ვიდეო
ცივილიზაციას მოწყვეტილი იმერული სოფლის ევროპული ალტერნატივა (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" რუბრიკის "სოფლის ცხოვრების ევროპული პერსპექტივა" ფარგლებში მორიგ ვიდეორეპორტაჟს გთავაზობთ.

აღნიშნული რუბრიკა გულისხმობს, აჩვენოს ევროპული ღირებულებები სოფლის ცხოვრებაში, მულტიმედია ფორმატით.

მეორე სოფელი, რომელსაც რუბრიკის ფარგლებში გაგაცნობთ ზედა მესხეთი გახლავთ.

***
იმერეთში, ქვიტირის თემში შემავალ სოფელ ზედა მესხეთს "ცივილიზაციას მოწყვეტილს" უწოდებენ.  

ეს მეტსახელი სოფელს თავად ადგილობრივებმა მოარგეს, რადგან აქ მცხოვრები 350 ოჯახი ამ დრომდე გზისა და გაზის გარეშე ცხოვრობს.

საყოფაცხოვრებო სიკეთეებზე ჩამორჩენის მიუხედავად, გლეხები ახერხებენ საინფორმაციო საშუალებებს თვალყური ადევნონ და იციან, რომ მთავრობის მხარდაჭერა სოფლის განვითარების ერთადერთი გზაა.

მესხეთლები თვლიან, რომ თავიანთი მხარის ნათელი მომავალი სასათბურე მეურნეობის გაძლიერებაზე და სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობაზე გადის.


ცივილიზაციას მოწყვეტილები

მაშინ, როდესაც 21 საუკუნეში მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მწვერვალზეა,  ბუნებრივი აირის არარსებობის გამო, ზედა მესხეთში გათბობის ერთადერთ საშუალებას კვლავ შეშა წარმოადგენს.

ზედა მესხეთლები "ქუთაისიპოსტთან" სოფლად ცხოვრების სირთულეებზეც ყვებიან და ბუნებრივი აირის დროულ მიწოდებას ითხოვენ.




გზის გარეშე დარჩენილი უმისამართო სოფელი

იმერეთში ორ მესხეთს გამოყოფენ: ზედა და ქვედა მესხეთს. სოფელი ქუთაისიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.

ქალაქიდან მისასვლელი გზატკეცილის შემდგომ, გზა იყოფა. აქედან ორღობეებსა და ქვაღორღიან ბილიკებს ზედა მესხეთში მივყავართ, ხოლო მოასფალტებულ გზას - ქვედა მესხეთში.

სოფლის შიდა გზა ამორტიზებულია და ტეროტორიაზე დასადგურებულ სიჩუმეს იშვიათად არღვევს ავტომობილის ხმაური.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მწყობრიდან გამოსულმა გზამ არაერთი ავტომობილის საბურავი "შეიწირა" და მოსახლეობა მანქანით სიარულს ამიტომაც ერიდება.

"ზემო მესხეთისკენ გზად მომავალს, არც ხმაური, არც მტვერი და გამონაბოლქვი შეგაწუხებს. დიდი–დიდი რომელიმე ეზოში უგაზობის გამო დანთებულმა კვამლმა აგიცრემლოს თვალები," - ხუმრობენ ზედა მესხეთში მცხოვრებლები.

ადგილობრივები გზის მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ზედა მეხეთის სოფლის რწმუნებულმა მაგალითი ქვედა მესხეთის რწმუნებულიდან უნდა აიღოს და სოფელს რიგიანად მიხედოს.





გლეხების თქმით, ზედა და ქვედა მესხეთი, სახელებით დაყოფის გარდა, ინფრასტრუქტურულადაც განსხვავებულია.

"იმ მესხეთში ქუჩის განათებაცაა და გაპრიალებული გზებიც, ჩვენს მესხეთში ჯერ შუა საუკუნეებია. რატომ? ისინი თავადები არიან და ჩვენ გლეხები? საქმე იმაშია, რომ იმ სოფელს უვლის მისი რწმუნებული," - განმარტავენ ზედა მესხეთლები.

სოფელში მოუწესრიგებელ გზასთან ერთად,  ქუჩები სახელების, ხოლო სახლები ნომრების გარეშეა დარჩენილი. 




"კონკრეტული მისამართები არ გვაქვს. სტუმარი ერთხელ მაინც თუ არ არის ნამყოფი, უნდა დავხვდეთ, რომ მოგვაგნოს," - ამბობენ ადგილობრივები.

