პოლიტიკა
პოლიტიკა და ხელოვნება - ვინ სად დგას პუტინის ომში
FaceBook
„არასდროს ასეთი ამაყი არ ვყოფილვარ, რომ ვარ უკრაინელი, როგორც დღეს" - განაცხადა ჰოლივუდის მსახიობმა მილა კუნისმა.

მსახიობები მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი უკრაინელებს 3 მილიონი დოლარით ეხმარებიან და საქველმოქმედო ფონდსაც ქმნიან.

რუსულ აგრესიას უკრაინაში ბევრი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. მსახიობები, მწერლები, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და მათ დასახმარებლად ფონდებს ქმნიან.

ჰოლივუდის მსახიობებიდან ანჯელინა ჯოლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით "ინსტაგრამზე" უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გაავრცელა და საზოგადოებას დაზარალებულთა მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. ჩემ კოლეგებთან ერთად, ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ ყველაფერი გაკეთდეს დაცვისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად."

სულ ცოტა ხნის წინ, მან მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. ანჯელინა ჯოლი უკრაინის მხარდასაჭერ საინფორმაციო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული.

"ბოლო დღეებში უკრაინიდან მილიონამდე ადამიანი გამოიქცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზობელი ქვეყნები კვლავაც მიესალმებიან და იღებენ ყველას, ვინც გაურბის ომს და საჭიროებს თავშესაფარს", – წერს ჯოლი.

მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა არა მხოლოდ სიტყვებით გამოხატა მხარდაჭერა, იგი ცხელ წერტილში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა. შონ პენი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. მან თავის ბოლო "ტვიტში" დაწერა, რომ ორ კოლეგასთან ერთად პოლონეთის საზღვრამდე ფეხით იარა, მანქანა კი გზის პირას დატოვეს.

ერთ - ერთმა პირველმა მხარდაჭერა გამოხატა მომღერალმა და მსახიობმა შერიმ. იგი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხების მოზიდვითაცაა დაკავებული.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა ესპანელი მსახიობი ჰავიერ ბარდემი.

ინგლისელმა მსახიობმა ბენედიქტ კამბერბეტჩმა, უკრაინის ომსა და რუსეთის გაუმართლებელ პოლიტიკაზე ისაუბრა ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გამართულ ცერემონიაზე, სადაც მისი ვარსკვლავი გახსნეს. მან საზოგადოებას მოუწოდა, დახმარებოდნენ რუსეთის ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი.

უკრაინისადმი სოლიდარობას გამოხატავენ მწერლები, მათ შორის, ნობელიანტი ავტორები სვეტლანა ალექსიევიჩი, ორჰან ფამუქი, ოლგა ტოკარჩუკი.

მხარდაჭერას გამოხატავს მწერალი სტივენ კინგი.

"ჩემს სურათებს არ ვდებ ხოლმე, მაგრამ ეს გამონაკლისია", - აღნიშნა მწერალმა მას შემდეგ, რაც უკრაინის დროშის ფერებში გაწყობილი მაისურით ფოტო გამოაქვეყნა.
ფამუქთან და კინგთან ერთად მხარდაჭერას უერთდება ათასზე მეტი მწერალი, "მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია PEN International-ის" მიერ გავრცელებულ ღია წერილში, ავტორები პუტინის ქმედებებს გმობენ და უკრაინელ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ.

"ჩვენ, მწერლები მთელი მსოფლიოდან, შეძრწუნებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც რუსულმა ძალებმა უკრაინისკენ მიმართეს. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს სისხლისღვრა. ჩვენ ერთხმად ვგმობთ უაზრო ომს, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა მხოლოდ იმიტომ წამოიწყო, რომ ვერ ეგუება უკრაინელი ხალხის უფლებას, საკუთარი მომავალი და ისტორია მოსკოვის ჩარევის გარეშე განიხილოს. ჩვენ ერთხმად ვუჭერთ მხარს უკრაინაში მყოფ მწერლებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს და ყველა ადამიანს, ვინც ახლა თავისი ცხოვრების ყველაზე საშინელ წუთებს გადის. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და თქვენი ტკივილის თანამოზიარე ვართ. ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანად ცხოვრების, გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი შეკრების უფლება. პუტინის ომი კი არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ჩვენ ერთხმად მოვუწოდებთ ყველას მშვიდობისკენ და იმ პროპაგანდის დასრულებისკენ, რომელიც ძალადობას ახალისებს. თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე არ არსებობს თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა. მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს",-
ამ განცხადებას ხელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მწერალი აწერს.

