თერჯოლაში, მდინარე ჩხარას მიმდებარედ, დასახლებულ ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.
თერჯოლაში, ცენტარულ ქუჩაზე რუსთაველის #77-ში ბენზინგასამართ სადგურს
დავით როსტომაშვილი აშენებს. პროექტის მშენებლობის ნებართვის
მისაღებად თერჯოლის მერიას 2024 წელს მიმართეს. მუნიციპალიტეტმა
ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. მერიის პოზიციით, უარის საფუძველი
ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა იყო.
მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, როსტომაშვილმა თერჯოლის
მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ზესტაფონის რაიონულმა
სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და მერიას
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და დავით
როსტომაშვილისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის უფლების
მიცემა დაავალა.
გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიამ
ოზიაშვილმა მიიღო.
მშენებლობა 2026 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
სწორედ მშენებლობის დაწყებას მოჰყვა თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი.

ადგილობრივებისთვის მთავარი კითხვა ისაა, რამდენად უსაფრთხოა
ბენზინგასამართი სადგურის განთავსება მდინარე ჩხარას სიახლოვეს,
მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე და იმ ადგილას, სადაც, მოქმედი
საინჟინრო კომუნიკაციებიც გადის.
„ამ ქუჩაზე, ჩვენს სახლებთან ახლოს უკვე არის ერთი ბენზინგასამართი.
დაახლოებით 40 წლის წინ არის აშენებული და ფუნქციონირებს. მაშინ
მოსახლეობას არავინ არაფერი ჰკითხა. თან ვაკე რელიეფზე დგას.
მჭიდროდ დასახლებულ უბანში, მე-4 კატეგორიის ობიექტის (საშიშ კლასს
მიეკუთვნება) მშენებლობა, მდინარის პირას თხრილების გათხრა და იქ
ბენზინით სავსე ავზების ჩაწყობა როგორ შეიძლება?! “, — ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ეკა მაკარიძე.
მოსახლეობის თქმით, მათი წინააღმდეგობა მხოლოდ სუბიექტური მოსაზრება
არ ყოფილა. ისინი პროექტის განხილვის ეტაპზევე მიუთითებდნენ ობიექტის
ადგილმდებარეობაზე, მდინარესთან სიახლოვეზე, მიწისქვეშა
კომუნიკაციებზე, გაზის მილსა და სხვა საკითხებზე.
მოსახლეობამ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართა საგზაო დეპარტამენტს,
თერჯოლის მერიას და სხვა შესაბამის უწყებებს.
მათივე თქმით, ზედამხედველობის სამსახურის პასუხებში მითითებულია, რომ მშენებლობის პროცესში დარღვევა არ ფიქსირდება.
ადგილობრივებისთვის კი მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია —
რამდენად უსაფრთხოა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა
მდინარისა და საცხოვრებელი ტერიტორიის სიახლოვეს, მოქმედი გაზსადენისა
და სხვა საინჟინრო კომუნიკაციების პირობებში.
მოსახლეობის ინეტერესების დამცველის თქმით, თერჯოლის მერიის
თავდაპირველი უარი მხოლოდ მათი წინააღმდეგობით არ უნდა ყოფილიყო
განპირობებული, რადგან პროექტთან დაკავშირებით სხვა საკითხებიც
არსებობდა.
ადვოკატი რუსუდან ჩინჩალაძე აცხადებს, რომ პროექტში მნიშვნელოვანი
დოკუმენტები და კვლევები არ იძებნება.
მისი თქმით, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ტერიტორია მდინარე ჩხარას მიმდებარედ მდებარეობს, თუმცა არ არის ჩატარებული შესაბამისი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები. მისივე თქმით, არ არის დადგენილი მიწისქვეშა კალაპოტი, წარეცხვის ხაზი, მისი მასშტაბი და გავრცელების არეალი.
ის ამბობს, რომ მდინარის შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნებოდა
ხანგრძლივი კვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდებოდა, რა მასშტაბით
იზრდება მდინარე ადიდების დროს.
