ახალი ამბები
"შეხვედრაზე, ვინც "არასასურველი" კითხვები დასვა ხარაგაულის მერმა უზრდელი უწოდა"
FaceBook

ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების, ღვერკისა და ხემაღალის მცხოვრებლები, მერიის დაკვეთით, მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით, ჩატარებულ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებს ეჭქვეშ აყენებენ.


"ჩვენ ეჭვეშ ვაყენებთ ამ კვლევას, იმიტომ რომ ბევრი კითხვის ნიშნებია, რაზედაც პასუხების გაცემა მოუწევთ. არ გამოვრიცხავთ და ვეთანხმებით იმაში, რომ ეს ბუნებრივი პროცესებიდან გამომდინარეც არის, მაგრამ წონასწორობის დარღვევას უკავშირდებაო რომ ამბობენ, რატომ დაირღვა, ამის გამომწვევი მიზეზი რა იყო, ის გვაინტერესებს. მიწისძვრა და უხვი ნალექი არ ყოფილა, ამიტომ მივდივართ ხელოვნურად შექმნილ სეისმურ ძვრებამდე, რაც გამოიწვია რკინიგზის მაგისტრალის გაყვანის შედეგად, კონკრეტული ფერდის აფეთქებებმა",- განმარტავს სოფელ ხემაღალის მკვიდრი გოგა კალანდაძე.

შპს "გეოლოჯიქის" მიერ მომზადებული გეოლოგიური დასკვნა მოსახლეობას ხარაგაულის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა 30 სექტემბრის შეხვედრაზე გააცნეს. სოფლების მცხოვრებლებში ის უნდობლობას იწვევს და კითხვის ნიშნებს აჩენს.


როგორც ისინი "ქუთაისიპოსტთან" განმარტავენ, შეხვედრაზე ბევრი რამ მათთვის ბუნდოვანი დარჩა, პირველ რიგში კი ის, თუ რამ გამოიწვია სოფლებში მეწყრული პროცესები.

დასკვნის მიხედვით, მეწყრული მოვლენის წარმოქმნა ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა, ადგილობრივებს კი გონივრული ეჭვი აქვთ, რომ ეს პროცესი წლების მანძილზე არასწორად წარმოებულმა სარკინიგზო გზის მშენებლობამ გამოიწვია. კერძოდ, დასახლებულ პუნქტში აფეთქებებმა და მთის ფერდის ჩამოჭრამ (2019-2022 წლებში).

ადგილობრივები მოითხოვენ, ჩატარდეს ახალი სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც მეწყრული პროცესის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.

"თავშივე იცოდნენ, რომ კომპლექსური გეოლოგიური კვლევა რომ ჩატარებულიყო, ჯდებოდა დაახლოებით 600 000 ლარამდე და სამუშაოები ვინც შეასრულა, იმ კომპანიამ მოიგო სადღაც 150 000 ლარამდე ღირებულების ტენდერი. აქედან გამომდინარეც, ბუნებრივია, რომ სრულყოფილ კვლევას ამას ვერ დავარქმევთ",- ამბობს გოგა კალანდაძე.

კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დარჩა თამუნა ხარატიშვილსაც, რომლის სახლიც სოფელ ღვერკში მეწყრული პროცესების დაწყების დღიდანვე მოექცა სტიქიის ზონაში.

"კვლევის შედეგი ის იყო, რომ დაბრალდა ძირითადად ბუნებრივ მოვლენებს. მხოლოდ თეორიულ დონეზე განიხილეს, რომ შეიძლება აფეთქებების ბრალიც ყოფილიყო. აღნიშნეს ისიც, რომ მეწყერსაშიში ზონაც იყო. კითხვაზე: თუ მეწყერსაშიში იყო, მიზანშეწონილი იყო თუ არა ასეთი აფეთქებების ჩატარება - ზუსტი პასუხი არ გაგვცეს. გვითხრეს, სავარაუდოდ, იქნებოდა ამაზე კვლევა ჩატარებულიო, ამ კვლევის პასუხი კი ჩვენამდე არ მოსულა, ამიტომ ბევრი რამ დარჩა ბუნდოვანი",- განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" თამუნა ხარატიშვილი.