ზოგიერთი საცხოვრებლის ჭიშკარი ახალი და პომპეზურია, ზოგიც სიძველისგან დაჟანგული.  თუმცა, არაერთ ღობეზე გაკრული აბრა გვამცნობს, რომ მეპატრონეს მისი გაყიდვა სურს.



ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა თაობას საცხოვრებლად ინფრასტრუქტურულად უფრო განვითარებული გარემო ხიბლავს.

"მეტი თვალსაწიერი სჭირდებათ, ჰოდა იქაჩებიან და იქაჩებიან ქალაქისაკენ. მართალია, ეს ბავშვები, როცა სოფელი ვერ ვითარდება, რატომ უნდა ჰქონდეთ აქ დარჩენის სურვილი, " - ამბობენ ზედა მესხეთში მცხოვრები უხუცესები.

სოფელში ბოლოს ჩატარებული აღწერაც პოპულაციის შემცირებაზე მიუთითებს.

საყოველთაო აღწერის ფარგლებში ჩატარებული მონაცემების მიხედვით, მესხეთი ბოლო 12 წლის მანძილზე 119 ადამიანმა დატოვა. 



სოფლის დაცარიელებისგან გადარჩენის გზად ადგილობრივებს სასათბურე მეორნეობის განვითარება მიაჩნიათ.

სოფლის ევროპული არჩევანი

ზედა მესხეთლების ერთადერთი შემოსავალი მემწვანილეობაა, ამიტომ სოფელში ცელოფნებით შეფუთულ სათბურებს შეხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ გლეხებისთვის თავის რჩენა სწორედ სასათბურე მეურნეობაზე გადის, ადგილობრივების დიდ ნაწილს ამ ბიზნესის წამოწყება ფინანსური პრობლემების გამო უჭირთ.

ზედა მესხეთში მცხოვრები ზაზა ჭეიშვილის ოცნებაა, იმდენად გამართული სათბური ჰქონდეს, რომელშიც მოყვანილი პროდუქტი ადგილობრივ და რუსულ ბაზარს გასცდება.

დღესდღეობით ზაზა ჭეიშვილის მესხეთური მწვანილი მხოლოდ ქუთაისის ბაზარზე, ან რუსეთში იყიდება. ამბობს,  რომ ყველაზე მომგებიანი ცერეცოა, რადგან მისი ფასი სეზონზე 5-7 ლარს შეადგენს.

"ჩემს ეზოში ვიწევ და მერე ვყიდი. ახლა სათბური მინდა გავაკეთო, რომ უფრო მეტი რაოდენობის მოსავალი და მოგება მოვიდეს, " -  გვიყვება ის.

ისეთი სათბურის მოსაწყობად, რომლითაც ქართულ და რუსულ ბაზარს უკეთესად აითვისებს, მისი დაანგარიშებით 6 ათასი ლარი დასჭირდება, სწორედ ამიტომ ბანკიდან სესხის გამოტანას გეგმავს.

მისივე თქმით, მესხეთში მოყვანილი მწვანილის საუკეთესო გზა ევროპა იქნებოდა, თუმცა, ამისთვის მეტი ფინანსების დახარჯვა დასჭირდება, რაც მისი ეკონომიკური პირობების ფონზე განუხორციელებელ ოცნებად რჩდება.

"პროცენტი ისეთი მაღალია, დიდი თანხის ვალად დადებას ვერავინ ბედავს. ევროპულ ბაზარზე გასატანი მწვანილი რომ მოვიყვანოთ, ასეთი სათბურის მოწყობისთვის მინიმუმ 15 ათასი ლარი იქნება საჭირო. მწვანილს მაღალი ხარისხი უნდა ქონდეს, კარგ პირობებში უნდა უვლიდე, რაც დიდ თანხებზე მიდის" - ამბობს ჭეიშვილი.

იმისთვის, რომ მესხეთური მწვანილი ევროპული ბაზრისთვის მოემზადოს, გლეხების აზრით, ასეთი ბიზნესის წამოწყებაში მათ მთავრობა უნდა დაეხმაროს.

"თუ მთავრობა მოილაპარაკებს ბანკებთან, რომ მათ ასეთი ბიზნესისთვის სოფლად მყოფ გლეხებზე დაბალპროცენტიანი სესხები გასცენ, სოფელი აყვავდება," - ამბობენ მესხეთში მცხოვრებლები.

