ახალი ამბები
ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობა საპარტნიორო ფონდს გადაეცა
FaceBook

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობა, სადაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მოწყობას გეგმავდა,  ეკონომიკის სამინისტრომ საპარტნიორო ფონდს გადასცა.


როგორც ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, ქონების გადაცემა ივნისის თვეში მოხდა. ფონდი კი ამორტიზებულ შენობას მიწის ნაკვეთთან ერთად მალე გადაიფორმებს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ  სახელმწიფო ფონდისთვის ქონების გადაცემით,  სავარაუდოდ, არ შეცვლილა თემურ ჭყონიას გეგმა ადგილზე „ქორთიარდ მარიოტის“ ბრენდის სასტუმროს მშენებლობის შესახებ, თუმცა, ახლა ბიზნესმენი ამას,  სავარაუდოდ, სახელმწიფოს დახმარებით გააკეთებს.


საპარტნიორო ფონდში ადასტურებენ, რომ მუზეუმის ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობის გეგმა განიხლება,  თუმცა, არც ბრენდს და არც ობიექტის მშენებლობით დაინტერესებული პირის ვინაობას არ ასახელებენ.

„ჩვენ გადმოგვეცა ამორტიზებული შენობა მიწის ნაკვეთთან ერთად, სადაც განიხილება სასტუმროს მშენებლობის პროექტი, თუმცა, ვინ არის დაინტერესებული პირი,  ამის თქმის უფლება არ გვაქვს. ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს, ფონდიც მას დაეხმარება ინვესტიციის განხორციელებაში“, – აცხადებენ ფონდში.

თემურ ჭყონია ქუთაისის ცენტრში „მაკდონალდსის“ გვერდზე, სასტუმროს მშენებლობისთვის მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან 2017 წლიდან  აწარმოებდა.  ქუთაისიპოსტის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ირკვევა, რომ ბიზნესმენთან შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო.

უფრო მეტიც, ჭყონიას ინტერესების გათვალისწინებით, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისის მერიას მუზეუმის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის,  ფართობით 221 კვ.მ–ის, უსასყიდლოდ დათმობაც კი მოსთხოვა. სააგენტო ქალაქის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილ წერილში განმარტავდა, რომ შპს „ამერიკული სასტუმროების ჯგუფი“, რომლის დირექტორიც თემურ ჭყონიაა, ქუთაისში გეგმავდა „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროს მშენებლობას, რისთვისაც მას ესაჭიროებოდა ქუთაისის  ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი. საინვესტიციო მოცულობის გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო ქალაქს აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაეთმო.  საბოლოოდ, ქუთაისის საკრებულომ სპეციალურად ამ მიზნის განსახორციელებლად რიგგარეშე სხდომა მოიწვია და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მუზეუმის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა.


ამის შემდეგ პროცესი გაჩერდა და არც მუზეუმის ყოფილ შენობაში შეცვლილა რამე. ახლა კი ირკვევა, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტრომ საპარტნიორო  ფონდს გადასცა, სადაც სასტუმრო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.

„საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფო საინვესტიცო ფონდია, რომელიც მსხვილ ინვესტორებს ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს. ინვესტორთან შეთანხმება კონკრეტული პირობებით ხდება. ფონდი ინვესტიციის საერთო მუცულობის  5%–დან 49%–მდე აფინანსებს. ინვესტორმა კი კონკრეტულ ვადაში აღნიშნული თანხა სახელმწიფოს უკან უნდა დაუბრუნოს.

„საპარტნიორო ფონდის“  მხარდაჭერით აშენდა ქუთაისში სასტუმრო „ბესთ ვესტერნი“.


ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ყოფილი შენობა რვა წელია  მიტოვებულია. ის  უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც სამუზეუმო ექსპონატები პუშკინის ქუჩაზე, ბანკის ყოფილ შენობაში გადაიტანეს.

მას შემდეგ შენობის ბედით არავინ დაინტერესებულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მისი შესასვლელის დაცვაც ვერ უზრუნველყო, რის გამოც, შენობა განადგურდა. ადგილობრივები მას საპირფარეშოდ იყენებენ. უკიდურეს ანტისანიტარიაში ღამეს ათევენ უსახლკაროები.

 

ქუთაისის მერია,   მიტოვებული შენობის ამორტიზებულ ფასადს, წლების განმავლობაში პიარისთვის იყენებს.

შენობამ ქალაქის ცენტრის იერსახე რომ არ დაამახინჯოს, ადგილობრივი ხელისუფლება მასზე,  ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების  ამსახველ ბანერებს აკრავს.



თემურ ჭყონიას ახალი გეგმები ქუთაისში,
ნახეთ აქ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.