საზოგადოება
ეპარქიებისთვის გადაცემული ქონება იმერეთში და სახელმწიფოს უსასრულო ვალდებულება საპატრიარქოს მიმართ (ნაწილი პირველი)
FaceBook
ეკლესიამ მთელი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოდან დაახლოებით 7 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა.


ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მთელი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოდან დაახლოებით 7 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა. საპატრიარქომ ამ ქონების დიდი ნაწილი პირდაპირი განკარგვის წესით სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიიღო. შესაბამისად, ამ რაოდენობის მიწების გაცემის მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა არ შესულა.

საპატრიარქოსთვის მიწებისა და ქონების გადაცემის პროცესში ჩართულნი არიან თვითმმართველობები. მათ შორის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები, რომლებიც თავიანთი მხრიდან გადასცემენ ეპარქიებს მათ მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებს და სხვა ქონებას. ქონების მოთხოვნა-გადაცემა სამართლებრივად სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით მართლდება.

რამდენი ჰექტარი მიწა და სხვა ქონება გადაიცა იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ამ რეგიონში მოქმედი ეპარქიების საკუთრებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში? რა მასშტაბი და შედეგი შეიძლება მიიღოს ამ პრაქტიკამ? რა უფლებებს ანიჭებს "კონკორდატი" საპატრიარქოს? სეკულარული სახელმწიფოსთვის რამდენად ადეკვატური დოკუმენტია კონსტიტუციური შეთანხმება? " ქუთაისიპოსტი" ამ საკითხების გარკვევას ჟურნალისტურ გამოძიებაში შეეცადა.
xxx

იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტი და 6 ეპარქიაა. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მწირია. სამაგიეროდ ამ მწირი ბიუჯეტიდან ეპარქიებისთვის გადარიცხული თანხები და უფასოდ გადაცემული ქონებაა სოლიდური.  მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწების უმეტესობა საპატრიარქოს მომართვის და წერილობითი თხოვნის საფუძველზე გაიცა.

ეპარქიებისთვის იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან გადაცემული ქონება



ქუთაისის მერიამ 2013 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიას , უზურფრუქტის წესით, 99 წლით 7 მიწის ნაკვეთი გადასცა. ეპარქიამ ლ.ასათაინის, ახალგაზრდობის, ლომთათიძის, ლეჟავას, ხარებავას, ზ ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე ეპარქიას ჯამში 56869 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო.
2014 წელს ახალგაზრდობის, ხარებავას ქუჩებზე და აღმაშენებლის გამზირზე ეპარქიამ 4,785 კვ.მ მიწის ფართობი მიიღო.
ქუთაის-გაენათის ეპარქიას უვადო მფლობელობაშიც გადაეცა ქონება 2012 წელს - თაბუკაშვილისა და კ. გამსახურდიას ქუჩებზე 1,292 კვ.მ მიწის ფართობი და ა.შ.

ბოლო ორი წლის მანძილზე ქუთაისის თვითმმართველობამ ქუთაის-გაენათის ეპარქიას ჯამში, საკუთრებაში არსებული 12 მიწის ნაკვეთი გადაეცა. თუმცა, ეპარქიაზე მიწების გასხვისებით ადგილობრივ ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შესულა.



ქუთაის-გაენათის ეპარქიას მიწები და შენობები გადაეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაც. ეპარქიამ 2010 – 2015 წლებში 6 დასახელების უძრავი ქონება მიიღო. მას უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაეცა რუსთაველის ქ. N35-ში შენობის პირველ სართულზე
მდებარე 100,7 კვ.მ. ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული 147,2 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

წყალტუბოშივე უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაეცა 2680 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ეპარქიამ 1.851 კვ.მ მიწა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან გვიშტიბსა და საყულიადანაც მიიღო. უზუფრუქტის ფორმით გადაეცა წყალტუბოში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე შენობა - ნაგებობა და მასზე წილობრივად დამაგრებული 68,0 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ქონების აღნიშნული გადაცემები ძირითადად 2011-2012 წლებით თარიღდება.

