ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.
დღეს ადგილზე ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს
უკავშირდება — იმ ადგილას, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დროებითი გზის
მოწყობა დაიწყო.

თუმცა მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია — სად და როგორ უნდა
გააგრძელონ ამ ადამიანებმა ცხოვრება. მოსახლეობის ნაწილი დღესაც
ნაქირავებ სახლებში რჩება, ხოლო სახელმწიფოსგან დაპირებული
დახმარებები და გრძელვადიანი გეგმები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
ამ ფონზე კიდევ ერთი დეტალიც გამოიკვეთა — დაახლოებით 10 ადამიანთან
დაკავშირების შემდეგ, მხოლოდ ორმა ისურვა საკუთარი ისტორიის
გაზიარება, დანარჩენებმა კი დუმილი ამჯობინეს.
საკითხზე კითხვებით როგორც ტყიბულის მერიას, ასევე იმერეთის
სამხარეო ადმინისტრაციასაც მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხები არ
მიგვიღია.
ამ დუმილსა და გაურკვევლობაში რჩება კურსები — სოფელი, სადაც ცხოვრება თითქოს გაჩერდა, თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები ჯერ კიდევ დღის წესრიგშია. ყოველშემთხვევაში ასე უნდა იყოს.
ლევანი
მახვილაძეების ექვსსულიან ოჯახსაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.
ახლა სოფელ გელათში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ და ყოველდღე
გაურკვევლობას ებრძვიან.
სტიქიის შემდეგ ორი კვირა ქუთაისის ერთ-ერთ სასტუმროში გაატარეს,
თუმცა სოფლის საქმეებმა უკან დააბრუნა — ცხოველები ჰყავდათ, მიწა
ჰქონდათ და იქ დაბრუნება ამჯობინეს. ახლა ყოველთვიურ ქირას სახელმწიფო
უხდის, მაგრამ ეს დახმარება 23 სექტემბრამდეა გარანტირებული. რა
იქნება მერე — არავინ იცის.

ლევან მახვილაძის სახლი
„სოფელი ვარჩიე, თხა და წვრილფეხა პირუტყვი მყავს, ქალაქში რა უნდა
მექნა… სექტემბრის შემდეგ რა იქნება, მაგაზე ნერვები გვაქვს მოშლილი.
არავინ არაფერს გვეუბნება — არც კარგს, არც ცუდს“, — გვეუბნება
ლევანი.
მისი სახლი ავარიულია. იქ ცხოვრება აღარ შეიძლება. სახლიდან მხოლოდ
აუცილებელი ნივთების გამოტანა მოახერხეს. ახლა კი იმაზე ფიქრობს, რა
ელის მომავალში — პასუხის გარეშე დარჩენილი კითხვებით.
რამდენიმე კვირის წინ მთავრობის წარმომადგენლებიც
ნახა.
კონკრეტული ვერაფერი გაიგო, პასუხები ისევ ღიად დარჩა.
არსებულ 30 000-ლარიან კომპენსაციაზე ლევანი ამბობს,
რომ ამ თანხას არ აიღებს.
„მე მათხოვარი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. იმ
ფულით არაფერი კეთდება. 30 ათასი ლარის ღირებულების მარტო ღობე
მქონდა გაკეთებული. ჰექტარი მიწა მქონდა, საქონელი,
ქათმები… ყველაფერი დავკარგე. სამი შვილი მყავს, ოჯახი… და ახლა
აღარაფერი დამრჩა.“
მისი სიტყვები ბრაზსა და ტკივილს ერთდროულად
ატარებს — იმ ადამიანისას, ვინც ერთ დღეში დაკარგა ყველაფერი, რასაც
მთელი ცხოვრება აშენებდა.
ლევანმა იცის, რომ საკუთარ სახლში დაბრუნება აღარ შეუძლია, მაგრამ
ისიც ცხადია — მას ახალი სახლი სჭირდება, თუმცა ჯერ არ იცის როგორ ან
რა გზით მოხდება ეს. მისი თქმით, იანვარში მამა გარდაიცვალა, ხოლო
მეწყერმა მამის საფლავიც წაიღო, რაც მისთვის დამატებით მძიმე
ტკივილია. ლევანს ჰყავს პენსიონერი დედა და დიასახლისი მეუღლე — ოჯახი
სრულად მის კისერზეა და ახლა გაურკვევლობაში უწევს
ცხოვრება.
რევაზი
80 წლის რევაზ ჩიკვილაძე ახლა სოფელ გელათში, მაღაროს
დასახლებაში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს.
ის ამბობს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, ამ ასაკში საკუთარი სახლიდან
წასვლა და სხვის, ნაქირავებ სახლში ცხოვრება თუ მოუწევდა.

რევაზ ჩიკვლაძე
„ჭკუაზე როგორ ვარ, ისიც მიკვირს ხანდახან, მაგრამ მეზობლები
მეხმარებიან. იმ ღამეს ადრე დავწექი, რადგან დენი არ იყო. დილის ხუთის
ნახევარზე მეზობლებმა გამაღვიძეს — რა გაძინებს, დაიქცა ქვეყანააო“, —
ჰყვება რევაზი და სიტყვებს შორის ჩუმად ებჯინება ემოცია. თვალები
უცრემლიანდება, ხმა უწყვეტდება.
მისი ორსართულიანი სახლი ახლა მხოლოდ მოგონებად დარჩა. 1968 წლიდან იქ
ცხოვრობდა, იქ დატოვა თავისი ცხოვრება, ახალგაზრდობა, ყველაფერი რაც
უყვარდა. ახლა კი მეზობელ სოფელში, ნაქირავებ, პატარა სახლში უწევს
ცხოვრება.
ამბობს, რომ მუდმივად თვალი თავისი სახლისკენ მიმავალ სახლისკენ გზისკენ უჭირავს.
###
12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა.
ოცამდე სახლი დაინგრა, თხუთმეტი კი ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
დაზიანდა სოფლის სასაფლაო, გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და
კომუნიკაციები. საბოლოოდ, 58 ოჯახს საკუთარი სახლის დატოვება
მოუწია.
დაზიანდა ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის გზა, რომელიც რეგიონს
ერთმანეთთან აკავშირებდა. გზა ფაქტობრივად ჩაიკეტა — გაჩნდა ღრმა
ბზარები და გადაადგილება აიკრძალა.
დღეს ადგილზე დროებითი გზა კეთდება, რომ გადაადგილება ნაწილობრივ
აღდგეს. პარალელურად იგეგმება ახალი, გრძელვადიანი პროექტიც, თუმცა
მოსახლეობისთვის ყველაზე მძიმე მაინც გაურკვევლობაა — სად და როგორ
გააგრძელებენ ცხოვრებას.
კურსებში ახლა ცხოვრება თითქოს გაჩერებულია. გზაც შეცვლილია, სახლებიც
აღარ არსებობს, მაგრამ ყველაზე მძიმე მაინც ის არის, რომ ადამიანებს
საკუთარი მომავლის წარმოდგენაც კი უჭირთ.



მასალის გამოყენების პირობები