საზოგადოება
გარემოს სინოპტიკური ადაპტაცია შშმ პირებისთვის
FaceBook
ლუკა ნინის კლასელია, ნინი ჩემი შვილია, ისინი მეორეკლასელები არიან. ჩემი სახლი სკოლასთან ახლოს არის, მაგრამ უკვე მეორე წელია დილით ადგომა ძალიან გვიჭირს. სახლიდან სულ თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ, ზოგჯერ სკოლისკენ მიმავალ კიბეზე გვესმის ზარის ხმა და სპორტული აქტივობა - სირბილი სწრაფად, უკვე ჩატარებული გვაქვს სკოლაში მისვლამდე. ლუკა კი, სულ სკოლაში გვხდება.

ის უკვე ზის კლასში, ელენიკოსთან მარისთან, საბასთან და კიდევ 25 ბავშვთან ერთად და მოწესრიგებულად ელოდება გაკვეთილის დაწყებას.



ლუკა მაშინაც ზის მერხთან, როცა დასვენებაა, მისთვის კლასის დამრიგებელს განსაკუთრებული სასწავლო გეგმაც აქვს დაწერილი.

"ჩვენ ხშირად ვმუშაობთ ჯგუფურად, ამ შემთხვევაში ყოველთვის ლუკას მერხის გარშემო ვსხდებით, ის ერთვება მუშაობაში, ის კარგად კითხულობს, ძალიან კონტაქტურია, კითხვაზე სწორად სცემს პასუხს, წერას ვერ ახერხებს, თუმცა,  შეიძლება ვთქვათ, ლუკას მხოლოდ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, მშობლები მის განათლებაში თანაბრად არიან ჩართულნი, ლუკა რომ ასეთი კარგი აღზრდილია ოჯახის დამსახურებაა",  - გვიყვება კლასის დამრიგებელილალი გედენიძე.

მშობლები გაკვეთილების დასრულებამდე სკოლაში ელოდებიან შვილს, სასწავლო საათების დასრულების შემდეგ, საკლასო ოთახის კუთხეში მდგარ ეტლში გადასვამენ და გარეთ გასასვლელად ამზადებენ. ეტლის ბორბლები კლასის კარების ჩარჩოს ზღურბლის დაბრკოლებას ერევა, მკვეთრი მოძრაობის დისკომფორტი ლუკას თვალებში ერთი შეხედვითაც შესამჩნევია.

საკლასო ოთახი პირველ სართულზეა, თუმცა, დერეფანში გამოსული, კიდევ ერთი (გასავლელი) კარის დაბრკოლების დაძლევის მოლოდინშია, ბარიერის ხარისხი უფრო იმატებს, როცა ის კიბის ზღურბლზე დგება ეტლით. პანდუსი, რომელიც ამ სკოლას აქვს ფეხით მოსიარულე ბავშებისთვისაც კი სახიფათო გასართობია, რადგან პანდუსის დახრის რადიუსით თუ ვიმსჯელებთ, ეტლით მოსიარულესთვის ამ პანდუსით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

"ერთხელი ისე გავმწარდი, ისიც კი ვიფიქრე დირექტორთან ავალ და ვეტყვი "მიდით და ამ პანდუსით თქვენ სცადეთ და ჩაიყვანეთ ეტლითქო", ჩემს მეუღლეს ხელში აყვანილი ჩაჰყავს ლუკა კიბეებზე და მერე ვსვამთ ეტლში, ასე მეორდება ყოველი დღე აქ",  - გვიყვება ლუკას დედა.


სკოლაში არსებული პანდუსი

წყალტუბოში ეროვნული გმირის - მამუკა სამაკაშვილის სახელობის #2 საჯარო სკოლა 1963 წელსაა აშენებული და როგორც ყველა საბჭოთა სკოლა, ვიზუალურად ესეც შთამბეჭდავია - ორი კორპუსით, ფლიგელებით, ფართო დერეფნებით, სამი სართულით, სპორტ-დარბაზით და ა.შ. სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე ამბობს, რომ საბჭოთა სკოლებში "ჯანსაღი მომავლის" იმიჯით შეფუთული დიადი ქვეყანა შშმ პირს სკოლა-ინტერნატებში ასწავლიდა.

ამიტომ სკოლებში ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული გარემო არ იყო სავალდებულო. ჩვენს სკოლაში ამჟამად, 4 ბავშვი გვყავს ეტლით მოსარგებლე და არ გვაქვს სრულყოფილი ადაპტირეული გარემო.

პანდუსები (წინა და უკანა მხარეს) 2006 წელს არის გაკეთებული მაშინდელი დირექციის მიერ, მაგრამ ამ პანდუსით სარგებლობა შეუძლებელია, სულ ბოლო წერილი ორი დღის წინ გავაგზავნეთ ახლადდანიშნულ განათლების მინისტრის სახელზე, იმედია ამჯერად მაინც მოგვცმენ უფლებას ჩვენი ძალებით გავაკეთოთ პანდუსები, სველი წერტილები.

