"პუბლიკის" ინფორმაციით, პარიზის სააპელაციო სასამართლომ
„ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება
აღიარა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კომპანია „ენკას“ (Enka
Renewables LLC) სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა
დაეკისრა,
მაგრამ ქართული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
სარჩელში საქართველო მიუთითებდა, რომ დიდი ოდენობის თანხის
დაუყოვნებელი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზულად დააზარალებდა და
სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების შესრულებაზე აისახებოდა. სწორედ
ამიტომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს მოთხოვნა
აღსრულების შეჩერების თაობაზე.
„სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ Enka წარმოადგენდა სპეციალურად
ამ პროექტისთვის შექმნილ კომპანიას და აღარ ახორციელებდა არსებით
კომერციულ საქმიანობას ან არ ფლობდა მნიშვნელოვან აქტივებს.
შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ
გაუქმდებოდა, უკვე გადახდილი თანხის დაბრუნება რთული ან შეუძლებელი
იქნებოდა“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ნამახვანჰესის საქმეზე არბიტრაჟის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული
400 მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება მანამდე იქნება შეჩერებული,
სანამ საკითხზე პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოო
გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
კომპანია „ენკამ“ საქართველოს ხელისუფლებასთან 2019 წელს გააფორმა
შეთანხმება, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომლის
ღირებულებაც დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარი იყო.
„ნამახვანის“ პროექტს ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი
მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მხრიდან. 2021 წელს „ენკამ“
შეწყვიტა ხელშეკრულება, სადაც სხვადასხვა დარღვევასა და პროექტის
შესრულების შეუძლებლობაზე მიუთითებდა.
2022 წელს „ენკამ“ დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა
კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების
ღირებულებისთვის. 2024 წლის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების
მიხედვით, საქართველოს 400 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა
კომპანიის სასარგებლოდ. ამის შემდეგ კომპანია „ენკამ” პარიზის
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და საფრანგეთში
მისი აღსრულების ნებართვის მისაღებად მიმართა. საქართველომ გაასაჩივრა
ეს გადაწყვეტილება გაუქმების მოთხოვნით და ამავდროულად მოითხოვა
აღსრულების შეჩერება.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები