ახალი ამბები
შვიდჯერ გადავადებული ხელშეკრულება და „ტორპედო“ სტანდარტებს მიღმა
FaceBook

ქუთაისის მერიამ „ტორპედოს“ გასხვისების საკითხი გადაწყვეტილად გამოაცხადა.


კლუბი იტალიელ ინვესტორთა ჯგუფმა, ფაბრიციო მანინოს ხელმძღვანელობით უკვე გადაიბარა, თუმცა,  პრობლემად რჩება მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც მაღალი დონის მატჩების ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა. „ტორპედოს“ არც სტადიონი და არც ადმინისტრაციული შენობა უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს არ შეესაბამება.


უეფას მოთხოვნებთან ადაპტირების პირველი ეტაპი საკუთარ თავზე ქუთაისის მერიამ, როგორც შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ მეპატრონემ  აიღო და პროექტის შედგენაზე ტენდერი გასული წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება,  30 000 ლარად,  ხობში რეგისტრირებულმა  შპს-მ,  „კოლოსმა“  აიღო.  2019 წლის 4 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები ორ თვეში, გასული წლის 3 ივნისს უნდა დაესრულებია, თუმცა, რეკონსტრუქციის პროექტი ათი თვის შემდეგაც არ არსებობს. შპს „კოლოსს“ ქუთაისის მერიამ სამუშაოების ვადა შვიდჯერ გაუხანგრძლივა. ამ ხნის განმავლობაში მას  არც ჯარიმა  დაკისრებია და მერიას მისთვის  ხელშეკრულების გაწყვეტაზეც არ უფიქრია. პირიქით, ყოველ ჯერზე დროს უზრდის.


როგორ მოახერხა კომპანიამ  ორ თვეში შესასრულებელი სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადის ერთ წლამდე გაზრდა, თან ისე, რომ ჯარიმა არც ერთხელ დაკისრებია,  ნახეთ ქრონოლოგია:


ცვლილება #1

შპს „კოლოსის“ დირექტორმა, მალხაზ ქირიამ,  ვადის გახანგრძლივების თხოვნით, ქუთაისის მერიას პირველად  5 ივნისს მიმართა და დამატებით  ერთი თვე ითხოვა, რასაც მერია დაეთანხმა და დრო 28 ივლისამდე გაუზარდა.

ცვლილება #2

სამი თვის გასვლის შემდეგ,  აღმოჩნდა, რომ ქირიამ სამუშაოები დამატებულ დროში ვერ მოასწრო და პროექტის შესადგენად კიდევ ერთი თვე სჭირდებოდა. მერია ამ მოთხოვნასაც დაეთანხმა. პროექტის ჩაბარების ბოლო  ვადად კი 28 აგვისტო განსაზღვრა.

ცვლილება #3

ორის ნაცვლად ოთხი თვის  გასვლის შემდეგაც,   ქირია ქუთაისის მერიას იგივე თხოვნით მიმართავს და ამჯერად,  დამატებით ორ თვეს ითხოვს. მერია ვადის გადაწევაზე კვლავ თანხმობას აცხადებს დ ხელშეკრულებაში ცვლილება მესამედ შეაქვს.

ცვლილება #4

როგორც გაირკვა, შპს „კოლოსს“ არც ეს დრო ეყო და ექვსი თვის გასვლის შემდეგაც განაცხადა, რომ დამატებითი დრო სჭირდებოდა. ორმხრივი შეთანხმებით, კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად დრო კიდევ ერთი თვით, 13 ნოემბრამდე მიეცა.

ცვლილება #5

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ქირიას კომპანიას პროექტი არც  მეშვიდე თვის თავზე ჰქონდა მზად და მერიას კიდევ ერთხელ, ამჯერად, მეხუთედ მიმართა იგივე თხოვნით. მერიამ კი კომპანიას, რომელმაც ორ თვეში შესასრულებელი სამუშაოები შვიდ თვეშიც ვერ განახორციელა, კიდევ ერთი შანსი მისცა და დრო ორი თვით, 2020 წლის 13 იანვრამდე გადაუწია.