"ეს ბავშვები, რომ მაღალ კლასებში გადავლენ, ზედა სართულზეა მაღალი კლასები განთავსებული და დილემის წინაშე ვდგავართ: - შიდა კიბეზე პანდუსის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ძალიან ვიწროა, სველი წერტილები პირველ სართულზეც არ გვაქვს, (ასეა დაპროექტებული), შენობის კონფიგურაციის დარღვების უფლება არ გვაქვს, იქნებ სამინისტომ ლიფტის დამონტაჟება დაგვიფინანსოს, ან სხვა საშულება გამოვნახოთ რომ კორპუსებს შორის სართულებზე გადაადგილება ეტლით შესაძლებელი გახდეს. ჩვენი სკოლა მხოლოდ 6%-ია შშმ მოსწავლეებისთვის ადაპტირებული", - აღნიშნავს სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე.

როგორც წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოვკითხეთ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ არის შშმ პირებისთვის 100%-ით ადაპტირებული სკოლა. სამაგიეროდ, ყველა სკოლაშია რესურს ოთახი, სადაც შშმ ბავშვებისთვის სპეციალური აქტივობები ხორციელდება.

მათ შორის მე-2 საჯარო სკოლაშიც, თუმცა როგორც ლუკას დედა გვიყვება მისი შვილი, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რესურს ოთახში ყოფნას გადაღლილობის გამო ვეღარ ახერხებს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ წელს შშმ პირების ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის თანხის გაზრდას გეგმავდნენ, მაგრამ ვერ მოხერხდა.

"როცა დაიწყება პროცესი შეუჩერებლად უნდა გაგრძლედეს, რაც გარკვეულ ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ახალი, რაც კი შენდება, ყველა ობიექტი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის, მთავარია, რომ აღარ ხდება ამ პრობლემის მქონე ბავშვების დამალვა და ჩაკეტვა, რაც აქამდე ძალზე ხშირი იყო," - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

საქართველოს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ, რომელიც 1997 წლის 16 ოქტომბერს მიიღო პარლამენტმა, ვკითხულობთ :

"დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს", – ეს ამონარიდი კანონის მე-8 მუხლია, - რამდენად ხდება ამ მუხლის გათვალიწინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში?

ამ კითხვით მუნიციპალიტეტის (აქამდე გამგეობის) ამჟამად მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითებზე მომუშავე საჭოს თავმჯდომარეს - რევაზ მესხს მივმართეთ, მისი თქმით, მუნიციპალიტეტში, ახალი სამშენებლო ნორმების აღსრულების ზედამხედველობას ახორციელებს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობს სამსახური.

"დასრულებულია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ათი ფართომასშტაბიანი პროექტი, მოეწყო პანდუსები ბალნეოპარკის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ გზებსა და ტროტუარებზე, პანდუსი აქვს რეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზ "ივერიას", მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებს, სპორტის სასახლეს, ასევე პანდუსები გაკეთებულია რებილიტირებულ და ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში, ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად რიგი უბნები აღჭურვილია პანდუსებით, ხოლო დანარჩენებს საჭიროების შემთხვევაში მიეწოდებათ დროებითი პანდუსი, რაც შეეხება სკოლებს, ახლანდელი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება სკოლაში აწარმოოს ინფრასტრუატურული სამუშაოები" , - განმარტა მერის მოადგილემ რევაზ მესხმა.

პარკის ტერიტორია, და დასახელებული ობიექტები მართლაც ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლისთვის, (თუმცა ქალაქში არ არის ხმოვანი შუქნიშნები უსინათლოებისთვის).

ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეტლით მოსარგებლე ლუკასთვის ადაპტირებული გარემო სკოლის გარეთ მაინც უნდა იყოს წყალტუბოში. ლუკას სახლამდე 1კმ-დე გზის გავლა უწევს, ქუჩა, სადაც ლუკა ცხოვრობს, გუმბრის თემის შემადგენლია. თუმცა, ტერიტოირულად ქალაქს ესაზღვრება, ამ გზაზე უამინდობის დროს გავლა ეტლით მოსარგებლისთვის კი არა, ფეხით მოსიარულესთვისაც მაღალყელიანი ბოტების გარეშე წარმოუდგენელია. 


ლუკას სახლიდან სკოლამდე მისასვლელი გზა

"ისეთი გუბეები დგება უამინდობის დროს ფიზიკურად ვერ გაგვყავს გზამდე ლუკა რომ სკოლაში წავიყვანოთ, ამიტომ სიცივეში და წვიმაში ლუკა სახლშია",  - გვიყვება ლუკას მამა.