პროტესტის გრძნობა გაუჩნდა შეხვედრაზე მყოფ ნინო ნებიერიძესაც, რომელიც უკვე 30 წელია, სოფელ ღვერკის მკვიდრია. როგორც ის გვიყვება, შეხვედრაზე, ვინც კრიტიკული  აზრი გამოთქვა და "არასასურველი" კითხვები დასვა, მათ ხარაგაულის მერმა უზრდელი უწოდა.

"გამიჩნდა განცდა, რომ წელავენ დროს, ზუსტ პასუხს არავინ ამბობს. გადაჭრით ამბობენ იმას, რომ სარკინიგზო მშენებლობით არ არის გამოწვეული მეწყრული პროცესები, ამას წყალი არ გაუვა თურმე, მაგრამ იმას ვერ ამტკიცებენ, აბა რამ გამოიწვია. არადა, ჩვენ გამოვედით ზღაპრების მოსმენის ასაკისგან. ერთხელ ისიც გავიფიქრე, პროტესტის ნიშნად დამეტოვებინა დარბაზი",- გვიყვება ნინო ნებიერიძე.



საბოლოოდ, ადგილობრივებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა იმით დასრულდა, რომ 7-10 დღის ვადაში ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.

"შეხვედრაზე იყო რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის სამინისტროდანაც წარმომადგენელი. თქვეს, რომ ის კითხვები, რაც გვაქვს ამ კვლევასთან დაკავშირებით, უნდა შევუდგინოთ, არგუმენტირებულად გავუგზავნოთ (რომ ეს არ იყო ის კვლევა, რაც უნდა ყოფილიყო), თვითონაც მოემზადებიან ამ დასკვნის შემდეგ და დაახლოებით 10 დღეში გვეტყვიან, რას გვიპირებენ",- ამბობს გოგა კალანდაძე.

ადგილობრივების თქმით, მომდევნო შეხვედრაზე, სავარაუდოდ, საუბარი შეეხება კომპენსაციის საკითხსაც. ამ შემთხვევაში, ისინი სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეკომიგრანტთათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და მინიჭების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მექანიზმები დაზარალებული ოჯახებისთვის ღირსეული ცხოვრების უფლებას ვერ უზრუნველყოფენ.

კერძოდ, ამჟამად, ეკომიგრანტების სააგენტო ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახს 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე თანხას უხდის. ეს კი მოსახლეობისთვის სახლის შეძენისა და ახლის მშენებლობისთვის არასაკმარისია.

"50 000 ლარი რომც მოგვცენ, რა უნდა ვიყიდოთ? სად უნდა წავიდეთ? მე, პირადად, ორსართულიანი სახლი მიდგას, გაბზარულია, დანგრეული არ არის, მაგრამ სულ რომ საღი იყოს, იქ ცხოვრება გამორიცხულია. ჩვენ მიწის ნაკვეთები, სოფლის მეურნეობა გვქონდა, საქონელი გვყავდა, ამით ვირჩენდით თავს. სოლიდური თანხა უნდა იყოს, რომ ადამიანმა სახლიც აიშენოს, ნაკვეთიც ჰქონდეს და რაღაც გააკეთოს, აბა სად უშვებ ამ ხალხს? მე, მაგალითად, ქირითაც ვერ ვსარგებლობ, ახლობელთან ვცხოვრობ, რადგან სოფელში მიწის სისტემური რეგისტრაცია რომ დაიწყო, ამის შემდეგ მოხდა მეწყერი და რადგან რეგისტრაცია არ არის დასრულებული, საბუთი არ მიჭირავს ხელში, რომ ღვერკის მკვიდრი ვარ, არადა 30 წლის რძალი ვარ",- ამბობს ნინო ნებიერიძე.



ნინო ნებიერიძის მსგავსად, მოსახლეობის უმეტესობა დამეწყრილი სოფლებიდან უკვე წასულია. ზოგი შვილთან, შვილიშვილთან, ნათესავთან ცხოვრობს. რამდენიმე ოჯახი კი ქირით არის გასული, რომლის თანხასაც (300 ლარი) მერია იხდის. ადგილობრივებმა საკუთარი, მამაპასიული კარ-მიდამო ისე დატოვეს, რომ მხოლოდ ელემენტარული ნივთების გამოტანა შეძლეს, ახლა კი ზოგიერთის ეზოში შესვლაც შეუძლებელია.

