ახალი ამბები
"პატრონი არ ჰყავს ამ ქალაქს“ - რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე
FaceBook

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, სამუშაოების დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც დაუმთავრებელია.


განახლებული ვადის მიხედვით, სამ კილომეტრიანი გზის სავალი ნაწილის გახსნა ახალი წლისთვის იგეგმება, ხოლო რეაბილიტაციის სრულად დასრულების ვადა ისევ გაურკვეველია.

შესაბამისად, აღმაშენებლის გამზირი, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ გზას უკავშირდება, ნახევრად პარალიზებული რჩება. გამზირის მეორე ნაწილზე კი, სადაც მოძრაობა დასაშვებია, ე,წ. იამებზე ქუთაისელებს, ავტომობილით გადაადგილება მანქანის დაზიანების ხარჯზე უწევთ.


"მგონია, რომ პატრონი არ ჰყავს ამ ქალაქს. თორემ ამდენი ხანია, მართლაც რა ვერ გათხარეს და დააგეს ეს გზები, დაგვემტვრა მანქანები. ხან ერთ იამაშია ჩავარდნილი მანქანა, ხან მეორეში“, - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მურმან ჯიშკარიანი. 


,,მოძრაობა ქაოსურია. ახლო-მახლო ჩიხებშიც კი საცობები იქმნება, შეუძლებელია ასე გაგრძელება“,
- ამბობენ აღმაშენებლის გამზირზე გაჭიანურებული სამუშაოების გამო განაწყენებული მოქალაქეები. ამას ემატება ის უკამაყოფილება, რომელსაც აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები გამოთქვამენ.

,,მთელი ზაფხული მტვერში ვიყავით. გამზირზე, სადაც დასასვენებლი სკვერიცაა, ტექნიკა იდგა, გადათხრილი იყო ყველაფერი.აღარ ვიცი, ოდესმე თუ მოწესრიგდება ეს ქუჩა“, - ამბობს ადგილობრივი დარინა ძოძუაშვილი. 

ამ ეტაპზე აღმაშენებლის გამზირზე ტროტუარისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოებს კომპანია „საქმილსადენმშენი“ ასრულებს. საგზო დეპარტამენტსა და „საქმილსადენმშენს“ შორის ხელშეკრულება (NAT 200013113) 2021 წლის სექტემბერში დაიდო.

კომპანიამ სამუშაოები მას შემდეგ გადაიბარა, რაც რეაბილიტაციაზე თავდაპირველად პასუხისმგებელმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

„საქმილსადენმშენს“ სავალი ნაწილის (ტრასის) აღდგენა და გამაგრება, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ველობილიკის და ტროტუარების მოწყობა, 6 764 031 ლარის სანაცვლოდ დაევალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია აღმაშენებლის გამზირს, იმერეთის რეგიონში საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში აკეთებს.

სამუშაოების დამკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, სადაც განგვიმარტეს, რომ თუკი ამინდმა ხელი არ შეუშალათ, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ახალი წლისთვის უნდა დასრულდეს.

,,სავალი ნაწილი გაიხსნება მალე, მაგრამ ხომ უნდა ვნახოთ როგორ ატარებს წყალს, უნდა შევამოწმოთ რამდენად სწორად არის გაკეთებული. საბოლოოდ, ვფიქრობთ, რომ ახალი წლისთვის უნდა დასრულდეს, თუკი ამინდებმა შეგვიწყო ხელი“, - ამბობს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლი იმერეთში ბაქარ ჭეიშვილი.

სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში კი, იმ სირთულეებზე საუბრობენ, რომელიც მათი აზრით, წინამობერდმა კომპანიის არათანმიმდევრულმა მუშაობამ გამოიწვია.

"ძალიან ბევრი სირთულე დაგვხვდა ადგილზე. ორ კვირაში ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის ორივე სავალი ნაწილის (ტროტუარის) გახსნას. შემდეგ მოსაწყობი დარჩება ტროტუარები და ველობილიკი“
, - ამბობს „საქმილსადენმშენის“ დირექტორი ავთანდილ ლომთაძე. 

###

აღამშენებლის გამზირის რეკონსტრუქციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყებამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი (NAT 200010123 ) 2020 წლის აგვისტოში გამოაცხდა.

სამუშაოების შესყიდვის სურვილი სამმა კომპანიამ (შპს კომპანია ბლექ სი გრუპი, დაგი+ და ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია "აკკორდ"-ის წარმომადგენლობამ გამოთქვა. ტენდერის გზითვე, სამუშაოებზე პასუხისმგებლობა „აკკორდ ჯორჯიამ“  აიღო. 

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში დაიდო. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ 7 373 275 ლარის სანაცვლოდ აიღო ვალდებულება, რომ 7 თვეში მოაწესრიგებდა 3 კილომეტრიან გამზირს. ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოების ეტაპები და გრაფიკი. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, კომპანიამ დამატებითი დრო (ერთი თვე) მოითხოვა. 

როგორც სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციით ირკვევა, ვადის გადაწევის მიზნით, მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ორჯერ შევიდა. ორივე ჯერზე კომპანია დროს მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ითხოვდა. გადავადების მიუხედავად, კომპანიამ ვერც ერთხელ შეძლო განსაზღვრულ ვადაში ჩატევა, რის გამოც კომპანია სახელმწიფომ 187 281 ლარით დააჯარიმა.

დაკისრებული პირგასამტეხლოსა და გადავადებული სამუშაოების მიუხედავად, აღმაშენებლის გამზირზე ,,აკკორდ ჯორჯიამ" მაინც ვერ უზრუნველჰყო ვალდებულების შესრულება. ამიტომ, საგზაო დეპარტამენტმა კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის ივლისში შეწყვიტა. შესაბამისად, „აკკორდ ჯორჯიამ“ 11 თვის განმავლობაში სამუშაოების მხოლოდ 16 % პროცენტი შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7 373 275 ლარიდან, მხოლოდ 1 210 550 მიიღო.

ქუთაისის მერია ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის. ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ პასუხისმგებელი საგზაო დეპარატემენტია. საგზაო ტეპარტამენტში კი თითქმის ორი წლის შედეგაც არ იციან თუ  როდის დასრულდება  ქალაქისთვის  ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.