საზოგადოება
"ეკომიგრანტები არ ვართ“ — მეწყრით დაზარალებული ღვერკი-ხემაღალის მცხოვრებლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან
FaceBook

მეწყრისგან დაზარალებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერკი-ხემაღალის მცხოვრებლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი სარჩელის განხილვა 16 ივლისს უნდა დაიწყოს. ხემაღალის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სასამართლოს გზით ასაჩივრებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, მეწყრის გამომწვევ მიზეზებზე მათთვუს დამაკამაყოფილებელ პასუხს არ იძლევა. ისინი ასევე არ ეთანხმებიან მათთვის ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას.


ღვერკისა და ხემაღალის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მეწყერმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და სავარგულები, რომლითაც ოჯახები წლების განმავლობაში არსებობდნენ.


დანგრეილი სოფლის მცხოვრებლების ნაწილი  აცხადებს, რომ თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ. მათი თქმით, მეწყერმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და სავარგულები, რომლითაც ოჯახები წლების განმავლობაში არსებობდნენ.


მარადი გელაშვილი იმ ოჯახებს შორისაა, რომელთა საცხოვრებელი სახლები სოფელ ღვერკში მეწყრის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

„მთელი უბანი დაინგრა, ნაკვეთებიც დაინგრა, სავარგულებიც დაინგრა, რომლითაც ხალხი ცხოვრობდა. დღეს იქ რაიმეს გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. გვეუბნებიან, რომ ეკომიგრანტები ვართ, რასაც არ ვეთანხმებით. ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ. მარტივია, ყველაფერი ბუნებას დააბრალო,“ — ამბობს მარადი გელაშვილი.


მისი თქმით, სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღების მცდელობამ მიიყვანა მოსახლეობა მოთხოვნამდე, ჩატარებულიყო ისეთი გეოლოგიური კვლევა, რომელიც მეწყრული პროცესების ყველა შესაძლო მიზეზს, მათ შორის, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების გავლენასაც შეისწავლიდა.

„თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია, მაშინ, როდესაც ტერიტორია ფიზიკურადაც კი არ ჰქონდათ დათვალიერებული. ჩვენ ვითხოვდით, გამოეკვლიათ, ხომ არ ჰქონდა პროცესთან კავშირი რკინიგზის სამუშაოებს,“ — ამბობს გელაშვილი.



კვლევა, რომელმაც მოსახლოებას კითხვებს ვერ უპასუხა


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2025 წელს ხემაღალსა და ღვერკში კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევა შპს „გეოლოჯიქმა“ მოამზადა და მისი შედეგები მოსახლეობას 2025 წლის სექტემბერში გააცნეს.


კვლევის მიხედვით, ხემაღალში განვითარებული მეწყერი რთულ და მასშტაბურ პროცესად შეფასდა. თუმცა მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ კვლევამ მთავარ კითხვას — რა გახდა მეწყრის გამომწვევი მიზეზი — სრულყოფილი პასუხი ვერ გასცა.


მარადი გელაშვილის თქმით, კვლევის ტექნიკურ დავალებაში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული რკინიგზის ფაქტორის შესწავლა.

„კვლევის ტექნიკურ დავალებაში არ ეწერა, რომ რკინიგზის გავლენა უნდა შეესწავლათ. შესაბამისად, დასკვნაშიც წერია, რომ ამ მიმართულებით ვერ იმსჯელეს, რადგან ასეთი დავალება არ ჰქონდათ. თავად სპეციალისტებიც ამბობდნენ, რომ დამატებითი კვლევაა საჭირო,“ — აცხადებს იგი.

მისივე თქმით, კითხვებს აჩენს კვლევის მასშტაბიც.

„ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 25 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული კვლევით დაასკვნა, რა ხდება 46-50-მეტრიან ფენებში. კვლევას კომპლექსური ერქვა, მაგრამ მთავარი კითხვა — რამ გამოიწვია მეწყერი — პასუხგაუცემელი დარჩა,“ — ამბობს მარადი გელაშვილი.



რატომ უკავშირებს მოსახლოებას სოფლის ნგრევას რკინისგზას



ღვერკის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოება, რომ სოფელში მეწყრული პროცესების გააქტიურებამდე ამ ტერიტორიასთან ახლოს მიმდინარეობდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გვირაბების მშენებლობა და აფეთქებითი სამუშაოები.


საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის აქტიური სამშენებლო ეტაპი ხარაგაული–ზესტაფონის მონაკვეთზე 2018-2019 წლებში მიმდინარეობდა.

ადგილობრივების თქმით, სწორედ ამ პერიოდში სოფელში ძლიერი ვიბრაციები იგრძნობოდა.

„ვიბრაცია ყველა აფეთქებას ახლავს, მაგრამ არ გვეგონა, ასეთი მასშტაბის გავლენა ექნებოდა. მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ საფრთხე არ არსებობდა და სანერვიულო არაფერი გვქონდა. გამოცდილება არ გვქონდა და დავუჯერეთ, მაგრამ შემდეგ ფაქტის წინაშე დავდექით — სოფელი ჩამოინგრა,“ — ამბობს გელაშვილი.