"ადგილობრივი არ ვარ, მაგრამ ჩემი ბავშვობა, ყველაფერი, ღვერკს უკავშირდება. ხშირად დავდიოდით აქ. ხევივით არის უკვე ეზო, სახლის ქვედა ნაწილი სულ ჩამოინგრა, ვეღარ იცხოვრება. ძნელია ამის ყურება",- ამბობს თამუნა ხარატიშვილი.

ანალოგიურად კრიტიკულია ვითარება ხემაღალშიც, სადაც სოფელი, ფაქტობრივად, შუაშია გახლეჩილი.

"ნახევარი სოფლის ზემოთ არაფერი არ ხდება, არ არის ბზარები, სიტუაცია სტაბილურია (თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მოხდეს რაღაც) და ნახევარი სოფლის ქვემოთ ყველაფერი წაღებულია, სახლების 99% დანგრეულია",- ამბობს გოგა კალანდაძე.



ადგილობრივებს, ამ სიტუაციაში, ყველაზე კარგ გამოსავლად ის მიაჩნიათ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელისუფლებამ გამონახოს ადგილი (რომელიც დასახლებამდე გეოლოგების მიერ იქნება შესწავლილი), სადაც ამ ორი სოფლის მოსახლეობა ისევ შეძლებს თანაცხოვრებას.

"ჩვენი მოთხოვნაა, გამოინახოს ტერიტორია, სადაც შეიძლება, რომ ამ ორმა სოფელმა ერთად იცხოვროს, რომ არ დავიკარგოთ და არ გავიფანტოთ. არ გვინდა, გავცდეთ ხარაგაულის ტერიტორიას, იმიტომ რომ მშობლების, წინაპრების საფლავები აქ გვაქვს და არ გვინდა, უყურადღებოდ იყოს მიტოვებული. თან, გვიყვარს იქაურობა, ემოციური ნაწილი ძალიან დიდია, მთელი ბავშვობა, ახალგაზრდობა, ლამაზი წლები, ყველას აქ გვაქვს გატარებული",- გვიყვება გოგა კალანდაძე.

სოფელ ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები 4 თვის წინ (ივნისში) განვითარდა. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აღნიშნული მეწყრული მოვლენა შეფასდა, ცოცვის ზედაპირის განლაგების სიღრმის მიხედვით, როგორც „ძალიან ღრმა (საშუალო სიღრმე 43 მეტრი), ხოლო მოცულობის მიხედვით „ძალიან მძლავრი - ექსტრემელურად დიდი“ (მოცულობა დაახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრი)". დასკვნაში წერია, რომ ფერდობზე არსებული მეწყერი აქტიურ დინამიკაშია და მისი ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია.

მკაფიოდ არის აღნიშნული ისიც, რომ საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში, მეწყრული სხეულის კონტურში მოქცეული ინფრასტრუქტურის ნგრევა (განადგურება) შეუქცევადი ხასიათის იქნება. ამიტომ, დასკვნის მიხედვით, ამ პირობებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებაც კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მისი საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება კი კატეგორიულადაა დაუშვებელი.

მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით ჩატარებული, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები და სპეციალისტთა რეკომენდაციები სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.


ამავე თემაზე:

ხარაგულის დამეწყრილი სოფლის მკვიდრებს გეოლოგიური დასკვნა გააცნეს - რა შეთავაზება მიიღეს ადგილობრივებმა

უნდა შეწყდეს სკოლის ფუნქციონირება - რა წერია ხარაგულის სოფლებში მეწყერის შესახებ გეოლოგიური დასკვნაში

"ვითარება საჭიროებს ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ ქმედებებს და კოორდინირებულ ჩართულობას"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო
პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.
16:15 / 02.10.2025
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში
დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.
12:06 / 02.10.2025
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.