კულტურა
ქუთაისის სახელმწიფო თეატრის შენობები კონდიცირების გარეშე - ქონება, რომელსაც ვერ იყენებ
FaceBook
ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიცირების პრობლემა, საგამოცდო ცენტრების გარდა, ქუთაისის სახელმწიფო თეატრებსაც უდგათ.
ისინი ერთდროულად ორი დილემის წინაშე დგებიან - ერთი მხრივ გაგრილების სისტემის არქონის და მეორეს მხრივ - მათი გამოყენების პრობლემის.

ორივე პრობლემა თანხებს უკავშირდება და არც თუ პატარა ხარჯს გულისხმობს.

ქუთაისის სახელმწიფო თეატრებიდან კონდიცირების თანამედროვე სისტემა მხოლოდ ოპერის თეატრშია. იგი 2010 წელს ჩატარებული რემონტის შემდეგ დააყენეს, თუმცა დარბაზში და სცენაზე მისი პრაქტიკულად გამოყენება არ ხდება. მიზეზი დიდ ხარჯია, რაც თეატრს, უმეტეს შემთხვევაში, არ გააჩნია.

"მთელი ჩვენი არსებობა შემოსავლებზეა დამოკიდებული, თუმცა დარბაზს ხშირად ვუთმობთ საქველმოქმედო კონცერტებს, სამუსიკო სკოლებს, რომელთაც არა აქვთ იჯარის გადახდის შესაძლებლობა. ჩვენც არ ვთხოვთ. ეს შენობა ქალაქისაა და ქალაქს უნდა ემსახუროს, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ჩვენს შემოსავლებზე. ხანდახან ვამბობ, ყველაზე დიდი ქველმოქმედები ჩვენ გამოდივართ", - აღნიშნავს ოპერის თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი.

ოპერის თეატრის ბიუჯეტი 950 ათასი ლარია. ამ თანხიდან 946 440 ლარი ხელფასებს ხმარდება. სხვა დანარჩენი ხარჯის გაღება დარბაზის გაქირავებით და საკუთარი სპექტაკლებიდან შემოსული თანხებით უწევთ. დარბაზის იჯარის გადახდისუნარიანი კი საკმაოდ ცოტაა.

როგორც თეატრში განმარტავენ, დიდ თანხებს უკავშირდება კონდიცირების სისტემის ამუშავებაც მთელ შენობაში. ეს ყოველდღიურად, დამატებით  200-250 ლარის გადახდას გულისხმობს, რაც თვის ბოლოს სოლიდურ თანხად გროვდება. ამიტომ, ბევრი კონცერტი და ღონისძიება, რომელიც ოპერის თეატრში ზაფხულში ტარდება, დახუთულ დარბაზში მიმდინარეობს.

დარბაზის დამქირავებლებს ხშირ შემთხვევაში არა აქვთ იჯარის ათასი ლარი და შესაბამისად არც კონდიცირების სერვისის გადახდის შესაძლებლობა, თეატრი კი ამ ხარჯს საკუთარ თავზე ვერ იღებს, მწირი ბიუჯეტის გამო.

ოპერის თეატრში უმეტესად ვერც საკუთარ სპექტაკლებზე აგრილებენ დარბაზსა და სცენას. როგორც აღნიშნავენ, ყოველი სპექტაკლი იმდენად ძვირი უჯდებათ, კიდევ დამატებით ხარჯებს, კონდიცირებას რომ ახლავს თან, ვეღარ იღებენ.

ოპერის თეატრში ამბობენ, რომ აქვთ ქონება, კონდიცირების სიტეტმის სახით, რომელსაც ვერ იყენებენ.

ეს ქონება არ გააჩნია მესხიშვილის თეატრს. შესაბამისად, 783 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი ზაფხულში არ გრილდება.

"საშინელი სიცხეა დარბაზში და მაყურებელი ცუდ დღეშია, ვერ გაჩერდები. მაგრამ უბედურება ის არის, რომ დარბაზიდან ჩანს სცენაზეც როგორ უჭირთ მსახიობებს და მომღერლებს. კონცერტი იყო და მუსიკოსმა დაკვრა შეაჩერა სიცხრის გამო, ღვარად წამოსულ ოფლს ვერაფერი მოუხერხა, რამაც ხელი შეუშალა შესრულებაში",- ამბობს მაკა ცერცვაძე.

თეატრში კონდიცირების სისტემა რომ დააყენონ, ზედაპირული გათვლით 350 ათასი ლარი ჯდება. ზუსტად რომ დაითვალოს ხარჯი  სპეციალისტმა და დააპროექტოს, ამისთვის დამატებით 10-15 ათასი ლარია საჭირო.



"გაგრილება ფრეონთანაა დაკავშირებული, რაც ძვირი მასალაა. სერიოზულ თანხებზე გადის. კულტურის სამინისტროსგან მივიღეთ დაპირება, რომ მიხედავენ კონდიცირების საკითხს, თუმცა წელს არა აქვთ გათვალისწინებული, მომავალ წელს, იმედია, თავად გააკეთებენ როგორც პროექტირებას, ასევე შესრულებას", - ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

იგი საუბრობს დამატებით პრობლემაზე და ცუდ მემკვიდრეობაზე, რომელიც თეატრს ერგო უხარისხოდ გაკეთებული რემონტის სახით.

"სავენტილაციო სისტემაში და კონდიცირების შახტებში ჩაყრილია რემონტის მთელი ნაგავი. ამ ნარჩენების გატანა ფული ღირდა და ამ ფულის გადახდა არ უნდოდა იმ კომპანიას, ვინც აქ რემონტი გააკეთა. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი თეატრი და ქალაქი, ასე რომ მოექცე ამ შენობას?!" - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

რამდენიმე კვირაში რემონტის რეჟიმში გადასვლა იგეგმება ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში. თეატრის დირექტორის თეიმურაზ ბაღდავაძის თქმით, პროექტით გათვალისწინებულია კონდიცირების თანამედროვე სისტემის მოწყობა.

"მართალია არსებობს ძველი სისტემა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთესი გვექნება თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ", - ამბობს თოჯინების თეატრის დირექტორი.

როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის თეატრებში გაგრილება გაცილებით რთული მისაღწევი აღმოჩნდა, ვიდრე გათბობა. ვიდრე თეატრებში კონდიცირების სისტემებს მოაწყობენ ან არსებულის გამოყენების შესაძლებლობა გაჩნდება, მაყურებელს და დასს ისევ ამინდის კეთილგანწყობის ან მამა- პაპური, ორპირი ქარის იმედად ყოფნა მოუწევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.