ახალი ამბები
როგორ აკარგვინებს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბიუჯეტს შემოსავლებს
FaceBook

ქუთაისის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანიდან ერთი წლის განმავლობაში, საწვავსა და ხელფასებში 3 727 337 ლარი დახარჯა, შემოსავლის სახით კი, ორნახევარჯერ ნაკლები მიიღო.


მერიის მიერ დაფუძნებულმა სატრანსპორტო კომპანიამ, არაეფექტური გადახდის სისტემის, არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიისა და ფრაგმენტული კონტროლის პირობებში, ბიუჯეტში მხოლოდ 1 544 184 ლარის მობილიზება შეძლო. მგზავრობის საფასურისგან მიღებული თანხა იმდენად მწირია, რომ ის საწვავის ხარჯებსაც ვერ ფარავს. ეს მაშინ, როცა მერიამ 60 ავტობუსი ვალით შეიძინა და ქუთაისელებმა სესხად აღებული 23 მილიონი ლარი 10 წელი უნდა იხადონ.

რა უჯდება ქუთაისის ბიუჯეტს მუნიციპალური ტრანსპორტი და კარგავს თუ არა კომპანია თანხას, მაშინ, როცა მგზავრების ნაწილი საფასურს ვერ ან არ იხდის, კომპანია კი რეალური შემოსავლების მისაღებად ეფექტურ ნაბიჯებს ვერ დგამს? – მივყვეთ ფაქტებს.

2021 წელს ქუთაისის მერიამ მის მიერვე დაფუძნებულ შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას" 3 700 000 ლარიანი ბიუჯეტი დაუმტკიცა. მანამდე, კომპანიის ადმინისტრაციული შენობისა და ავტოპარკის მოსაწყობად 2 755 875 ლარი დახარჯა. გამოდის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ერთი წლის თავზე მერიამ,  სულ მცირე, 6 483 212 ლარი უკვე გადაიხადა, შემოსავლის სახით კი, მისი მეოთხედი - 1 544 184 ლარი მიიღო.

მერიას დამატებითი თანხის გათვალისწინება დასჭირდა მაშინაც, როცა სატრანსპორტო პოლიტიკის უკეთ სამართავად ცალკე შპს–ს დაფუძნება გადაწყვიტა. სპეციალურად მუნიციპალური ავტობუსებისთვის შექმნილ შპს–ში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 33 ადამიანი დაასაქმა, რომელთა მხოლოდ სახელფასო ანაზღაურებას წლიურად 401 400 ლარი ხმარდება.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წელს, მხოლოდ საწვავს, 120 მძღოლისა და ადმინისტრაციის 33 თანამშრომლის ხელფასს 3 727 337 ლარი მოხმარდა, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე შპს–ს ბიუჯეტით აქვს განსაზღვრული. დახარჯული თანხის კომპენსირებას მერია სწორედ მგზავრობის თანხის გადახდიდან მიღებული შემოსავლით უნდა ახდენდეს, საბოლოოდ კი, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, სულ მცირე, საკუთარი ხარჯების ანაზღაურება უნდა შეძლოს. ერთწლიანი მუშაობის შედეგები კი გვაჩვენებს, რომ კომპანია შემოსავლით საწვავის ხარჯსაც  (1 885 937 ლარი ) ვერ ისტუმრებს.

ქუთაისის მერიამ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის სისტემა გასული წლის მაისში დაამონტაჟა, მანამდე მგზავრები თანხას მძღოლთან იხდიდნენ. საბარათე და ხურდის აპარატები რამდენიმე მიზეზით აღმოჩნდა არაეფექტური: არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიის გამო, მგზავრების ნაწილისთვის კვლავ გაუგებარია როგორ უნდა გამოიყენონ გადახდის ახალი სისტემა, მათთვის კი, ვინც მოწყობილობის გამოყენება იცის, პრობლემაა საჭირო ნომინალის ხურდის არქონა. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მგზავრს არც პლასტიკური ბარათი აქვს, მძღოლისთვის კი თანხის მიწოდება აკრძალულია, მოქალაქეთა ნაწილი მგზავრობის საფასურს ვერ იხდის, თუმცა, თანხის გადახდას ხშირად ვერც ისინი ახერხებენ, ვისაც საჭირო მონეტებიც აქვს, პლასტიკური ბარათიც და ორივე აპარატის გამოყენება იცის, რადგან მოწყობილობები ხშირად ფუჭდება.

კომპანიამ ვერც კონტროლიორების სისტემა გამართა. ქალაქის მასშტაბით მოძრავ 60 ავტობუსში, მგზავრების მიერ თანხის გადახდას მხოლოდ 9 თანამშრომელი აკონტროლებს, რომლებსაც ჯარიმის გამოწერის უფლებაც კი არ აქვთ.

შესაბამისად, თანხა, რომელიც მოქალაქეებმა ვალით შეძენილი ავტობუსებით მგზავრობისთვის უნდა გადაიხადონ, ბიუჯეტს აკლდება.

ჩვენ შევეცადეთ სატრანსპორტო კომპანიის უფროსთან, გიორგი გიორგობიანთან გაგვერკვია რატომ აჭარბებს მნიშვნელოვნად ხარჯები შემოსავლებს და მიიღებდა თუ არა კომპანია უფრო მეტ თანხას გადახდის სისტემის გამართულად მუშაობის შემთხვევაში, თუმცა, მან ინტერვიუზე უარი თქვა და წერილობითი პასუხი გამოგვიგზავნა.

პასუხით ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ კომპანია კონტროლიორების რაოდენობის გაზრდას და თანამშრომელთა გადამზადებას აპირებს.

"ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია გადახდის სისტემის ეფექტურად აღრიცხვისა და გამოყენებისათვის ვგეგმავთ კონტროლის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს შტატების დამატებას. კომპანია ახალი დაფუძნებულია, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიების მაგალითზე, მათივე მრავალწლიანი გამოცდილების შედეგების განხილვით. დაგეგმილია თანამშრომელთა ტრენინგები, რომლებიც გაწერილია EBRD - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხელშეკრულებით", – ნათქვამია პასუხში.

კომპანია ასევე გვამცნობს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის დამატება.

გადახდის სისტემის არაეფექტურობა, რაც ავტომატურად ნიშნავს შემოსავლების დაკარგვას, ცოტა ხნის წინ თავად აღიარა კომპანიის უფროსმა. გიორგი გიორგობიანმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ იზიარებდა მოქალაქეების უკმაყოფილებას ე.წ. საკასო აპარატებთან დაკავშირებით და შეეცდებოდა მათ გაუქმებას. კომპანიის ხელმძღვანელის ამ განცხადებას არ დაეთანხმა მერია და თქვა, რომ ეს მათთან შეთანხმებული არ იყო.

საბოლოოდ, უცნობია აქვს თუ არა გეგმა ქუთაისის მერიას როგორ უნდა დააბალანსოს კომპანიის ხარჯი და შემოსავლები და როგორ გახადოს მუნიციპალური ტრანსპორტი თვითკმარი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
უკრაინაში, რუსი ოკუპანტის
წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი, ალუდა ზვიადაური სამშობლოში
ჩამოასვენეს.
17:42 / 25.06.2022
უკრაინაში, რუსი ოკუპანტის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი, ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს.
საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია,
ირანის ისლამური რესპუბლიკა და ლიბანი - ეს ის ქვეყნებია, რომლის
ელჩებიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან
გაათავისუფლა.
16:15 / 25.06.2022
საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ლიბანი - ეს ის ქვეყნებია, რომლის ელჩებიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.