ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 390 დღეში უნდა დასრულებულიყო, ორ წელზე მეტია გრძელდება.

ქუთაისის №7 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი სსიპ
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტომ 2024 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.
ტენდერის ღირებულება 13 798 084 ლარს შეადგენდა და ქუთაისის №7 საჯარო სკოლის გარდა სამუშაოები კიდევ სამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა განხორციელებულიყო: დაბა ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №2 საჯარო სკოლაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლაში.
სააგენტომ 2024 წლის 28 ნოემბერს ხელშეკრულება კომპანია უპს
„ბრიტანია კონსტრუქმშენთან“ 13 370 343 ლარზე გააფორმა. ამ თანხიდან
ქუთაისის №7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 5 667 779 ლარი იყო
განსაზღვრული. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადად
2025 წლის დეკემბერი განისაზღვრა.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე დაიწყო. ამავე პერიოდში ხელშეკრულებაშიც შევიდა პირველი ცვლილებები.
მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დღემდე სულ ხუთი ცვლილებაა
შეტანილი. ცვლილებები ითვალისწინებს როგორც სამუშაოების ვადის
გადავადებას, ისე ხელშეკრულების ღირებულების ზრდას. ერთ-ერთი
ცვლილებით კომპანიამ სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად დამატებით
173 035.33 ლარი მოითხოვა.
ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, რეაბილიტაცია 2026 წლის 22 ივნისისთვის
უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ამ თარიღის
შემდეგ ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იძებნება,
შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დასრულდება ქუთაისის №7 საჯარო
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების გამო, რამდენიმე თვის წინ
ქუთაისის №7 საჯარო სკოლის მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და
სამუშაოების დროულად დასრულება მოითხოვეს. მათი განცხადებით,
მოსწავლეებს უკვე წლებია სასწავლო პროცესის გავლა სხვა სკოლაში უწევთ,
რაც როგორც საგანმანათლებლო პროცესს, ისე ოჯახების ყოველდღიურობას
მნიშვნელოვნად ართულებს.
სკოლის გაჭიანურებულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ერთი თვის წინ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მშობლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ სამუშაოების
პროცესში დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა გამოიკვეთა,
თუმცა კითხვაზე — როდის დასრულდება სკოლის რეაბილიტაცია — მშობლებმა
კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.



მასალის გამოყენების პირობები