ახალი ამბები
უნდა შეწყდეს სკოლის ფუნქციონირება - რა წერია ხარაგულის სოფლებში მეწყერის შესახებ გეოლოგიური დასკვნაში
FaceBook
"მეწყრების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, აღნიშნული მეწყრული მოვლენა ცოცვის ზედაპირის განლაგების სიღრმის მიხედვით კლასიფიცირდება როგორც „ძალიან ღრმა (საშუალო სიღრმე 43 მეტრი), ხოლო მოცულობის მიხედვით „ძალიან მძლავრი - ექსტრემელურად დიდი“ (მოცულობა დაახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრი)"

- ამის შესახებ სოფელ ხემაღალისა და ღვერკის ტერიტორიაზე არსებული მეწყრული ფერდობის კომპლექსურ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ხარაგაულის მერიის დაკვეთით მომზადდა.

როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, დაკვირვებების, საკონტროლო გაზომვების და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე მიღებული მონაცემების გაანალიზებით აღმოჩნდა, რომ ფერდობზე არსებული მეწყერი აქტიურ დინამიკაშია და მისი ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია.

მკაფიოდ არის აღნიშნული ისიც, რომ საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში, მეწყრული სხეულის კონტურში მოქცეული ინფრასტრუქტურის ნგრევა (განადგურება) შეუქცევადი ხასიათის იქნება. ამიტომ,  დასკვნის მიხედვით, ამ პირობებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებაც კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მისი საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება კი კატეგორიულადაა დაუშვებელი.

"დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ფერდობზე განვითარებული მეწყერი წარმოადგენს აქტიურ მეწყრულ სხეულს, რომელიც კვლავ ინარჩუნებს აქტიური მეწყრისთვის დამახასიათებელ საერთო დინამიკას. მეწყრული გადაადგილებების შედეგად შეცვლილია არსებული რელიეფის ფორმა, დარღვეულია ფერდობის მდგრადობა (ფერდობი არამდგრადია), რაც მოცემულ ვითარებაში შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.

გამოკვლეულ ფერდობზე, ზემოთაღწერილი მეწყრული მოვლენის (ახალი მეწყრის) გარდა, ასევე, ფიქსირდება ძველი მეწყრული (პალეომეწყრული) უბნები, რომელთა კონტურები რელიეფში ცხადად იკითხება. ძველ მეწყრულ უბნებზე დღეისათვის არსებული ფერდობის უმეტესი ნაწილი გრავიტაციულ წონასწორობაშია და მას ვერ ვუწოდებთ ერთიან, აქტიურ მეწყრულ სხეულს, მაგრამ ის მოცემულობა, რომ ფერდობზე პალეომეწყრული უბნებიც არსებობს, ამ ფერდობის გეოდინამიკური პირობების სირთულეზე მეტყველებს და აჩვენებს ფერდობის მიდრეკილებას მეწყრული მოვლენების წარმოქმნისაკენ",- აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება მეწყრის გამომწვევ მიზეზებს, დასკვნის მიხედვით, სოფელ ხემაღალის და ღვერკის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული მოვლენის წარმოქმნა გრავიტაციულად დაძაბულ ფერდობზე მისი ამგები გრუნტების წონასწორობის დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, ფერდობი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ზღვრულ გაწონასწორებულ (მყიფე წონასწორობის) მდგომარეობაში და მიდრეკილი იყო მეწყრული მოვლენის განვითარებისკენ.

"საბოლოოდ კი, მეწყრული მოვლენის წარმოქმნა ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა. ეს ფაქტორები შემდეგია: ფერდობის ამგები ქანების შრის წოლის ელემეტების (დაქანების აზიმუტი, დახრის კუთხე) თანხვედრა, ფერდობის ექსპოზიციასა და მისი ზედაპირის დახრილობასთან; მორფოლოგიური ფაქტორები (ფერდობის მაღალი ბუნებრივი დახრილობა); ლითოლოგიური ფაქტორი, (ფერდობის ამგებ მასივში გვხვდება დაახლოებით 40 მეტრის სიმძლავრის (სისქის) თიხოვანი გრუნტებით წარმოდგენილი ფენა, რომლის სიმტკიცის მაჩვენებლები განსაკუთრებით ქვეითდება წყალთან ურთიერთქმედებისას, ანუ თიხები წყალში სწრაფად დაშლადია); ჰიდროგეოლოგიური ფაქტორი (ფერდობზე გაყვანილი 8 ჭაბურღილიდან 7 ჭაბურღილში გრუნტის წყალი გამოვლინდა 3.95 - 14.0 მეტრის სიღრმემდე, გრუნტის წყლის გამოსავლები მრავლად ფიქსირდება ფერდობის სხვადასხვა ნაწილში);

