რეკლამა
ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის გამოცდილება ჩეხეთის მაგალითზე ®
FaceBook
ჩეხეთის მაგალითი წარმოადგენს ყურადსაღებ გაკვეთილს საქართველოსთვის, რომელიც დღეს ევროპაში ინტეგრაციის აქტიურ ფაზას გადის და ცდილობს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.


სტატია წარმოადგენს გენდერის საკითხებზე მომუშავე ჩეხეთის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული კვლევების“ წარმომადგენლის, კლარა კოზლოვას ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვას, რომელიც დაიწერა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს, ვიშეგრადის ქვეყნებში არსებული პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშესაწყობად და გენდერული პოლიტიკის დასანერგად პრაქტიკული რეკომენდაციების გამომუშავებას.


ვიშეგრადის ქვეყნებში ყველაზე საგრძნობი პროგრესი, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით, სწორედ, ევროკავშირში გაწევრიანების წინა პერიოდში შეინიშნებოდა. არც ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენს გამონაკლისს. თუმცა, გენდერული თანასწორობის მისაღწევად ძირითადი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნისა და საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარება ჩეხეთში საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.

დღესდღეობით, კვლავ აშკარაა სხვაობა მამაკაცებისა და ქალების მდგომარეობის და შესაძლებლობების მხრივ: ქალთა დასაქმების მაჩვენებელი სისტემატურად ჩამორჩება მამაკაცებისას. შრომის ბაზრის ჰორიზონტალური სეგრეგაცია მიანიშნებს, რომ ქალები, ძირითადად, იკავებენ დაბალანაზღაურებად პოზიციებს სერვისის და მზრუნველობის სექტორებში (სოციალური სფერო, პედაგოგიური საქმიანობა და განათლება, ჯანმრთელობის დაცვა). გენდერულ უთანასწორობას, ასევე, დასაქმების ვერტიკალური სეგრეგაციაც მოწმობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ იშვიათია ქალი ხელმძღვანელები და მენეჯერები, ისევე როგორც წამყვანი პოლიტიკური ფიგურები. პარლამენტში ქალთა წილი 22% შეადგენს, სენატში - 20%, ხოლო მთავრობაში ქალთა რაოდენობა 12%-მდე მერყეობს. ადგილობრივ დონეზე ქალები შეადგენენ წარმომადგენლობითი ორგანოს მხოლოდ 27% (რეგიონული საბჭოები), ხოლო მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების დონეზე და მომსახურებასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე, ქალები მნიშვნელოვნად ჭარბობენ. გენდერული სხვაობა ანაზღაურებაში შეადგენს 22.5% მამაკაცთა სასარგებლოდ.

ჩეხეთში გენდერული თანასწორობის ძირითადი საკანონმდებლო აქტებია: ქვეყნის კონსტიტუცია, დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი (2009 წ.), „მთავრობის პრიორიტეტები და პოლიტიკა ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის“ და „2014-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია ჩეხეთის რესპუბლიკაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისათვის“. რაც შეეხება ინსტიტუციურ ჩარჩოს, შეიძლება გამოიყოს ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების სამთავრობო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა მინისტრი და ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების დეპარტამენტი, რომელიც შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ არის მოქცეული და კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის მისაღწევად მთავრობის მიერ განხორციელებულ ყველა საქმიანობას. ცალკე და მნიშვნელოვანი როლი თანასწორი შესაძლებლობების და მოპყრობის უზრუნველსაყოფად ეკისრება სახალხო დამცველის ოფისს, რომლის ფარგლებში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ შეიქმნა თანასწორობის ორგანო. ის საკმაოდ კარგად მუშაობს დისკრიმინაციის საკითხების მხილებაზე და პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს და საზოგადოებრივ მოსაზრებებს დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. 2001 წელს მთავრობის დადგენილებით, ყველა სამინისტროს ასევე დაევალა „გენდერული თანასწორობის საკითხზე“ პასუხისმგებელი პირის დანიშვნა.

სამწუხაროდ, გენდერული მეინსტრიმინგი ჩეხეთის კონტექსტში წარმოადგენს ზემოდან ქვემოთ მართულ პროცესს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების როლი გამოკვეთილი არ არის. ისინი, გენდერული თანასწორობის სამთავრობო საბჭოში უშუალოდ არ მონაწილეობენ და პროცესის მხოლოდ გარე აქტორებს წარმოადგენენ. ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის გატარებაზე პასუხიმგებლობა ასევე არ არის კანონით რეგლამენტირებული.

ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის გატარებაზე კოორდინაციის გამწევ ერთადერთ ორგანოს ჩეხეთში შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) წარმოადგენს. თუმცა, სამინისტროს სტრუქტურაში დანიშნული „გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობა ხშირად მათ უფლება-მოვალეობებში ჩარევის და „ავტონომიის“ შეზღუდვის მცდელობად აღიქმება. ერთ-ერთი პროაქტიული ქმედება, რაც ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით შსს მიერ განხორციელდა, არის 2009 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის ფარგლებში ელექტრონული კითხვარები დაეგზავნა ყველა მუნიციპალიტეტს ადგილებზე გენდერული თანასწორობის კუთხით მდგომარეობის გამოსაკვლევად. სამწუხაროდ, გაგზავნილი კითხვარების ორი მესამედი შეუვსებელი დარჩა, რაც ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხების არაპრიორიტეტულობაზე მიანიშნებს.

მსგავსი სურათი გამოიკვეთა აღნიშნული ნაშრომის ავტორის მიერ, ვიშეგრადის ფონდის პროექტის ფარგლებში, 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგადაც, როდესაც მის მიერ 152 მუნიციპალიტეტში გაგზავნილი კითხვარიდან შევსებული დააბრუნა მხოლოდ 49 მუნიციპალიტეტმა, ანუ 32%. ავტორის აზრით, ეს მიანიშნებს მუნიციპალიტეტების მხრიდან საკითხის არაპრიორიტეტულად აღქმაზე, გენდერულ მეინსტრიმინგში დაბალ ცნობიერებაზე ან/და ადგილებზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის არარსებობაზე. გამოკითხვაში მონაწილე 32% მუნიციპალიტეტიდან 61% დადებითად უპასუხა კითხვას „გენდერული მეინსტრიმინგის“ არსის შესახებ, ხოლო 26,5% მიუთითა, რომ იყენებს მას გადაწყვეტილების მიღების და ადგილობრივი პოლიტიკის და პროგრამების შეფასების პროცესში. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 31% პასუხობს, რომ ადგილებზე ტარდება მუნიციპალური პროგრამების გენდერული აუდიტი, 50% აწარმოებს გენდერულ სტატისტიკას, ხოლო მუნიციპალიტეტების 81.8%-ში საჯარო მოხელეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილი ტრენინგ-სემინარები. თუმცა, პრობლემად კვლავ რჩება გენდერული ბიუჯეტირების და ადგილობრივი პროგრამების გენდერული ზეგავლენის შეფასების საკითხი.

კვლევის შედეგები და აღნიშნული მონაცემები მოწმობს, რომ, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ჩეხეთში დღეს მაინც ვერ ხერხდება გენდერული თანასწორობის სასურველი ხარისხით მიღწევა და ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის ქმედითად გატარება. არსებული მდგომარეობის მიზეზად და უპირველეს პრობლემად ავტორი მიიჩნევს „გენდერული თანასწორობის“ საკითხებში და მის მნიშვნელობაზე საზოგადოების არასაკმარისად შემზადებას და ცვლილებების მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, ფორმალური დეკლარირების სახით გატარებას. გარდა ამისა, საკმარისი არ არის ცალკეულ სამინისტროებში გენდერზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა და მხოლოდ მათი მომზადება. მნიშვნელოვანია, პარალელურად მოხდეს გადაწყვეტილებების სადავეებთან მყოფი საჯარო მოხელეების შესაბამისი ინფორმირებულობა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებში ცნობიერების ამაღლება. ადგილობრივი ხელისუფლების დისტანცირება გენდერული პოლიტიკისგან და მისი არასაკმარისი მეთოდოლოგიური აღჭურვა გენდერული ანალიზის, გენდერული ბიუჯეტირების და გენდერული აუდიტის წარმოების პრაქტიკული გზების შესახებ ასევე აფერხებს მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას.

ამდენად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ჩეხეთის მაგალითი წარმოადგენს ყურადსაღებ გაკვეთილს საქართველოსთვის, რომელიც დღეს ევროპაში ინტეგრაციის აქტიურ ფაზას გადის და ცდილობს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი კანონი და პროგრესული ინიციატივა შეიძლება ცარიელ დეკლარაციად და უმოქმედო ინსტრუმენტად დარჩეს, თუ არ მოხდება ცვლილებების საჭიროების ჯეროვანი აღქმა საზოგადოებრივ ცნობიერებაში და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მნიშვნელობის გააზრება სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროში ადამიანმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს, უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და მათი რეალიზების თანაბარი შესაძლებლობებით. გენდერული თანასწორობა საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების ეფექტურ დაცვას, ქმნის გონივრულად დაგეგმილი ეკონომიკის საფუძველს, ზრდის პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ განვითარებას.


ეკატერინე გამახარია,
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი
ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კრიპტოვალუტის მუდმივად ცვალებად ბაზარზე ორი გიგანტი - ბიტკოინი და
ეთერიუმი, გამუდმებით იზიდავს ინსტიტუციური ინვესტორების ყურადღებას.
17:22 / 28.11.2024
კრიპტოვალუტის მუდმივად ცვალებად ბაზარზე ორი გიგანტი - ბიტკოინი და ეთერიუმი, გამუდმებით იზიდავს ინსტიტუციური ინვესტორების ყურადღებას.
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.