ახალი ამბები
პოლიციამ გუმათთან მოწყობილ ბლოკპოსტზე რიონის ხეობის აქტივისტი დააკავა
FaceBook
გუმათჰესთან მოწყობილ საპოლიციო პოსტზე სამართალდამცავებმა რიონის ხეობის ერთ-ერთი "მცველი" ლაშა ქუთათელაძე დააკავა.
დაკავებული იზოლატორშია გადაყვანილი. მას საპოლიციო პოსტის გადაკვეთას ედავებიან. დაკავებულის მიმართ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე შედგა, რაც 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ლაშა ქუთათელაძე სოფელ ნამოხვანში, კარვებთან გადაადგილებას ცდილობდა.

რიონის ხეობაში უკვე ერთი კვირაა საპოლიციო პოსტია მოწყობილი. გუმათჰესის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში არიან სამართალდამცავები მობილიზებული და რკინის ჯებირებით აქვთ ხეობა გაყოფილი.


რიონის ხეობაში გადაადგილებაზე შეზღუდვა 3 აპრილს მას  შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი სამართალდამცავებთან ერთად ჩავიდა. ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან მისასვლელი გზა, დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა 12 აქტივისტი.

ამის შემდეგ, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთი კარავი გაშალეს. რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი ლოკაცია და ხუთი კარავია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 167-ე ღამე გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.



ამავე თემაზე: 

"ჰესის არ აშენება არ განიხილება'' - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
ხეობის მცველებმა გუმათში კარავი გაშალეს
"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" – "ენკას" ახალი დირექტორი
ნამახვანში პოლიციამ ორი პირი დააკავა
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა

"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

Print