ახალი ამბები
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები"
FaceBook
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები", - ამაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.
კობახიძემ პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებული მდგომარეობა “ერთ-ერთ უმთავრესს გამოწვევად“ შეაფასა.

პრემიერის განცხადებით, გვაქვს უარყოფითი მაჩვენებელი შობადობის ნაწილში, როცა გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს აღემატება. მისივე ინფორმაციით, მდგომარეობა მუდმივად უარესდება ქორწინება-განქორწინების თანაფარდობის კუთხით.

კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არა აქვს. როგორც მან ამ კონტექსტში განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, დემოგრაფიული ტენდენციები მით მეტად მძიმდება.

“ჩვენ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით დადებითი დინამიკა გვაქვს. ეს პირველ რიგში, ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეხება. ერთი შეხედვით შეიძლება არსებობდეს განაცხადა, რომ თუ ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ეს დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე პირდაპირ უნდა აისახოს, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ამას საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს. როგორც წესი, არის პირიქით - როდესაც კეთილდღეობის დონე უმჯობესდება, ეს დემოგრაფიული ტენდენციების გაუარესებას განაპირობებს ხოლმე. საერთაშორისო პრაქტიკას რომ გადახედოთ და რუკას დახედოთ, თუ სად არის ყველაზე კარგი დემოგრაფიული მაჩვენებლები, ეს სწორედ ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებია. რომ ნახოთ რომელ კონტინენტებზე იზრდება ყველაზე მეტად მოსახლეობა - ლიდერები არიან აფრიკა და აზია, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობის დონე ყველაზე დაბალია და ყველაზე მძიმე სტატისტიკა ევროპას აქვს. ერთადერთი კონტინენტია, სადაც მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს. ამ დროს ევროპა სხვა კონტინენტებთან შედარებით კეთილდღეობის უფრო მაღალი დონით გამოირჩევა.

სამწუხარო რეალობაა, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები. გამომდინარე აქედან ეკონომიკის ზრდის იმედად ვერ ვიქნებით და საჭიროა კონკრეტულ ზომებზე ფიქრი, რაც დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

არის საინტერესო დეტალი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არა აქვს - 90-იან წლებში, როდესაც სისტემის რღვევის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, შობადობის კოეფიციენტი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის. ამ ყველაფერს სოციალური მიზეზი ნაკლებად აქვს. ასევე საინტერესო დეტალია, რომ 2014 წლიდან მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის მაჩვენებელი არის მომატებული და სტაბილურად მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.

მკვეთად და დრამატულად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა გვაქვს, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ დადებითი გაგებით. საჭიროა შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. შემცირებულია ინტერესი ქორწინების კუთხით, რასაც ქორწინება-განქორწინების სტატისტიკა აჩვენებს. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე.

ტენდენცია ძალიან მძიმეა, ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ყველგან, სადაც ლიბერალური იდეოლოგია ინტენსიურად ვრცელდებოდა არის პრობლემები. თქვენ გახსოვთ ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ასე შემდეგ. ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელთან დაკავშირებით კრიტიკა წამოვიდა როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან.

სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება იმისთვის, რომ საზოგადოების მსოფლმხედველობა შეიცვალოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

ირაკლი კობახიძემ შობადობის კონკრეტულ მაჩვენებელზეც ისაუბრა.

„2014 წელს საქართველოში დაიბადა 26 355 ბავშვი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მესამე და შემდეგი შვილის შემთხვევაში, ზრდა გვაქვს. რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 14 156 ბავშვი. ეს არის კატასტროფული ტენდენცია. თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში. მსგავსი მაჩვენებელი გვაქვს მეორე შვილის შემთხვევაში. 2014 წელს დაიბადა 23 171 ბავშვი და 2024 წელს 13 323 ბავშვი. უცნაურიც არის ეს სტატისტიკა, პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაშინ, როდესაც მესამე და შემდეგი შვილის შემთხვევაში, მაჩვენებლები არის გაზრდილი. ეს არის იმ მძიმე მსოფლმხედველობითი, იდეოლოგიური პროცესების შედეგი, რისგანაც ჩვენ პრაქტიკულად, შარშან გავთავისუფლდით მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი საგარეო ზეწოლა იყო. მარტო რად ღირდა იმის გახსენება, რაც ჩვენ გამოვიარეთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ საგარეო და ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის შტურმი იყო. დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ერთი მხრივ, ეშინოდათ გარე პატრონების, ხოლო მეორე მხრივ, ეშინოდათ საზოგადოებრივი აზრის. ამიტომ, გაექცნენ დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციას „ციფრები არ მოსწონს“, მაგრამ სწორედ ციფრები აჩვენებს იმას, თუ რა მდგომარეობა გვაქვს.

„არის ციფრები, რომლებიც ადასტურებს, ის სპეკულაციური განცხადებები, რომლებიც მიგრაციასთან, „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გვესმოდა, იყო თავიდან ბოლომდე სპეკულაციები და არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. ციფრები ადასტურებს ზუსტად ამას და იმასაც, რომ საქმე ისე არაა, როგორც რადიალური ოპოზიცია საუბრობდა“, - განაცხადა კობახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
14:47 / 18.02.2026
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
ქუთაისში
14:26 / 16.02.2026

ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობის ნგრევა დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.