პოლიტიკა
საქართველოს პირველი ამერიკელი ინვესტორი
FaceBook

წლების წინ იუთუბში, 1945 წლის 12 აგვისტოს ვიდეო-კადრებს ვუყურებდი. იმ კადრებში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას რომ აღნიშნავდა საბჭოთა იმპერია, წითელ მოედანზე პარადს იბარებდა გენერალ-სიმუსი სტალინი. მის გვერდით, კი ახალგაზრდა კაცი ამერიკულად იღიმოდა.

 

მაშინ გავიგონე პირველად ამ კაცის სახელი და გვარი - ეს კაცი ამერიკელი, უილიამ ავერელ ჰარიმანი გახლდათ.

 

დასაწყისშივე დავწერ, რომ ჩვენ დღეს ნიუ-იორკის შტატის ყოფილ გუბერნატორზე, სხვადასხვა დროს შეერთებული შტატების ელჩზე საბჭოთა კავშირში თუ დიდ ბრიტანეთში, ამერიკის პრეზიდენტობის ორგზის კანდიდატზე, შეერთებული შტატების კომერციის მინისტრზე - უილიამ ავერელ ჰარიმანზე ვსაუბრობთ. აი, ცნობილი ჰარიმანის ინსტიტუტიც, დღეს რომ ხშირად გვესმის მისი სახელი ეკრანებიდან, მის სახელს ატარებს.



მაგრამ, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, ისაა რომ ამ ტიტულების მიუხედავად, იგი ახალგაზრდობის წლებში თავისი პროფესიითა და საქმიანობით მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს და ჭიათურას.

 

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, დღესაც გამოფენილია მისი სურათი და ინახება მაღაროელის ის ქუდიც, რომლითაც იგი ჩადიოდა მაღაროს მოსანახულებლად.

 

მისი ინტერესი ჩვენდამი იწყება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის თებერვლიდან. საბჭოეთს დასჭირდა ამერიკული კაპიტალი და ეს საკანონმდებლო დონეზე გადაწყდა - წითელ რუსეთში დაიწყო ახალი, ლენინის ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ამას მოჰყვა წვრილი კონცესიური ხელშეკრულებების გაფორმება საბჭოთა სახელმწიფოსა და უცხოელ ინვესტორებს შორის. რა თქმა უნდა, დიდი იყო რისკი უცხოელი ბიზნესმენებისთვის, რადგან საქმე ჰქონდათ მერყევ და არასტაბილურ ქვეყანასთან.

 

კონცესია ვრცელდებოდა ჭიათურის მანგანუმის მაღაროებზე. ჰარიმანს პირობის თანახმად უნდა აემუშავებინა გაპარტახებული მაღაროები, ახალი ტექნიკა შეესყიდა საზღვარგარეთ, კეთილმოეწყო ადგილობრივი მუშახელის პირობები, აეშენებინა სასადილოები და სასწავლებლები ერთის სიტყვით, ჭიათურისგან უნდა შეექმნა დასავლეთ-საქართველოს მძლავრი ინდუსტრიული ცენტრი.

 

მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი იყო ჭიათურაში მანგანუმის ოდენობა, ის მაღაროები, რომლებიც საქართველოს გასაბჭოებამდე კერძო პირებს ეკუთვნოდათ, უკვე ნანგრევებად ქცეული და კონფისკირებული დახვდა ჰარიმანს. საკუთარ მოგონებებში წერს: ადრე ჰქონიათო ძალიან პრიმიტიული ხელსაწყოებიო, თუმცა გაცვეთილ-გაფუჭებული. ამიტომაც, ფეხშიშველი ქართველი და სომეხი მუშები, ძონძებში ჩაცმული, თოხით და ბარით თხრიდნენ, მოპოვებულ შავ ოქროს ვირებს აჰკიდებდნენ და ასე ჩაჰქონდათ მატარებლის ვაგონებამდეო. უფრო მძაფრადაც წერს იგი: ღამე მუშებს ეძინათ მიწაზე ცხოველებთან ერთად, ბოსელშიო.

 

საშინელი მდგომარეობა ყოფილა ტრანსპორტის მხრივაც - მაღაროდან პორტამდე, ფოთამდე. თურმე, არ არსებობდა ერთი მსხვილი ლიანდაგი, რომელიც ფოთამდე ჩავიდოდა. წვრილი ლიანდაგით მატარებელი რომ მოიტანდა შუა გზაზე ამ ტონებით დატვირთულ ვაგონს, მეორე ვაგონებში ხელით უწევდათ მუშებს გადატანა ამ ტონობით მანგანუმის.

 

კონცესიური შეთანხმების პირობის თანახმად, ჰარიმანმა აიღო ვალდებულება აეთვისებინა საბადოები 2800 ჰექტარზე 20 წლის განმავლობაში, აეშენებინა თანამედროვე ფაბრიკა და ფართო ლიანდაგიანი რკინიგზა. პირველ სამ წელიწადში მთავრობისთვის გადაეხადა ტონაზე სამი დოლარი საკომისიო, და შემდეგ 4 დოლარამდე გაეზარდა.

 

უნდა დაეწყო წელიწადში 300 ათასი ტონის მოპოვებით და გაეზარდა ეს ციფრი ნახევარ მილიონამდე. ცალკე ექსკლუზივ-ექსპორტის უფლებაში იხდიდა 1.5 მილიონ დოლარს წელიწადში, დამატებით.

 

და ახლა, ყველაზე მთავარი დეტალი ამ ისტორიისა, ურომლისობაც აქამდე ხელს გვიშლიდა გაგვეგო, თუ რატომ გააქციეს ამერიკელი აქედან: იმ ძველ მფლობელებს და მათ უკან მდგომ ქართველ მუშებს, არ მოეწონათ ვიღაც ამერიკელი კაპიტალისტი, რომელიც დიდი ფულით და საბჭოეთის პატრონაჟით შემოდიოდა მათ ქვეყანაში, - ახალ გასაბჭოებულ ყოფილ დამოუკიდებელ ქვეყანაში.

 

ამას ისიც დაემატა, რომ ჭიათურის „ექსკლუზივის“ პარალელურად, 1926 წელს საბჭოთა ხარბმა მთავრობამ, გერმანელთა დახმარებით ოდესის ჩრდილოეთით, ქალაქ ნიკოპოლში დაიწყეს მარგანეცის მოპოვება, რომელიც მანამდე მარაგის მიზეზით ჰქონდათ დაკეტილი.

 

დიდი პრობლემა აღმოჩნდა რკინიგზის შეკეთება. ადრევე მოატყუეს რეალურ სიტუაციაში და აღმოჩნდა, რომ უფრო რთულად ყოფილა საქმე, ამ ლიანდაგს მარტო გამსხვილება კი არ ჭირდებოდა (როგორც ეს უთხრეს), არამედ 30 ხიდის თავიდან აგებას და ახალი გვირაბების გათხრასაც მოითხოვდა, რომელიც რეალურად 12-დან 15 მილიონამდე დაჯდებოდა.

 

ჰარიმანი თავისსავე წიგნში წერდა, რომ თურმე მაშინდელი პროფკავშირი ვერ იტანდა კაპიტალისტებს. აქეზებდნენ კიდეც მუშებს, რომ ეს გარიგება არამეგობრულია, და ქვეყნისთვის სამტრო“. ამიტომაც, მაღაროებშიც კი ყოფილა მტრობა კომუნისტებსა და არაკომუნისტებს შორის - შეთქმულად არაპროდუქტიულები იყვნენ ზოგიერთი მუშათა დანაყოფები და მიდიოდა დაუსრულებელი დასმენები ბრიგადირებსა და მუშებს შორისო.

 

ჯერ კიდევ რამოდენიმე კვირის დაწყებული ქონდა სამუშაოები ჭიათურაში ჰარიმანს, როცა გაიგო, რომ კომუნისტებმა თავისთვის შეინახეს და დაარეზერვეს მდიდარი საბადო იმავე ტერიტორიაზე, სადაც ასევე ვრცელდებოდა ჰარიმანის იჯარა - 15 მილიონ-ტონიანი პერევისის გორა”, რომლის გამოყენებას ამერიკელების წასვლის შემდეგ გეგმავდნენ, თურმე.

 

ჰარიმანს შეექმნა სხვა სირთულეები კონცესიის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით და ამიტომაც, სრული ფინანსური კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით მიმართა ხელშეკრულების შეწყვეტის საარბიტრაჟო დათქმას.

 

1926-ში ჰარიმანი ხვდება ტროცკის, მთავარ საკონცესიო კომისიის თავმჯდომარეს და ოთხი საათის განმავლობაში მართავს მოლაპარაკებას.

 

გულისყურით უსმენდა ტროცკი კონცესიონერს. საუბრის ბოლოს, ასეთი რამ წამოცდა, და ეს მგონია მთავარი მიზეზი, თუ რატომ გააქციეს ქვეყნიდან ჰარიმანი. ტროცკი ეუბნება: ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არანაირი გარანტია არა გვაქვს, რომ კონცესიონერი ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი მოკავშირიდან არ გადაიქცევა ჩვენს მტრადო.

 

ეს ჩვენს წესებში არააო, - პასუხობს ჰარიმანი. ისტორიას ბევრი მსგავსი მაგალითი ახსოვსო, - აწყვეტინებს ტროცკი.

 

მერე, ჭიათურას რაც დაემართა, დღესაც ვხედავთ. როცა შეიძლებოდა დედამიწის უმდიდრესი ქალაქი ყოფილიყო, საბჭოთა სიხარბემ და ამბიციებმა, ან შეიძლება პოლიტიკურმა სიბეცემ და კაპიტალიზმისაგან მკვეთრმა დისტანცირებამ, შეიძლება ფსევდო-პარტიოტიზმმაც, ეს ნათელი მომავალი წაართვა ჭიათურას.

 

რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი დღეს?

 

ამ ამბებზე წერისას, ვრწმუნდები, რომ დრო ბრუნავს, თითქმის საუკუნის წინანდელ ისტორიას კი არა, აი, დღევანდელ ნიუსს უსმენ. განსხვავება ისაა, მაშინ თუ ჭიათურმანგანუმიდან გაიქცა ამერიკელი, დღეს - ანაკლიიდან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.