ლუკას ოჯახს საკუთარი თავშესაფარი არ აქვს, როგორც ლუკას დედა ამბობს, ძმის სახლში ცხოვრობს, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მამის მიერ "ხელზე მუშად" აღებული ცოტაოდენი თანხა და ბავშვის პენსია - 180 ლარია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ასევე, წელიწადში ერთხელ - ეხმარება 500 ლარით, თუმცა, ბინის ქირისთვის ეს თანხა ოჯახს არ ყოფნის.

" დედაჩემი ორივე თვალით დაბრამვდა, დიაბეტი აქვს, მამასაც ცალ თვალში უჭირს, მოხუცები არიან ჩემი მშობლები, მათი მოვლაც მიწევს, ჩემი ოჯახის მდგომარეობის სათქმელადაც არ მაქვს დრო რომ წყალტუბოს მერთან მივიდე. ლუკას კიდევ სჭირდება ძვირადღირებული ოპერაცია, მასაჟებს მე ვუკეთებ ხოლმე უსახსრობის გამო. თქვენი დაინტერესების შემდეგ იმედია დამეხმარებიან," - გვიყვება ლუკას დედა.

ლუკასთან ჩვენი სტუმრობა უამინდობას დაემთხვა, ის სკამზე დამჯდარი დაგვხვდა და მუსიკას უსმენდა, ნინის დანახვაზე თვალები სიხარულით ციმციმებით აევსო. მაშინვე ითხოვა კლასელის გვერდით ყოფნა და მუსიკის ერთად მოსმენა. ბავშვებმა მუსიკის მოსასმენად ჩემი ტელეფონი "მოიპარეს", (რაც, რა თქმა უნდა, არ გამიპროტესტებია), დედამ გვითხრა რომ ლუკას დაბადებიდან 4 მძიმე ოპერაციის გაკეთება მოუხდა.

"ტკივილის და სტრესის გადატანა ბავშვმა მუსიკით მოახერხა. სახლში სულ მუსიკას უსმენს, კარგად მღერის, მინდა სიმღერაზე ვატარო, მაგრამ რამდენად შევძლებ არ ვიცი, ჩემთვის პირველ რიგში მთავარია ლუკამ გაიაროს - (მუცლად ყოფნისას ვიცოდი რომ ბავშვი ცერებრალური პრობლემით იყო, მაგრამ ლუკა ჩემთვის ყველაფერია), " - ამბობს დედა. დედისგან გავიგეთ ისიც რომ ოჯახი ორი წლის წინ გადმოვიდა წყალტუბოში, რადგან კასპის რაიონში, სადაც მანამდე ცხოვრობდნენ, არაქართული მოსახლეობა იყო და ლუკა, ყველა ბარიერის გამო, (მათ შორის ენის ბარიერიც) სულ სახლში იყო ჩაკეტილი.

"იმ წელიწადს წყალტუბოში ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა და ლუკა ამ ცენტრის ბენეფიციარი გახდა.

"ცენტრმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ლუკას რომ საზოგადოებაში ადაპტირება გაევლო. ახლაც უყვარს იქაურობა, ძალიან თბილი გარემოა, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს გვინდა სკოლაში, სრულფასოვან ბავშვებთან ერთად ისწავლოს ლუკამ, ეს მისი არჩევანიც იყო, ძალიან უყვარს სკოლა",  - გვიყვება დედა.

წყალტუბოში 2005 წლის სექტემბრიდან შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ინკლუზიური ცენტრი ფუნქციონირებს და დღემდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ცენტრში ამჟამად, 18 წლამდე 20 ბენეფიციარი სწავლობს. ამ პროექტისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, (უკვე მერია), ყოველწლიურად 120 000 ლარზე მეტს ხარჯავს. მაგრამ ლუკა განათლების უკეთ მიღების გამო აქ აღარ სწავლობს, მას სახლში აღარ აკითხავს სპეც-მანქანა, რომელიც აღჭურვილია ეტლის ასავლელით, არც მუნიციპალური ტრანსპორტია ქალაქში მითუმეტეს - ადაპტირებული.

ხვალ საქართველოში მზიან დღეს ვარაუდობენ ამინდის სინოპტიკოსები, " ხვალ კარგი ამინდია და ლუკა მოვა სკოლაში," მეუბნება ნინი ძილის წინ... ლუკასთვის ადაპტირებული მხოლოდ მზე ანათებს, მზის მოლოდინში იძინებს ლუკაც.

ავტორი:  სოფიკო ყანჩაველი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ღია ტიპის კაფეების შემდეგ,
მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც.
8 ივნისიდან
მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს
რეკომენდაციების დაცვით.
10:10 / 02.06.2020
ღია ტიპის კაფეების შემდეგ, მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც. 8 ივნისიდან მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.
ქუთაისში უძველესი
სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს.
თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან
გვიან გავიგოთ.
11:03 / 30.05.2020

ქუთაისში უძველესი სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს. თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან გვიან გავიგოთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.