ახალი ამბები
რატომ არ განხორციელდა ქუთაისში 10 მლნ ევროს ღირებულების მუზეუმის პროექტი
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის ადგილზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის აშენებას ითხოვენ.

ამ იდეის მომხრეების თქმით, მაშინ, როდესაც ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ექსპონატების სრულად გამოფენას ვერ ახერხებენ, ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" ნაცვლად მუზეუმი უნდა ეწყობოდეს.

"ეთნოგრაფიულ მუზეუმში უნიკალური მასალების მხოლოდ 5% - ია გამოფენილი ფართის სიმცირის გამო და სხვა ექსპონატები სარდაფებში ისპობა," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

ქუთაისის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის, ომარ ლანჩავას თქმით, საგამოფენო დარბაზების სიმცირე რეალურად არსებობს.

მისივე ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობა 8 წლის წინ იგეგმებოდა.

"სამ სართულიანი შენობის პროექტი არსებობდა, მთელი კომპლექსით, ეკლესიით, რომელიც გერმანელებმა გააკეთეს. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენდა და ალბათ სახსრების უქონლობის გამო, ვერ განხორციელდა. თუმცა, ნამდვილად იდეალური ვარიანტი იყო მუზეუმისთვის," - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ომარ ლანჩავა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი 2008 წელს მიიღეს, განხორციელება და დაფინანსება კი მასში არსებული ხარვეზების გამო არ მოხდა.

"ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმის პროექტი "ინდასტრიკომპანი" ავტორობით შემუშავდა. პროექტში გამოსასწორებელი იყო გარკვეული ხარვეზები, რის გამოც საბჭომ ის დაიწუნა, თუმცა შემდგომ პროექტი არც გასწორებულა," - განმარტავენ სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, ქუთაისში, თბილისის ქუჩა N1–ში მდებარე შენობა, რომლის რეკოსტრუქციაც პროექტის ფარგლებში უნდა მომხდარიყო, 2011 წელს გასხვისდა. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში, შენობის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ამ დროისთვის, ქუთაისის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში ფუნქციონირებს. მანამდე კი ის ცენტრალურ მოედანზე არსებულ შენობაში მუშაობდა.

ამჟამად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც 1922 წელს დაარსდა, 150 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება და მხოლოდ ორი დიდი საგამოფენო დარბაზი მოქმედებს.

მასში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის ნიმუშები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.