მისი თქმით, პირველი დაზიანებები იმ სახლებში გაჩნდა, რომლებიც მოგვიანებით მეწყრული პროცესების ზონაში აღმოჩნდა.

„მაშინ ეს მოვლენები ერთმანეთს ვერ დავუკავშირეთ. დღეს კი სწორედ იმ სახლებზე განვითარდა მეწყერი და დაზიანებები,“ — ამბობს იგი.

მოსახლეობა ხაზს უსვამს, რომ ისინი არ ამტკიცებენ, თითქოს მეწყერი აუცილებლად რკინიგზის სამუშაოებმა გამოიწვია, თუმცა ითხოვენ, ეს ვერსია სრულყოფილად გამოიკვლიონ.


კომპენსაცია

მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის №84 განკარგულებით, ხემაღალსა და ღვერკში მეწყრის შედეგად დაზარალებული 112 ოჯახისთვის 30 000- და 50 000-ლარიანი კომპენსაცია განისაზღვრა.

"გვითხრეს, რომ ეკომიგრანტები ვართ და 50 000 ლარიანი კომპენსაცია მოგვცეს.  ამ სახლკარის დატოვება გვიწევს. რა უნდა იყიდო ამ ფასში არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ვქნათ. ზესტაფონში ვგეგმავთ სახლის ყიდვას", -  ამბობს ხემაღალის მკვიდრი. 

თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა თანხა არ ყოფილა.

მარადი გელაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ეკითხებოდნენ, რა ოდენობის თანხა სურდათ, თუმცა მათი მოთხოვნა სხვა იყო.

„გვეუბნებოდნენ, თანხა დაწერეთ, რამდენი გინდათო. ჩვენ ფულს არ ვითხოვდით. ჩვენი მოთხოვნა იყო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამოეყოთ მიწა და სახელმწიფოს იქ აეშენებინა სახლები, რომ სოფელი არ დაშლილიყო. აქ ჩვენი თემი, ნათესაური კავშირები და მრავალწლიანი ისტორიაა,“ — ამბობს მარადი.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო მათ ეკომიგრანტებად მიიჩნევს, ზიანის შეფასებისას მხოლოდ სახლები არ უნდა იყოს გათვალისწინებული.

„თუ ეკომიგრანტები ვართ, მაშინ რატომ არ ითვალისწინებენ იმ მიწებსა და სავარგულებს, რომლითაც ოჯახები არსებობდნენ? მეწყერმა მხოლოდ სახლები კი არა, ჩვენი საარსებო წყაროც გაანადგურა,“ — აცხადებს იგი.


რას ამბობს ოფიციალური მხარე 

ხემაღალსა და ღვერკში განვითარებული მეწყრული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალურ უწყებებსა და ადგილობრივ მოსახლეობას განსხვავებული პოზიციები აქვთ.


გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის პირველადი გეოლოგიური შეფასებით, მეწყრული პროცესების განვითარებას ძირითადად ბუნებრივი გეოლოგიური პროცესები და 2025 წლის ზამთარ-გაზაფხულზე მოსული უხვი ნალექები უკავშირდება.


2025 წლის საინსპექციო ანგარიშის მიხედვით, აქტიური მეწყერი დაახლოებით 68.45 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. დოკუმენტში აღწერილია ფერდობის გადაადგილება, ღრმა ნაპრალები და სხვა დეფორმაციები, თუმცა არ არის გაკეთებული დასკვნა, რომ მიზეზი რკინიგზის პროექტია.


თავის მხრივ, „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ექსპერტიზა, რომელიც მეწყრულ პროცესებს კომპანიის სამშენებლო ან აფეთქებით სამუშაოებს დაუკავშირებდა.

ამ ეტაპზე საჯაროდ არ არსებობს საბოლოო სახელმწიფო ექსპერტიზა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ან გამორიცხავდა რკინიგზის სამუშაოების გავლენას.

დღეს არსებული სურათი ასეთია — მეწყერმა ღვერკისა და ხემაღალის ათეულობით ოჯახი საკუთარი სახლების დატოვების წინაშე დააყენა. დაზარალებულთა ნაწილმა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კომპენსაცია მიიღო, ნაწილი კი სასამართლოში დავას აგრძელებს. მათთვის მთავარი კითხვა ამ დრომდე უცვლელია — რამ გამოიწვია მეწყერი, რომელმაც სოფელი პრაქტიკულად დაშალა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, რიონისპირა სახლების
რეაბილიტაცია ხელისუფლების იმ დაპირებებს შორის რჩება, რომელიც წლების
შემდეგაც არ შესრულებულა.
13:05 / 29.06.2026

ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ხელისუფლების იმ დაპირებებს შორის რჩება, რომელიც წლების შემდეგაც არ შესრულებულა.

ქუთაისელი მხატვარ-მოქანდაკის, ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი შესაძლოა
საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლონ.
19:03 / 23.06.2026

ქუთაისელი მხატვარ-მოქანდაკის, ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი შესაძლოა საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლონ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.