„ანუ არც მშენებელმა და არც მერიამ, არავინ არ იცის, ამ საყრდენ კედელს, რომელიც 4,80 მეტრი არის სიმაღლეში, როდის გამოურეცხავს მდინარე ჩხარა ძირს“, — ამბობს ჩინჩალაძე.
ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული საკითხი საყრდენი კედელია.
პროექტში საყრდენი კედლის, კანონის მოთხოვნათა საფუძველზე
შესრულებული, პროექტი ვერ იძებნება და წარმოდგენილია მხოლოდ საყრდენი
კედლის ზოგადი ნახაზი.

ადვოკატი ამბობს, რომ კედელს კონსტრუქციული გათვლაც არასწორი
აქვს.
„მინიმუმ ერთი მეტრი აკლია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში საძირკველში, რომ კედლის მოცულობიდან გამომდინარე, ნაგებობა ჩაითვალოს მყარად“, — ამბობს ჩინჩალაძე.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულ მსჯელობას საფუძვლად სხვა კონსტრუქტორებთან
გავლილი კონსულტაციები უდევს.
მისივე განცხადებით, საყრდენი კედლის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჩანს არქიტექტურულ ნაწილში. იქ, მისი თქმით, არქიტექტორი წერს, რომ მიწაზე მოეწყობა დაბალი მოაჯირები, რათა ადამიანი არ გადავარდეს.
მისი თქმით, დაახლოებით ხუთმეტრიანი სიმაღლის კედლები უნდა გაკეთდეს სამ მხარეს, რათა მიწის ნაკვეთი მდინარე ჩხარას კალაპოტიდან ამაღლდეს და გზის ნიშნულს გაუთანაბრდეს.
ამის შემდეგ, ადვოკატის განცხადებით, შესაძლებელი გახდება
ავტომობილებისთვის შესვლა-გამოსვლა სწორ ზედაპირზე.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე დასკვნაზეც.
მისი თქმით, „ოპტიმუსის“ მიერ შესრულებულ ერთ-ერთ დასკვნაში, კერძოდ, კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო დასკვნაში, საერთოდ სხვა საკადასტრო კოდია მითითებული და სხვა ქალაქზეა საუბარი.
კიდევ ერთ დასკვნაში კი წერია, რომ ტერიტორია მარტივია, ყოველგვარი გართულების გარეშე, სწორი და ბრტყელი ზედაპირით.
ჩინჩალაძის განცხადებით, ეს არ შეესაბამება ადგილზე არსებულ
მდგომარეობას, რადგან მიწის ნაკვეთს ძლიერი დაქანება აქვს და ზედა და
ქვედა ნიშნულებს შორის სხვაობა 7 მეტრია.
რუსუდან ჩინჩალაძის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მიწის ნაკვეთისთვის კომერციული ზონის (შზ-5)-ის მინიჭებას უკავშირდება.
ადვოკატის თქმით, 2024 წელს, როდესაც როსტომაშვილმა პირველად მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ნებართვა, თერჯოლის მერიის პასუხში ეწერა, რომ წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე მოთხოვნილი კომერციული ზონა ვერ დგინდებოდა.
მისივე თქმით, მოგვიანებით, იგივე კვლევის საფუძველზე ტერიტორია
კომერციულ ზონად განისაზღვრა.
ჩინჩალაძე ამბობს, რომ კვლევა არ შეცვლილა. მისი განმარტებით, პირველივე კვლევაში აღწერილი იყო ტერიტორიის არსებული მდგომარეობა — რა ობიექტებია განთავსებული, რამდენი საცხოვრებელი სახლია და სხვა გარემოებები.
„მართალია ვერცერთი მიდგომითა თუ მეთოდით ჩატარებული მოკვლევით და არეალის შესწავლით ვერ დგინდება კომერციული ზონა (შზ-5), მაგრამ მხარის მიერ ყოველგვარი ცვლილების გარეშე, ზუსტად იგივე კვლევაა ატვირთული, რომლის დაწუნებაც მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მაგრამ ამ შემთხვევაში შენიშვნები აღარ ყოფილა და დაადგინეს ზონა — კომერციული“, — ამბობს ადვოკატი.
