ახალი ამბები
"თავს შევწირავთ და არ ავაშენებინებთ" - წყალტუბოში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა გააპროტესტეს
FaceBook
წყალტუბოს საკრებულოს შენობასთან, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ  მათ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობა გააპროტესტა.

საუბარია სოფელ მუხიანის მიმდებარედ დაგეგმილ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონისთვის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ევროსტანდარტების შესაბამისი ობიექტის მოწყობაზე, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.

ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ნაგავსაყრელს საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში უშენებს, რასაც არ დაუშვებენ.



"მთელი სოფლები ვეწინააღმდეგებით ამის მშენებლობას - მუხიანის, უკანეთის, გეგუთის, ბროწეულას, მესხეთის, ოფშკვითის, ფარცხანაყანევის, მეფრინველეობის დასახლების, რადგან ეს ნაგავსაყრელი ყველა სოფლიდან ახლოს იქნება. თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს აზრს, რომ დაიწყება მშენებლობა, ყველა გამოვალთ და წინ აღვუდგებით, თავს შევწირავთ და არ ავაშენებინებთ", - ამბობს როლანდ ბერძენაძე.

სოფელ უკანეთის მკვიდრის მალხაზ გორგიძის განმარტებით, თუ მათთან რეგიონალური ნაგავსაყრელი მოეწყობა, 5 სოფელს მოუწევს გადასახლება.

„მოსახლეობიდან 200 მეტრში კეთდება 16 მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის. ჩვენს ეზოებში, მიწის ნაკვეთებში გვიკეთებენ, ხომ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა იქნება. ნაგავსაყრელების სტანდარტში მითითებულია, რომ 500 მეტრში სამომხმარებლო მცირე მილიც კი არ უნდა იყოს ბუნებრივი აირის, ამ ადგილას კი მაღალი წნევის 1 მეტრის დიამეტრის 1000-იანი მილია, რომელიც ამარაგებს დასავლეთს აღმოსავლეთიდან. ამას რომ თავი დავანებოთ, ორი სოფლის ძველი სასაფლაო და ძველი ეკლესიის ნანგრევებია იქ, სადაც მთავარი ბუნკერები უნდა გაკეთდეს. ანუ, დავივიწყოთ ჩვენი წინაპრები, ისტორია და წარსული? - ამიტომ რომელმა საკრებულომაც არ უნდა განიხილოს, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც რომ მიიღოს პარლამენტმა, მაინც არ გავაკეთებინებთ!“, - განმარტავს მალხაზ გორგიძე.



კიდევ ერთი ადგილობრივი სოფელ მუხიანის მკვიდრი დავით ბერძენაძე ამბობს, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც მათ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობას აპირებენ, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ყოველგვარი სტანდარტებიდან ამოვარდნილია.

„ბოლო პროექტის მიხედვით, ეს ნაგავსაყრელი მეფრინველეობის დასახლებიდან 100 მეტრითაც არაა დაშორება, საკარმიდამო ნაკვეთებს კი პირდაპირ ესაზღვრება. ეს არცერთ სტანდარტში არ ჯდება. ამასთან, ჩვენთან ქარები იცის და ცელოფნები, ყველაფერი წამოვამო სახლეობასთან. ამასთან, ასევე, ამბობენ რომ 13კმ-ით უნდა იყოს დაშორებული აეროპორტიდანო, ეს ადგილი კი 11 კმ-ითაც არ არის. ეს იქნება ფრინველების გადაფრენის მაღალი ზონა და საფრთხეს შეუქმნის თვითმფრინავებს. ამბობენ, იმასაც რომ წყლის გრუნტებთან არ უნდა ჰქონდეს შეხებაო, არადა ამ ადგილას მთელი ზამთარია წყალი დგას, ზედაპირულად ამოდის. გამოდის რომ არაფერი არ აქვთ გათვალისწინებული. ეს არის უბრალოდ, ფურცელზე ლამაზად დაწერილი პროექტი, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. ამიტომ არ დავუშვებთ მის მშენებლობას, მაშინ უნდა გაასახლონ მოსახლეობა. 7 წელი ევროპაში ვცხოვრობდი, ბევრნაირი ნაგავსაყრელი მინახავს ევროსტანდარტებით მოწყობილი და იქაც კი სუნია ისეთი, მიმდებარე ტერიტორიას ვერ გაეკარები და აქ, საქართველოში, საცხოვრებელი სახლებიდან 100 მეტრში რომ დაუხარისხებელ ნაგავს დაგიყრიან, როგორ უნდა იცხოვრო?“  - ამბობს დავით ბერძენაძე.

ადგილობრივებმა აქციის შემდეგ საკრებულოს შენობაში სხდომაზე გადაინაცვლეს, სადაც მათ საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა განუმარტა, რომ საკითხს მათთან შეთანხმებით მოაგვარებენ.



„გავიგეთ თქვენი გულისტკივილი. ჩვენ თქვენ გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს, რადგან გამოვდივართ თქვენი ინტერესებიდან. ამიტომ თქვენთან შეუთანხმებლად ჩვენ არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ“, -  მიმართა ადგილობრივებს თეიმურაზ ჭეიშვილმა.

"ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხიანის მიმდებარედ, რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ ობიექტზე ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური “რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები იქნება გამოყენებული. ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას.
აღნიშნული სისტემა სრულიად ჩაანაცვლებს ძველ, არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.


ამავე თემაზე:








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.