიც საკუთარ თავზეა
ორიენტირებული. იურისტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის
უზრუნველყოფისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში ხალხის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ადამიანი და მისი
საჭიროებები დადგეს ყველაფრის ცენტრში, ევროკავშირში გაწევრიანება
არსებითია.
მასალის გამოყენების პირობები