2013 წელს ქონება ერგო მარგევთისა და უბისის ეპარქიასაც. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყეტილებით, სარგებლობის უფლებით, უვადო უზურფრუქტის ფორმით მას სახამძრო სამაშველოს სამსახურის ძველი შენობა გადაეცა 150. 50 კვ. მ ფართობით და მასზე დამაგრებული 256,0კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართთან ერთად.
ამავე ეპარქიას ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდანაც ერგო ქონება.უსასყიდლო სარგებლობის ფორმით  5 ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ერგოთ ზესტაფონის სხვადასხვა ქუჩებზე, ასევე 48 მ საერთო სიგრძის 32 სმ-იანი ე.წ. რკინის შვერილი (4 ცალი).   
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას სამი მიწის ნაკვეთი და სამი შენობა ერგო ჭიათურაში. ეპარქიამ მიიღო ყოფილი სკოლა-ლიცეუმის ორსართულიანი შენობა ერისთავის ქუჩაზე 1069.9 კვ.მ-თ და მასზე დამაგრებული 1750 კვ მ მიწით.
აღნაგობის ფორმით 59 წლის ვადით ამავე ეპარქიას 2012 წელს გადაეცა 4234 კვ მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სოფელ ეწერში ეკლესიის მშენებლობისთვის. იგივე პერიოდში იმავე ვადითა და ფორმით ჭიათურაში გაიცა 7000 კვ მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ეკლესიის მშენებლობისთვის.
2013 წელს ეპარქიამ უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით არსებობის ვადით 1019 კვ მ ფართობის სამსართულიანი შენობაც მიიღო. 2014 წელს დასაჩუქრდა სოფელ მერევში ყოფილი ბიბლიოთეკის შენობის საერთო ფართობის ნაწილით ( 55.1კვ.მ ) უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით არსებობის ვადით. ეკლესიას ჩუქების ფორმით გადაეცა 100 კვ. მ ქუჩის მოსაპირკეებელი ფილა კაცხის მაცხოვრის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის.

მუნიციპალიტეტების კეთილი ნება და კომპენსაციის ვალდებულება


იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, რომ ამ ქონებების გადაცემით "კეთილ ნებას გამოხატავენ". ქუთაისის მერიაშიც კეთილ ნებაზე აპელირებენ, თუმცა იმასაც აზუსტებენ, რომ, თუკი ეპარქია ისეთ ადგილას მოითხოვს მიწებს, რომელიც ქალაქის პერსპექტიული განვითარებისთვის საზიანო იქნება იძულებული გახდებიან უარი უთხრან.
ქუთაის -გაენათის მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს თქმით ეპარქიისთვის გაცემული მიწებისა და ქონების საკითხს "განიხილავენ", ამიტომ მეტ კონკრეტულ პასუხებს ჯერჯერობით ვერ იძლევიან. თავის მხრივ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში აზუსტებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემით საბჭოთა პერიოდში წართმეულ ქონებას იბრუნებენ.
თუმცა ამ ქონებას ვერ "აბრუნებს" ყველა მუნიციპალიტეტი.

სამტრედია, ტყიბული, ვანი, თერჯოლისა და ხონის  მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2010-2015 წლებში ეპარქიებზე მიწა და ქონება არ გაცემულა (თუმცა გაიცა თანხები ბიუჯეტიდან).
ეპარქიებისთვის ბიუჯეტიდან თანხები საჩხერის მუნიციპალიტეტებიდანაც ირიცხება, თუმცა უცნობია გაიცა თუ არა მიწა და სხვა ქონება, რადგან ჩვენს მიერ წერილობითი მიმართვის მიუხედავად გემგეობებმა ამ დრომდე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ გაცემული ქონება ეპარქიებს

2013 წელს საქართველოს საპატრიარქო საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან 29 220 349,7 ლარით დაფინანსდა.



საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულებით 2010-2015 წლებში იმერეთში მოქმედი ეპარქიებიდან ყველაზე მეტი მიწა და ქონება ისევ ქუთაის- გაენათის ეპარქიას ერგო.
2012, 2014, 2015 წელს ეპარქიას ქუთაისში რუსთაველის, ვაჟა ფშაველას, კ. გამსახურდიას ქუჩებზე 7,121.08 კვ.მ მიწა და მასზე არსებული #1 3098 კვ.მ , #2 14.96 კვ.მ შენობა ნაგებობები გადაეცა . ქუთაის-გაენათის ეპარქიამ პრეზიდენტის განკარგულებით წყაალტუბოში 2000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიც მიიღო
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკავშილის განკარგულებით 2010 და 2012 წლებში მარგვეთისა და უბისის ეპარქიამ ზესტაფონისა და ხარაგაულის სოფლებში 4,280 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მასზე განთავსებულო 35 კვ.მ. ფართობის ნაგებობა მიიღო.
ვანი-ბაღდათის ეპარქიას ბაღდათში რუსთაველის ქუჩაზე 2732 კვ მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით # 1/ 2 განაშენიანების ფართით - 459 კვ მ და #02 /1 - 174 კვ.მ.

საპატრიარქოსთვის მიჩენით გადაცემული ტყეები იმერეთში


საპატრიარქოს საკუთრებასა თუ დროებით მფლობელობაში მხოლოდ მიწები და შენობები არ გადასულა. მიჩენით ანუ დროებით სარგებლობაში ტყეებიც აღმოჩნდნენ, მათ შორის ადგილები ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებე.
როგორც საქართველოს მთავრობის # 242-ე დადგენილებაშია მითითებული მიჩენის თაობაზე საკითხის დასმის უფლება მხოლოდ რამდენიმე უწყებას აქვს: საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (საქართველოს საპატრიარქო); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

თუმცა მიჩენით სარგებლობაზე ტყის მოთხოვნის განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად, როგორც აღნიშნულ დადგენილებაშია მითითებული, უნდა ერთვოდეს "მიჩენით სარგებლობის საჭიროების და/ან აუცილებლობის მიზანი, მოტივაცია და ვადები". შესაბამისად მოთხოვნის დროს ყველა ამ უწყებამ უნდა დააკონკრეტოს მიზანი და უნდა დაასაბუთოს მისი აუცილებლობა, თუმცა საპატრიარქოს შემთხვევაში მათი მხრიდან თხოვნის დოკუმენტში ხშირად მხოლოდ ზოგადი მიზანია მითითებული "რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისთვის ხელშეწყობა".
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის მიჩენის მიზნით გამოყოფილი ფართობების ნუსხაში (2015 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით) იმერეთის ტერიტორიაზე შედის: ქუთაისის ყოფილი სატყეო მეურნეობა - 0.25 ჰა ფართობით, წყალტუბოს ყოფილი სატყეო მეურნეობა - 3, 3 ჰა, ზესტაფონში ბოსლევის სატყეო მეურნეობა- 1.65 ჰა  და ა.შ.

ეს მიჩენილი უბნები საპატრიარქოსთვის ძირითადად 2004-2008 წლებშია გადაცემული 20 წლის ვადით დროებით სარგებლობაში.
სულ იმერეთში ტყვის ფონდიდან საპატრიარქოსთვის 52 ჰექტარია გაცემული.

თუმცა ტყეების დროებითი სარგებლობა უსამართლობად ესახებათ და საკუთრებაში გადაცემაზე აქცენტირებენ. მაგალითად, საპატრიარქოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის ტყის მიჩენით გადაცემის საკითხებში, წევრი გოჩა არონიშიძე „ნეტგაზეთისთვის“ „12მიცემულ ინტერვუში აცხადებს, რომ საპატრიარქოს, სხვა კონფესიებისგან განსხვავებით, ეს ტყეები "ისტორიულად ეკუთვნის". მისი მტკიცებით ეკლესიას ყოველთვის პირდებოდნენ ამ ტყეების დაკანონებას, თუმცა "ისტორიული სამართლიანობა დღემდე ვერ აღდგა".

„სამართლიანოს აღდგენასა“ და კომპენსაციების ვალდებულებაზე საუბრობენ იურისტებიც. მათი განმარტებით საპატრიარქოსთან მიმართებაში ე.წ. მიჩენის წესის გამოყენებას და იგივე ზემოთაღნიშნული მიწებისა და ქონების გადაცემას ერთგვარი კომპენსაციის დანიშნულება გააჩნია.

ნაწილი მეორე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.