ცვლილება#6

შპს „კოლოსმა“ პირობა ვერც იანვარში შეასრულა და სამუშაოების გადავადება მეექვსედ, კიდევ ერთი თვით, 13 თებერვლამდე ითხოვა. მერიას არც ამჯერად უთქვამს კომპანიისთვის უარი.

ცლილება #7

ჯერჯერობით, ბოლოჯერ და უკვე მეშვიდედ,  ზურაბ ქირიამ კვლავ ითხოვა დამატებითი დრო და ვადის კიდევ ორი თვით, 13 აპრილამდე  გახანგრძლივება. მერიამ, რა თქმა უნდა, ეს თხოვნაც დააკმაყოფილა და  ხელშეკრულებაში რიგით მეშვიდე ცვლილება შეიტანა.



შპს "კოლოსთან" გაფორმებული ხელშეკრულება:





ხელშეკრულებაში შეტანილი,  ჯერჯერობით, ბოლო, მეშვიდე ცვლილება:


ახლა 13 აპრილი სწორედ ის ვადაა, როცა  შპს „კოლოსმა“ „ტორპედოს“  მოედნისა და ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის პროექტი უნდა მოამზადოს. თუ კომპანია ამჯერად მაინც ჩაეტევა დროში, რის იმედსაც მისი სახელშეკრულებო ისტორია ნაკლებად იძლევა, გამოდის, რომ  ის სამუშაოებს ორი თვის ნაცვლად ზუსტად ერთ წელს მოანდომებს, რაზეც მერიას რეაგირება არ აქვს. პირიქით, კომპანიას ამართლებს და ამბობს, რომ მას ვადის გაჭიანურების გონივრული მიზეზები აქვს.


„მას აქვს გონივრული მიზეზი, რის გამოც არ ერიცხება ჯარიმა. აქ არ არის ვადა და პროექტის შეთანხმება ხდება უეფასთან, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად“, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

ფეხბურის ფედერაციასთან გვამისამართებს  კომპანიაც. შპს „კოლოსის“ დირექტორი ზურაბ ქირია ამბობს, რომ პროექტში  ფედერაციის მითითებით რამდენიმე შესწორება შევიდა, რის გამოც პროცესი გაჭიანურდა.


„ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეათანხმოს უეფასთან და როცა მოვა დასტური, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, იქნება მზად. პრობლემა შეიქმნა, მაგალითად ლიფტის მოწყობაზე, ეს არის 1957 წელს აშენებული შენობა და ვერანაირ პარამეტრს ვერ აკმაყოფილებს. ამ პროექტის გაკეთება მის ღირებულებაზე უფრო ძვირი მიჯდება, მაგრამ ქუთაისი მიყვარს და მიღირს“,- ამბობს ზურაბ ქირია.


პროექტის ვადის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ ფეხბურთის ფედერაციაში და განმარტავენ, რომ პროცესში მხოლოდ კონსულტაციის დონეზე არიან ჩართული.


„ეს სრულად არის მერიის პრეროგატივა. ჩვენი ლიცენზირებისა და მონიტორინგის სამსახური მხოლოდ კონსულტაციის დონეზე არის ჩართული ამ პროცესში. მათ პროექტზე მუშაობის დასაწყისში გაეწიათ გარკვეული კონსულტაცია, ხოლო,  რაც შეეხება პროექტის უეფას კატეგორიასთან შესაბამისობას, ეს არის სტანდარტული მოთხოვნები, რაც ცალკე კონსულტირებას არ საჭიროებს. ფეხბურთის ფედერაციამ „ტორპედოს“ მოედანზე საკუთარი სახსრებით უკვე შეცვალა მინდვრის საფარი, დანარჩენი ჩვენი პრეროგატივა არ არის“,-აცხადებენ ფედერაციაში.

როგორი უნდა იყოს კლუბის ინფრასტრუქტურა რეაბლიტაციის შემდეგ?