ტექტონიკური ფაქტორი (მეწყრულ ფერდობს კვეთს ტექტონიკური რღვევის ხაზი, რის გამოც ფერდობის ამგები გრუნტებში მნიშვნელოვნად იქნება დარღვეული სტრუქტურული კავშირი); ამასთანავე, მოვლენის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი გააჩნია ზედაპირული ატმოსფერული ნალექის ინფილტრაციის პროცესს ფერდობის ამგებ გრუნტებში", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, შემდგომში გასატარებელ შესაძლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძნელად წარმოსადგენია ისეთი ეფექტური საინჟინრო ღონისძიების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს მეწყრის შეჩერებას, ფერდობის სტაბილიზირებას და უსაფრთხოს გახდის მეწყრულ ფერდობზე მდებარე სოფლებში ცხოვრებას, გადაადგილებას თუ სხვა საქმიანობას, თუმცა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებდად ეფექტურ და დაუყოვნებლივ გასატარებელ ღონისძიებებად სპეციალისტებს შემდეგი სახის ღონისძიებების გატარება მიაჩნიათ:

➢ მეწყრული სხეულის გავრცელებისა და ზეგავლენის არეალში არსებულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანა უნდა მოხდეს უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში;

➢ სოფლებში მიმავალი (მისასვლელი) საავტომობილო გზები უსაფრთხო მონაკვეთებზე უნდა ჩაიკეტოს შესაბამისი ბარიერით (შესაძლოა ე.წ. „შლაგბაუმით“) და გაკონტროლდეს, რათა შეწყდეს (აიკრძალოს) მეწყრულ ფერდობზე არსებულ საავტომობილო გზებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა;

➢ უნდა აიკრძალოს ქვეითად მოსიარულე ადამიანების გადაადგილება მეწყრულ ფერდობზე და ფერდობის ძირში არსებულ ხეობაში;

➢ უნდა შეწყდეს ფერდობზე არსებული სკოლის ფუნქციონირება;

➢ ვინაიდან მეწყერი და მასთან დაკავშირებული გარემოებები სარკინიგზო მაგისტრალისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, ამ გარემოემებზე უნდა ეცნობოს „საქართველოს რკინიგზას“ და შესაბამის უწყებებს, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად და კოორდინირებულად განხორციელდეს შესაბამისი მოქმედებები:

უნდა განხორციელდეს პერიოდული დაკვირვება (მონიტორინგი) მდინარე ყარნებას კალაპოტში წყლის მოდინებაზე, მისი მეწყრისგან ჩაკეტვის ადგილის ქვემოთ (მაგალითად მდინარე ჩხერიმელას შესართავთან), რადგან კალაპოტში წყლის დაშრობის შემთხვევაში, გაიზრდება ღვარცოფული ნაკადების ახლო მომავალში წარმოქმნის ალბათობა;

➢ ამ ეტაპისთვის მიწანშეწონილად არ მიგვაჩნია მდინარე ყარნებას ჩაკეტილი მონაკვეთის გაწმენდა ტექნიკის გამოყენებით, რადგან აღნიშნული სამუშაოს შესრულება მოცემულ სიტუაციაში უსაფრთხო ვერ იქნება;

➢ პერიოდული შესწავლა (მონიტორინგი) უნდა განხორციელდეს ასევე, ფერდობის შუა და ზედა ნაწილში მეწყრის მოწყვეტის კიდეებიდან (მეწყრის კონტურიდან) მოშორებით მდებარე სახლებთან (შენობებთან) მიმართებაში. ვინაიდან მეწყრის უკუსვლითი გავრცელების უნარის გათვალისწინებით საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა მეწყრული დეფორმაციები აღნიშნულ სახლებსაც (შენობებსაც) მიუახლოვდეს.

➢ შესაძლოა განხილული იყოს „ადრეული შეტყობინებისა სისტემისა“ და „განგაშის სისტემის“ მოწყობის საკითხიც. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აეთი სისტემების მოწყობა ჩვენი შეფასებით არ ითვლება მიზანშეწონილად, რადგან მეწყრის გავრცელების ადგილიდან დასაცავ ობიექტებამდე მანძილი ძალზე მცირე - მაქსიმუმ 200 მეტრია",- წერია სპეციალისტების რეკომენდაციებში. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე არსებული მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. აღსანიშმავია, რომ ამ კვლევის შედეგების განხილვა მოსახლეობასთან დღეს, 30 სექტემბერს, 13:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში იგეგმება. კვლევა „გეოლოჯიქმა“ ხარაგაულის მერიის დაკვეთით მოამზადა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო
პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.
16:15 / 02.10.2025
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების, ღვერკისა და ხემაღალის
მცხოვრებლები, მერიის დაკვეთით, მეწყრული პროცესების შესწავლის
მიზნით, ჩატარებულ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის
შედეგებს ეჭქვეშ აყენებენ.
15:19 / 02.10.2025

ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების, ღვერკისა და ხემაღალის მცხოვრებლები, მერიის დაკვეთით, მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით, ჩატარებულ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებს ეჭქვეშ აყენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.