საზოგადოება
წყალტუბოს სანატორიუმები „ახალი სიცოცხლის“ დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ — მიტოვებული შენობები და შეუსრულებელი დაპირებები
FaceBook

წყალტუბოს სამი ყოფილი სანატორიუმი — „მედეა“, „მეშახტე“ და „ცისკარი“ — კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია, მიტოვებულია და ნგრევის პირასაა.


მედეა“, რომელიც 2022 წლის აგვისტოში შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ 5.83 მილიონ ლარად შეიძინა. თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან ის კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა "მეშახტე" და "ცისკარიც". დაბრუნების მიზეზი საპრივატიზაციო ვალდებულებების არშესრულება იყო.

ეს ობიექტები წლების წინ მასშტაბურ პროექტს უკავშირდებოდა, რომელიც ქალაქის აღორძინებას ითვალისწინებდა, თუმცა დღეს მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ შენობები რეაბილიტაციის და პასუხისმგებლიანი მეპატრონის მოლოდინში  ნელნელა ნადგურდება.


სანატორიუმი "მედეა". 

ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როდესაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა  ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების შესყიდვისა და მათი აღდგენის იდეის შესახებ.


ეს განცხადება მაშინვე გახდა საჯარო განხილვის თემა და ქალაქის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეგმად შეფასდა.

ამ განცხადებიდან  რამდენიმე თვეში, წყალტუბოში ჩავიდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნატია თურნავა. მან ადგილზე, მათ შორის სანატორიუმ „მედეაშიც“, გააკეთა კომენტარები და საჯაროდ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ეს ინიციატივა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიძლებოდა ყოფილიყო.


2019 წელი, ნათია თურნავა და იმერეთის მაშინდელი  სახელმწიფო რწმუნებული სანატორიუმში "მედეა".


მოგვიანებით პროცესში უკვე სახელმწიფოც ჩაერთო და წყალტუბოს რამდენიმე ყოფილი სანატორიუმი პრივატიზაციის გზით გაიყიდა იმ პირობით, რომ ახალი მფლობელები მათ რეაბილიტაციას მოახდენდნენ და ტურისტულ ობიექტებად გადააქცევდნენ.

თუმცა დროის განმავლობაში ეს ვალდებულებები ნაწილობრივ არ შესრულდა და შედეგად „მედეა“, „მეშახტე“ და „ცისკარი“ ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.

დღეს ეს სამი სანატორიუმი ისევ სახელმწიფოს ბალანსზეა, თუმცა რეაბილიტაცია ან ახალი განვითარება ჯერ არ დაწყებულა. 

წყალტუბოსთვის „ახალი სიცოცხლის“ შთაბერვის იდეა უკვე დაახლოებით 14 წელია სხვადასხვა ხელისუფლების "დღის წესრიგშია", თუმცა ქალაქის აღორძინებაზე საუბარი ხშირ შემთხვევაში რიტორიკის დონეს არ სცილდებოდა — „ლას-ვეგასი“, „ბადენ-ბადენი“, „კარლოვი ვარი“ და „ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი“ წლების განმავლობაში ხშირად განმეორებად პოლიტიკურ ფრაზებადაც იქცა.

2012 წლის სექტემბერში მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა:


„ჩვენ დავუბრუნებთ აქაურობას და თითოეულ ჩვენგანს მომავალს. ავაშენებთ ახალ საცურაო აუზებს, ახალ აბანოებს“.

შვიდი წლის შემდეგ, 2019 წელს, წყალტუბოს საკითხი კვლავ მასშტაბური დაპირებით დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო პირადად ჩადგომოდა პროექტის სათავეში და გამოესყიდა უკლებლივ ყველა — 22 სასტუმრო და 9 აბანო, მათი სრული რეაბილიტაციის მიზნით. მისი თქმით, პროექტი სრულად ამორტიზებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და 15 000–20 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებდა.


2019 წლის შემდეგ პროცესს უკვე სახელმწიფო სტრუქტურებიც აქტიურად დაუკავშირდნენ. 2020 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებდა, რომ წყალტუბოს სჭირდებოდა ისტორიული იერსახის აღდგენა და თანამედროვე ელემენტების დამატება, რის შემდეგაც ის ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდებოდა.

2022 წელს ყოფილი (და ახლა უკვე საპატიმროში მყოფი) პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ მთავრობა კურორტის განვითარებაზე მუშაობდა და მიზანი იყო წყალტუბოს გადაქცევა „21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად“.

იმავე პერიოდში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარმოადგინა პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ და განაცხადა, რომ პროცესში უკვე ჩართული იყო უცხოელი ინვესტორი, რომელსაც სასტუმროების განვითარების გეგმები ჰქონდა.

ამავე წელს გაჟღერდა 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ქალაქებისა და კურორტების განვითარებაზე 1 მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმებოდა და ამ ჩამონათვალში წყალტუბოც შედიოდა.

პროექტის ფარგლებში 14 ყოფილი სანატორიუმი გამოიტანეს გასაყიდად. მათგან მხოლოდ ნაწილი გაიყიდა 2022–2023 წლებში სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებით.

ბოლო წლებში ქონების ეროვნულმა სააგენტომ კიდევ რამდენიმე ყოფილი სანატორიუმი — „სავანე“, „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ — აუქციონზე გაიტანა, თუმცა არ გაიყიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და
სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
18:55 / 04.06.2026

მშობლების 45-დღიანი ქუჩაში დგომის, საზოგადოების მხარდაჭერისა და სტუდენტების მიერ შეგროვებული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის
სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა
და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.
13:24 / 25.05.2026

ორი თვეზე მეტი გავიდა 12 მარტის სტიქიიდან, რომელმაც ტყიბულის სოფელი კურსები ერთ ღამეში შეცვალა — გზები ჩაკეტა, სახლები დააზიანა და 58 ოჯახი იძულებით გაარიდა საკუთარ ცხოვრებას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.