პროექტის მიხედვით, 11 800 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოეწყოს სამთავრობო (VIP)  და პრეს ლოჟა, საკომენტატორო და პრესკონფერენციის ოთახები. რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ტრიბუნებზე ასასვლელ კიბეებს, სარბენ ბილიკს, ელექტრო ტაბლოს, გადაიღებოს ან შეიცვალოს მაყურებელთა სკამები, გადაიხუროს ფეხბურთელთა და მსაჯთა მოედანზე გამოსასვლელი დერეფანი, დამონტაჟდეს მაღალი ხარისხის განათება და ტერიტორია აღიჭურვოს სათვალთვალო კამერებით.  რაც შეეხება შენობას, პროექტის მიხედვით სრულად უნდა გარემონტდეს გასახდელები, მსაჯთა და ექიმის კაბინეტები, სველი წერტილები, მოწესრიგდეს სხვა არსებული ინფრასტრუქტურა. კლუბის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს 150 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.


ქუთაისის მერიას,  გარდა იმისა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც არ აქვს პროექტი, ვერც შემდგომი სამუშაოების დაფინანსების შესახებ შეკითხვას პასუხობს.   შპს „კოლოსის“ დირექტორის თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება უკვე აჭარბებს ოთხს მილიონ ლარს. სად მოიძიებს ამ თანხას ადგილობრივი თვითმმრთველობა, უცნობია.  ქუთაისის მერიაში გვითხრეს, რომ ამის გასარკვევად წერილობით უნდა მივმართოთ.


„ტორპედოს“ ინფრასტრუქტურის შესახებ შეკითხვა კლუბის ახალ მეპატრონესაც დავუსვით. ფაბრიციო მანინომ განაცხადა, რომ პროექტი მზადდება და მას საზოგადოება მალე ნახავს, თუმცა, ვინ აიღებს ამ ხარჯებს საკუთარ თავზე,  ინვესტორს ამაზე არ უსაუბრია.


„მეც ძალიან მაინტერესებს როგორაა მოწყობილი ამ კლუბის ინფრასტრუქტურა. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ, რომ წარვადგინოთ კლუბის განვითარების გეგმა, რომელშიც, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ინფრასტრუქტურაზეც. რაც შეეხება სტადიონს, არის გარკვეული თანხები, რომლის მობილიზებაც ხდება, რომ იყოს უკეთესი მდგომარეობა. ჩვენ გასულ კვირას ვესაუბრეთ არქიტექტორებს, რომლებიც წარმოადგენენ დიზაინს თუ  როგორი უნდა იყოს სტადიონი“, - განაცხადა ფაბრიციო მანინომ.


შპს „რამაზ შენეგლიას სახელობის სტადიონის“ დირექტორმა, თამაზ კიკვაძემ უკვე იცის, რომ კლუბი მაღალი დონის თამაშების მიღებას  ვერ შეძლებს და ახალ სეზონს ისევ ძველი ინფრასტრუქტურით შეხვდებიან.


„რამდენჯერმე გაუვიდა უკვე პროექტს ვადა. ეს მდგომარეობა ეროვნულ ჩემპიონატს ხელს არ უშლის, მაგრამ მაღალი დონის თამაშების მიღებას რა თქმა უნდა ვერ შევძლებთ“,-ამბობს თამაზ კიკვაძე.


„ტორპედო“ ინფრასტრუქტურის უეფას მოთხოვნებთან ადაპტირების აუცილებლობის წინაშე 2018 წელს დადგა, მაშინ,  როცა გუნდი წარმატებული სეზონის შემდეგ  ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.  არასათანადო ინფრასტრუქტურის გამო, მაშინ კლუბს რამდენიმე მატჩის სხვის მოედანზე ჩატარება მოუწია.



როგორ გამოიყურება კლუბის ინფრასტრუქტურა, ნახეთ აქ:

მოშლილი ინფრასტრუქტურა "ტორპედოში" და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის (ფოტორეპორტაჟი)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.