ხელმომწერთა შორის არიან მარგარეტ ეტვუდი, პოლ ოსტერი, ენტონი დოერი, ჯონათან ფრენზენი, სალმან რუშდი, ელიფ შაფაქი და ზემოთ ნახსენები ნობელიანტი ავტორებიც.

რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე გავრცელდა ფრანგი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის ვიდეომიმართვა:​

"ძვირფასო უკრაინელებო, მე აქამდე ზელენსკი მეგონა კლოუნი. მაგრამ ....პუტინი მარტო "საზიზღარი" კი არ არის, ის შეშინებულია და ძალიან სასაცილო. მე მრცხვენია ჩემი სახელმწიფოსი, რომელიც მაშინვე არ გამოემართა დასახმარებლად. ძალიან შერცხვენილი ვარ. ვფიქრობ, მთელი დასავლეთის მთავრობები სასწრაფოდ უნდა დაგეხმარონ დღეს", - ამბობს ფრედერიკ ბეგბედერი.

ყველა ეს ადამიანი ქველმოქმედებაში ებმება უკრაინელების დასახმარებლად.

უკრაინის მიმართ რუსული აგრესია გააპროტესტეს და მხარდაჭერა გამოხატეს რუსებმაც. მსახიობმა ლია ახიჯაკოვამ, რომელიც კრემლის პოლიტიკის მიმართ ყოველთვის კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა, უკრაინის დახმარების ფონდში ათი ათასი დოლარი გადარიცხა.

გავრცელებულ ინტერვიუში, რომელიც მან ტელეარხ "დოჟდს" მისცა, კითხვაზე გეშინიათ თუ არა? ახეჯაკოვამ უპასუხა, რომ არა!

"20 წელი "სამი გოჭი" ვითამაშე და ოცი წელი იმდენი ვიძახე მგლის არ გვეშინია, მგლის არ გვეშინია, რომ ბოლოს ეს დამემართა! მგლის აღარ მეშინია!" - თქვა მსახიობმა.

მოსკოვის სახელმწიფო თეატრის "ვსევოლოდ მეიერჰოლდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა ელენა კოვალსკაია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერდა: "მეგობრებო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროტესტის ნიშნად, გადავდგები სახელმწიფო თეატრის დირექტორის თანამდებობიდან. შეუძლებელია მკვლელისთვის იმუშაო და მისი ხელფასი მიიღო".

თუმცა, არიან ცნობილი რუსი ხელოვანები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან თეატრებთან თანამშრომლობენ, მაგრამ არ უერთდებიან საერთო სოლიდარობას, რასაც მათ არ პატიობენ. მაგალითად, დირიჟორი, ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოსტიდან სწორედ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაათავისუფლეს. გერგიევი ცნობილია ვლადიმერ პუტინთან მეგობრობით და მისი პოლიტიკის მხარდაჭერით. "ლა სკალას" , ვენისა და ბავარიის ფილარმონიებმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს. გაუყინეს ანგარიშებიც რამდენიმე ბანკში,

მეტროპოლიტენ ოპერამ თეატრიდან გაუშვა რუსი საოპერო მომღერალი ანა ნეტრებკო, რომელიც ასევე გამოირიჩევა პუტინის მხარდაჭერით.


მეცხრე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იგი ბომბავს დიდ და პატარა ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას.

რუსულმა ოკუპანტმა არმიამ ატომური ელექტროსადგურიც დაბომბა ზაპოროჟიეში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.