სამართალი
ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ქუთაისის საჯარო სკოლებს ინფორმაციას სთხოვს, დავა სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს
FaceBook
ქუთაისის 28 საჯარო სკოლასა და ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციას" შორის საქალაქო სასამართლოში დაწყებული დავა სააპელაციოში ინაცვლებს.

ორგანიზაციამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სკოლებისგან ელექტრონულად გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ამ სახითვე ვერ მიიღო. სასწავლო დაწესებულებებში ამის ერთ-ერთ მიზეზად ინფორმაციის დიდ მოცულობას და მოსწავლეთა და პედაგოგთა პერსონალურ მონაცემებს ასახელებენ. იურისტები კი პროკურატურის მიერ საქმის დეტალური შესწავლის საჭიროებაზე საუბრობენ.

***
ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციამ", რომლის დამფუძნებელი გიორგი ტატიშვილი გახლავთ, ქუთაისის საჯარო სკოლებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისთვის გასული წლის 20 სექტემბერს მიმართა. ელექტორნულ ფოსტაზე ორგანიზააციის სახელით ოფიციალური წერილი ქალაქის 28 სკოლამ ერთი და იგივე დღეს მიიღო.

2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით სასწავლო დაწესებულებების მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების, მათი შესრულების ანგარიშის და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, დირექტორების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლები, პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის მონაცემები, ფინანსური შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამავე წლების სატენდერო დოკუმენტაცია, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოების, მოსწავლეთა თვითმმართველობის სხდომის ოქმები, გამოცხადებული კონკურსების ასლები, სკოლის წესდება - ეს არასრული ჩამონათვალია ინფორმაციის, რომელთა მიწოდებასაც ააიპ ორგანიზაცია ქუთაისის საჯარო სკოლებს ელექტრონულად თხოვდა.

ქუთაისის #12 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელმაც "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციისგან" ელექტორნული წერილი მიიღო. დაწესებულების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საქმე არაორდინალურ მოთხოვნასთან აქვს.

იგივე შინაარსის წერილი მიიღეს #19 საჯარო სკოლაშიც. მისი დირექტორის თქმით, საუბარია დაახლოებით 40 000-მდე ფურცელზე, რომლის ელექტრონულად მომზადება სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს აღემატება.

მე-19 სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე ამბობს, რომ ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის" მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდებას 2000 ლარამდე თანხა დაჭირდებოდა და ირწმუნება, რომ ამის შესახებ ააიპ ორგანიზაციას ელექტრონულადვე აცნობა.

"პასუხად მივიღეთ ის, რომ ელექტრონულად გამოთხოვილი ინფორმაციის ამავე ფორმატში მიწოდებას ფინანსები არ ჭირდებოდა," - განმარტავს ნატო კუხიანიძე.

ქუთაისის #3 საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციას" წერილობით აცნობეს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციას ვერ მიაწოდებდნენ. თამაზ ჭაბუკიანი, ისევე როგორც სხვა სკოლების პირველი პირები, ამის მიზეზად, დოკუმენტაციაში არსებულ მოსწავლეთა და პედაგოგთა პერსონალურ მონაცემებს ასახელებს.

მიუღებელი ინფორმაციის გამო, ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციამ" ქუთაისის საჯარო სკოლების წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. უწყებაში ორგანიზაციის ინტერესებს დამფუძნებელი, გიორგი ტატიშვილი იცავდა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და სასწავლო დაწესებულებებს ააიპ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა.

თამაზ ჭაბუკიანის ინფორმაციით, #3 საჯარო სკოლას ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის, ხოლო ააიპ ორგანიზაციისთვის 72 ლარის გადახდა დაეკისრა. ანალოგიურია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენი 27 სკოლის მიმართაც. ჯამში ეს თანხა 2016 ლარს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) იურისტი, ნინო მერებაშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება დაინტერესდება, შესაძლებელია, ამ საქმეში თაღლითობის ნიშნებიც გამოვლინდეს.

"პიროვნება მისივე დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელია, ბუნებრივია, ეს რაღაც ჩაკეტილი წრესავით არის და შეიძლება თაღლითობად დაკვალიფიცირდეს. დეტალურად უნდა შეისწავლოს პროკურატურამ საქმის მასალები," - განმარტავს ნინო მერებაშვილი ჩვენთან საუბარში.

თუმცა, IDFI-ის იურისტი იმ საკითხზეც მიუთითებს, თუ რა არის ააიპ ორანიზაციის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი და რეალურად, ჭირდება თუ არა მას ის.

"როდესაც ჩვენს ორგანიზაციას ჭირდება ინფორმაცია, რომელიც დამუშავებას საჭიროებს, ხშირად მივდივართ მოლაპარაკებაზე კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ისინი ეტაპობრივად გვაწვდიან მას. თუკი პირის მიზანი არის ინფორმაციის მიღება, მაშინ იმ ათი დღის გასვლის შემდეგ პირდაპირ სასამართლოში არ წავა იმიტომ, რომ სასამართლოში პროცესები უფრო ჭიანურდება," - ამბობს ნინო მერებაშვილი.

ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის" წარმომადგენელმა, გიორგი ტატიშვილმა, ჩვენთან სატელეფონო საუბარი არ ისურვა და ინფორმაციის მისაღებად ააიპ "იურიდიული დახმარების ბიუროსთან" გადაგვამისამართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს ორგანიზაცია 2017 წლის 11 მაისსაა რეგისტრირებული. გიორგი ტატიშვილი კი მისი იურისტია.

წერილობითი ფორმით კითხვაზე, თუ რაში გამოიყენებდა ან იყენებს ორგანიზაცია საჯარო სკოლებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, "იურიდიული დახმარების ბიუროდან", ასევე, წერილობით გვიპასუხეს.

"ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. პასუხის გაცემაზე გეთქვათ უარი," - აღნიშნულია "იურიდიული დახმარების ბიუროდან" მიღებულ წერილობით პასუხში, რომელსაც ხელს გიორგი ტატიშვილი აწერს.

რაც შეეხება ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის" მიერ საჯარო სკოლებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას და მის ოდენობას, "იურიდიული დახმარების ბიუროში" განმარტავენ, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო ზუსტი მოცულობის დადგენა წინასწარ შეუძლებელია.

"გამოთხოვილი ინფორმაცია შეეხება ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას და მის ფუნქციონალურ მხარეს. ინფორმაცია წარმოადგენს ყველასათვის ხელმისაწვდომ ინფორმაციათა ერთობლიობას; გამოთხოვილ ინფომაციათა ერთობლიობის მოცულობა დაკავშირებულია ორგანიზაციის საქმიანობის დროს წარმოქმნილ დოკუმენტალურ მასალასთან და შესაბამისად, მისი ზუსტი მოცულობის დადგენა წინასწარ შეუძლებელია," -აღნიშნულია წერილობით პასუხში.

განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ორგანიზაციის მიერ საჯარო სკოლებიდან გამოთხოვილი ზოგიერთი ინფორმაცია, (მაგალითად შესყიდვები, სატენდერო დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) საჯაროა და ყველასათვის ხელმისაწვდომი, თუმცა ისეთი დოკუმენტაცია, რომლებიც მოსწავლეთა და პედაგოგთა პერსონალური ინფორმაციის შემცველია, ელექტრონულად არ ინახება და არც მათი გასაჯაროებაა კანონით დაშვებული.

ქუთაისის საჯარო სკოლების მსგავსად, იგივე ინფორმაციის გამოთხოვაზე წერილობით თბილისისა და რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მიმართეს. დედაქალაქის სკოლებს ააიპ "გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტომ" მიმართა. ამ ორგანიზაციის უფროსი ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის" თავმჯდომარე, გიორგი ტატიშვილი გახლავთ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ ის ერთდროულად რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელია. მაგალითად, ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის" (რეგისტრაციის თარიღი 16.09.2016წ) თავმჯდომარეა, ააიპ "გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს" უფროსია (რეგისტრაციის თარიღი 10.12.2014წ), ააიპ "საქართველოსგარემოსდამცველისოფისის" (რეგისტრაციის თარიღი 14.05.2013წ) ხელმძღვანელი/წარმომადგენლია, ააიპ "საჯარო სამსახურის აკადემიაში" (რეგისტრაციის თარიღი 12.02.2015წ) დირექტორია, ააიპ "ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის" (რეგისტრაციის თარიღი 01.11.2016წ) აღმასრულებელი დირექტორი და შპს "მეჯიქსტილის" (რეგისტრაციის თარიღი 14.09.2016წ) 100%-იანი წილის მფლობელია. გიორგი ტატიშვილი, ასევე რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, თუმცა ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის სააგენტოზე თარიღი მითითებული არაა.

ამ დროისთვის ქუთაისის იმ საჯარო სკოლების ნაწილი, რომელთაც ააიპ "ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია" ინფორმაციას თხოვს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ზოგიერთ სკოლაში კი გაჭიანურებულ იურიდიულ პროცედურებს 72 ლარის გადახდას ამჯობინებენ.

იმ შემთხვევეში თუკი სასამართლო დავა სააპელაციო წესით გაგრძელდება, მოსარჩელე მხარე საქმის წარმოებას კანონის დადგენილი წესის შესაბამისად აპირებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია.
ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი
აქვეყნებს.
17:10 / 10.06.2020

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია. ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ქუთაისში, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე შუალედური გამოცდები ხარვეზებით
ჩატარდა.
09:55 / 04.06.2020
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე შუალედური გამოცდები ხარვეზებით ჩატარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.