მისი განმარტებით, კომერციულ ზონაში პირდაპირ არის დაშვებული
ბენზინგასამართი სადგურის განთავსება და სწორედ ეს ზონა იძლევა მიწის
ნაკვეთის ყველაზე „სარფიანად“ — კ1-0,7-ის გამოყენების შესაძლებლობას,
რაც, მისი თქმით, აღნიშნული პროექტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
იყო.
კომერციული ზონის მინიჭებას მოსახლეობისთვის სხვა შედეგიც აქვს. მაგალითად, ის რომ კომერციულ ზონაში შეუძლებელია მოსახლემ რამე ააშენოს.
"ტერიტორიისთვის კომერციული ზონის მინიჭებით მოსახლეობას შეუზღუდა
მისსავე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებში სახლის აშენების უფლება
მომავალში, იმიტომ რომ კომერციულ ზონაში სახლის აშენება კანონით
შეუძლებელია“, — აცხადებს ჩინჩალაძე.
მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს ასევე, მიწის ნაკვეთზე არსებულ კომუნიკაციებთან დაკავშირებით.
უფლებადამცველების თქმით, არქიტექტორის მიერ პროექტში წარმოდგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაში ჩანს, რომ ტერიტორიაზე გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი და კანალიზაციის კოლექტორი.
ადვოკატის თქმით, სამშენებლო ნაკვეთს გზის პირას სახელმწიფო მიწის
ნაკვეთიც ესაზღვრება, რომელიც პროექტის მიხედვით შესვლა-გამოსვლისთვის
გამოიყენება.
ადვოკატი რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ პროექტში ვერ ხედავს
დოკუმენტს, რომლითაც ეს მიწის ნაკვეთი მშენებლის მფლობელობაში ან
სარგებლობაში იქნებოდა გადაცემული — იჯარის ან სხვა ფორმით.
მისივე განცხადებით, ვერ იძებნება გზების დეპარტამენტში გაგზავნილი და შეთანხმებული პროექტი, რომელიც შესვლა-გამოსვლის სქემას, საგზაო ნიშნებსა და მონიშვნებს ეხება.
„როდესაც ვამბობ, არ იძებნება, ვგულისხმობ შემდეგს: ნაწილი რაღაც
დოკუმენტებისა მოქალაქეებს ჰქონდათ მოპოვებული, ნაწილი რაღაც
დოკუმენტებისა რუკაზე იყო განთავსებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს
სრულ სურათს ვერ ქმნიდა, მოგვიანებით კი, მოპასუხე მხარის მიერ
სასამართლოსთვის წარდგენილი საქმის სრულ მასალებზე დაყრდნობით
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კვლევები და შეთანხმებები
უბრალოდ არ არსებობს“, — ამბობს ჩინჩალაძე.
ადვოკატი ერთ-ერთ მნიშვნელოვან უზუსტობად ობიექტის კლასის საკითხსაც ასახელებს.
ჩინჩალაძის განცხადებით, ყველა დასკვნაში, საექსპერტო დოკუმენტებში და
თავად არქიტექტორის მიერ ობიექტი მეოთხე კლასისად არის მოხსენიებული,
თუმცა მშენებლობის ნებართვა მესამე კლასზეა გაცემული.
მისი შეფასებით, ამას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, მათ შორის პასუხისმგებლობის, ზედამხედველობისა და ობიექტის ჩაბარების ნაწილში.
ასევე, ადვოკატის თქმით, მესამე და მეოთხე კლასებს ერთმანეთისგან როგორც პროექტის შეთანხმებისას წარსადგენი დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი სხვაობა, ასევე სავალდებულოდ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განასხვავებს.
მოქალაქეების მხრიდან ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის წარმოება ორი მიმართულებით მიმდინარეობს.
