საზოგადოება
ქუთაისის სტრატეგიული განვითარება გეგმის გარეშე
FaceBook
ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით, 2021 წელს ქალაქი დასავლეთ საქართველოს ლიდერი უნდა გახდეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ამბიციური გეგმა ქალაქს, თითქმის ყველა სფეროში, წამყვან როლს აკისრებს.

"2021"–ის მიხედვით, დასახულ მიზნებს ქალაქმა ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში უნდა მიაღწიოს, თუმცა, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო თანხები და ინფრასტრუქტურული პროექტები მერიას დათვლილი არ აქვს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის თქმით, იმის გამოთვლა, რომელ წელს გეგმის რამდენი პროცენტი უნდა შესრულდეს, არასერიოზულია.

"არასერიოზულია ახლა მე რომ ვთქვა, გეგმის 10% შესრულდება წელს. ეს არ არის გათვლილი და არც უნდა იყოს", - ამბობს პაატა კლდიაშვილი.

მისივე თქმით, ასევე შუძლებელია სტრატეგიული გეგმით გაწერილი პროექტებისთვის საჭირო თანხის ზუსტი რაოდენობის გამოთვლა, რადგან ფინანსების ნაწილი ადგილობრივი, ხოლო ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს. თითოეული პროექტის განხორციელება კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება შეთანხმებული.

"კონკრეტული ციფრები არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ. ეს ნორმალურია. ჩვენ შევთანხმდით რა სტრატეგიული პროექტები უნდა განვახორციელოთ ქუთაისისთვის და ამისთვის ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი რა თანხას გამოყოფს, ან როგორი იქნება თანამონაწილეობა, ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეთანხმდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან", - აცხადებს პაატა კლდიაშვილი.

"საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ სავალდებულო არ არის გეგმის მიხედვით შესასრულებელი პროექტებისთვის საჭირო ყველა თანხის ბიუჯეტში ასახვა, თუმცა თითოეული პროექტის ხარჯთაღრიცხვა და მათი საერთო ღირებულების განსაზღვრა აუცილებელია.

"რა თქმა უნდა, აუცილებელია ყველა პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ჯამური ღირებულების განსაზღვრა, თუმცა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ხარჯის ბიუჯეტზე მიბმა აუცილებელი არ არის, რადგან შესაძლებელია გარკვეული პროექტები კერძო ინვესტორების თანამონაწილეობითაც განხორციელდეს",- ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ეკონომისტი, ლევან ოყრეშიძე.

მისივე თქმით, აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა შესაძლებელია, გეგმაში გაწერილი პროექტების შესრულების პროცენტული განაწილება წლების მიხედვით.

ადგილობრივ თვითმმართველობაში არც იმას  აკონკრეტებენ, როგორი იქნება ქუთაისი 2021 წელს და რა იქნება მისი ყველაზე ძლიერი მხარე. პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ ყველაფერზე პასუხი სტრატეგიული განვითარების გეგმაშია.  გეგმაში კი არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა დადებითი ეფექტი უნდა მოახდინოს ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ცენტრად გადაქცევამ საერთო სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, მაშინ, როცა პროექტის ყველა ქვეპუნქტში სუსტ მხარედ სწორედ  უმუშევარობის მაღალი მაჩვენებელი სახელდება.

ქუთაისის განვითარების საშუალო-ვადიანი გეგმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წელს შეიმუშავა. თავდაპირველად გეგმა 7 ძირითად მიმართულებას მოიცავდა. მას მაშინ ადგილობრივთა კრიტიკა მოყვა. ნაწილმა "ქუთაისი 2020" -ს  "შვიდპუნქტიანი სადღეგრძელო" უწოდა.

არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილი აქცენტს გეგმის შინაარსობრივ მხარეზე აკეთებდა და აცხადებდა, რომ სტრატეგიაში ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი, მოხსენიებული არ იყო, რაც გეგმის მთავარ ნაკლს წარმოადგენდა.

"დოკუმენტი არის მხოლოდ კეთილი სურვილები, სადაც ჩანს მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი სურვილი, რომ ქალაქს დაუკარგონ საპარლამენტო ფუნქცია, რაც კონსტიტუციის იგნორირებაა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და სხვა არაფერი," - აცხადებდა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან", ამირან ძოწენიძე.

მოგვიანებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გეგმის განხორციელების ვადები შეცვალა და პროექტები 2021 წელზე გათვალა, თუმცა, ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ გეგმაში ასახული ყველა პროექტი კონკრეტულ ვადებში ვერ შესრულდებოდა.

საბოლოოდ, სტრატეგიული განვითარების გეგმის კორექტირებული ვერსია "ქუთაისი 2021"–ის სახელწოდებით და 10 მთავარი პუნქტით საკრებულომ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დაამტკიცა.

"ქუთაისი ამაყი და აქტიური მაცხოვრებლებით" – ეს ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის 10 ძირითადი პუნქტიდან ერთ–ერთია. მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ ამ მიზანს ქალაქი უახლოეს 5 წელიწადში მიაღწევს.

გეგმის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.