შსს-ს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში,
შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის
განცხადებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით
მკურნალობას გაივლის.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან
ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება -
მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები
გამკაცრდა.
მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს
მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად
კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე
დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას წარმოადგენს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური
განცხადება, ამასთან, აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებმა
ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო
მოძრაობა, თუმცა მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს
კანონსაწინააღმდეგო ქმედება",- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, შსს-ს მიერ, გამოვლენილ
იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი,
რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ
მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში
მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.
მასალის გამოყენების პირობები