მესხეთლებისთვის ევროპასთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ნაცნობი თემაა, და "ქუთაისიპოსტთან" ხელშეკრულების შინაარსზე საუბრობენ.

"მთავრობა გლეხებს უნდა დაეხმაროს, მერე ევროპამ რომ მოგვიწონოს," - ამბობს მესხეთში მცხოვრები ლიანა შალამბერიძე.

"ბევრი საქმე უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ ევროპას დავემსგავსოთ. მესხეთი ევროპას კი არა არაფერს აღარ გავს. თუ ყურადღებას მოგვაქცევენ, ხელი ხელს დაბანს და ერთად ავაშენებთ ქვეყანას. ისე კი არა ხელისუფლებას დავიწყებული რომ ვყავართ, ერთად უნდა ვიყოთ ," -აცხადებს მესხეთის მკვიდრი ნაზიკო კუხიანიძე.

ხელისუფლებისგან დავიწყებული მესხეთლები, სოფლის განვითარების იმედს მაინც იტოვებენ და აცხადებენ, რომ მათი არჩეული გზა ევროპასთან მიდის.

სოფელში მცხოვრებლებისთვის ევროპული არჩევანის ნათელი მაგალითი, ქვიტირის თემში მცხოვრები აბშილავების ოჯახია.

ამ ოჯახს მწვანილის მარტივი ტიპის სასათბურე წარმოება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის USAID-NEO ფარგლებში დაუფინანსდა.

პროექტის მიზანი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.
სასათბურე მეურნეობის 25 კვ მეტრიან ნაკვეთზე სეზონის მიზედვით მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავთ.

"ხარჯების ნახევარი პროექტის მიხედვით დაგვიფინანსეს და ნახევარი ჩვენ დავხარჯეთ," - ამბობს ლია აბშილავა. აბშილავები შემოსავალს არ უჩივიან და ამბობენ, რომ თუ ამინდები ხელს უწყობთ სეზონზე საოჯახო ბიზნესიდან მოგება საშუალოდ 3000 ლარამდე რჩებათ.


ხელისუფლების დაპირებები

ზედა მესხეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობენ. სოფლის რწმუნებული თემურ ჭეიშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ სანატრელი ბუნებრივი აირი მალე მესხეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს ექნება.
"გაზიფიცირება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სოფელში, " - განმარტავს რწმუნებული. თუმცა, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება აღნიშნულ პროექტზე, ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ჯერ არ ფლობს.

რწმუნებული სოფელზე მრავალჯერ დაპირებული გაზიფიცირების ამ დრომდე განუხორციელებელ სამუშაოებს იმით ხსნის, რომ პროექტს თავისი ვადები აქვს.
"პროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ ვადებს, დაგეგმვას, რასაც დრო სჭირდებოდა, ახლა უკვე ყველაფერი მზადაა გაზიფიცირებისთვის,"- აცხადებს ჭეიშვილი.
ბუნებრივი აირის მიწოდებასთან ერთად, რწმუნებული მესხეთლებს სოფლის ინფრასტრუქტურულ განვითარებასაც პირდება და ირწმუნება, რომ შემდეგი ეტაპი სწორედ გზის დაგება იქნება.

რაც შეეხება, სოფლის განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტებს, ამაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იღებენ, რომლის დაქვემდებარებაშია ქვიტირის თემში შემავალი ზედა მესხეთი.

წყალტუბოს გამგეობაში სოფელში სასათბურე მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამად აგროსესხებს ასახელებენ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის მიხედვით 2013 წლიდან ხორციელდება.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
პროექტის ბენეფიციარები არიან გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოები, რომლებიც საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიან აგროკრედიტს ან აგროლიზინგს იღებენ.

წყალტუბოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ცნობით, გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებით, 3 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯა ქვიტირის თემში სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის, რაც სწორედ მეურნეობისა და შესაბამისად, სოფლის განვითარების მიზნით განხორციელდა.
ხელისუფლების დაპირებების შესრულებამდე სოფელი ზედა მესხეთი ცივილიზაციას მოწყვეტილი რჩება.
თუმცა, განვითარება აქ მცხოვრებთა გააზრებული არჩევანია და ამისთვის მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ჯერ კიდევ იმედიანად ელოდებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.