ერთი მიმართულება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს უკავშირდება. ადვოკატის, რუსუდან ჩინჩალაძის განცხადებით, მოსამართლემ მოქალაქეების მიერ შეტანილი სარჩელი თავდაპირველად წარმოებაში მიიღო, თუმცა მოგვიანებით მისი განხილვა შეწყვიტა.
ჩინჩალაძის თქმით, პროცესზე მოსამართლემ ფაქტობრივად თავადაც აღიარა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღება შეცდომა იყო.
„მოსამართლემ ლამის პირდაპირ გვითხრა პროცესზე, რომ შემეშალა, თქვენი
საქმე წარმოებაში არ უნდა მიმეღოო. „შეცდომები ყველას გემართებათო“, —
ამბობს ადვოკატი.
ამის შემდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მოქალაქეებს მიუთითა, რომ უნდა ემოქმედათ 2024 წელს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის მექანიზმით.
საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დავით როსტომაშვილის სასარგებლოდ თერჯოლის მერიას ადმინისტრაციული აქტის — ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის — გაცემა დაავალა.
ანუ სასამართლო მოქალაქეებს სთავაზობდა, სწორედ ეს პირველი გადაწყვეტილება გადასინჯულიყო და ამ მიმართულებით ედავათ.
„მართალია, ბევრი ფაქტობრივი გარემოების და სამართლებრივი
რეგულაციების მიხედვით ამას არ ვეთანხმებოდით, იმიტომ რომ აქვს თავისი
მცირე ხარვეზები ამ გადასინჯვას, თორემ თავიდანვე ამ ფორმით
შევიდოდით, მაგრამ ჩვენ დავემორჩილეთ მოსამართლე ბებიაშვილის ამ
მიდგომას, რეკომენდაციას, და გადასინჯვაზე გვაქვს ახლა შეტანილი 2024
წელს გამოსული გადაწყვეტილება“, — ამბობს ჩინჩალაძე.
მეორე მიმართულება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკავშირდება.
მოქალაქეებმა გაასაჩივრეს მოსამართლის ის გადაწყვეტილება,
რომლითაც წარმოებაში მიღებული სარჩელის განხილვა შეწყდა.
ადვოკატის შეფასებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და სწორედ ამიტომ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს.
ჩინჩალაძის განცხადებით, ამ ეტაპამდე სასამართლოს გზით მოქალაქეებს არ
მიეცათ შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში წარედგინათ
ყველა მტკიცებულება და აეხსნათ ის გარემოებები, რის გამოც ისინი
ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.
„დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გზით ჩვენ ამ ეტაპამდე არ მოგვეცა
შესაძლებლობა, რომ სასამართლოს ვაჩვენოთ ყველა ის მტკიცებულება და
ავუხსნათ ყველა ის გარემოება, რატომაც მოქალაქეები აპროტესტებენ ამ
მშენებლობას და რატომ არის, ჩვენი შეფასებით, ზედმეტად და აშკარად
უკანონოდ გაცემული ეს ნებართვა“, — აცხადებს ჩინჩალაძე.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქმე არსებით
განხილვამდე მივა და მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასამართლოს
წინაშე იმ დარღვევებზე ისაუბრონ, რომლებიც, მათი შეფასებით,
მშენებლობის ნებართვას უკავშირდება.
„იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ, რომ რომელიმე
უწყების მეშვეობით სასამართლო ინსტანციებს ვაუწყოთ, რომ საქმე არსებით
განხილვამდე მივიდეს და ჩვენ იმ უამრავ დარღვევაზე საუბარს შევძლებთ,
რაც ამ ნებართვის ირგვლივ ხდება“, — ამბობს რუსუდან ჩინჩალაძე.
ნაწილი პირველი.
ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 390 დღეში უნდა დასრულებულიყო, ორ წელზე მეტია გრძელდება.
7-წლიანი ლოდინის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ყოფილ შენობას საბოლოოდ მოუძებნა ფუნქცია — თუმცა იმავე სცენარით, როგორც არაერთი სხვა დაპირების შემთხვევაში: დაგვიანებით.




მასალის გამოყენების პირობები