თერჯოლაში, სადაც მდინარე ჩხარას მიმდებარედ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს, დავა უკვე მხოლოდ ობიექტის მშენებლობის კანონიერებას აღარ ეხება.
ეკა მაკარიძე, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამბობს, რომ სამსახური მას ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაატოვებინეს.
ეკა მაკარიძე ამბობს, რომ 14 ივლისს სამსახურში მისულს უთხრეს, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და ახალს აღარ გაუფორმებდნენ.
მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტმა მას უთხრა, რომ შრომითი
ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ამიტომ აღარ გაუგრძელებდნენ.
„ქალაქის ადმინისტრაციაში წარმომადგენლის ასისტენტის პოზიციაზე
ვმუშაობდი. მანამდე სხვადასხვა პოზიციაზე მიმუშავია, თუმცა ბოლო ოთხი
წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე ვიყავი. ხელშეკრულებები
პერიოდულად ფორმდებოდა და ბოლო ორთვიანი ხელშეკრულების შემდეგ აღარ
გამიფორმეს.
მუნიციპალიტეტის მერთან საუბრისას, მერმა პირდაპირ მითხრა, რომ ჩემი
ხელშეკრულების არ გაგრძელების მთავარი მიზეზი იყო ჩემს პოსტებში
მერიის არასათანადო ტერმინოლოგიით მოხსენიება. მოგვიანებით კი,
მერის მოადგილემ პოსტით მომმართა, რომ ხელშეკრულება იმიტომ არ
გამიგრძელეს,რომ საერთოდ არაფერს ვაკეთებდი სამსახურში", — ამბობს ეკა მაკარიძე.
მაკარიძის თქმით, მერთან ეს საუბარი ჩაწერილი აქვს.
მაკარიძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მხოლოდ
ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს
სვამდა. მისი თქმით, კონკრეტულად არც მერი და არც სხვა პირი
შეურაცხმყოფელი ფორმით არ მოუხსენებია.
პირიქით, როგორც თავად ამბობს, როდესაც სოციალური ქსელის კომენტარებში
მოქალაქეები ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებლობას მერიას ან მერს
აკისრებდნენ, თავად წერდა, რომ მისი შეფასებით, მერს სხვა გზა აღარ
დაუტოვეს და სწორედ ამიტომ გაიცა ნებართვა.
„ჩემი აზრით, ახლა უკვე გასაგებია, რატომ დამემართა ეს ყველაფერი. მე
საჯაროდ ვსვამდი კითხვებს პროექტთან დაკავშირებით და შემდეგ სამსახური
დავკარგე. ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. არაფერი დამიშავებია და
ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციის გამო გამომიშვეს სამსახურიდან“, — ამბობს
ის.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი
ამბობს, რომ მისთვის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ
ჩაუბარებიათ.
ეკა მაკარიძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და სამსახურში
აღდგენას ითხოვს. მისი თქმით, სასამართლოში ის ცდილობს დაამტკიცოს,
რომ სამსახურიდან გაშვება მცირეწლოვანი შვილების დედის , მის მიერ
გამოხატულ პოზიციას უკავშირდებოდა.
„ქუთაისიპოსტმა“ თერჯოლის მერიას მიმართა კითხვით, რატომ არ
გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულება ეკა მაკარიძეს და
მის გარდა, კიდევ რამდენს თანამშრომელს აღარ გაუგრძელეს
ხელშეკრულება.
მერიიდან გვითხრეს, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხს მოგვაწვდიდნენ,
თუმცა დაპირების მიუხედავად, მასალის გამოქვეყნებამდე თერჯოლის
მერიიდან განმარტება ვერ მივიღეთ.
ამავე თემაზე:
სახლების წინ,
მდინარის პირას — თერჯოლაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას
აპროტესტებენ
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.




მასალის გამოყენების პირობები