ახალი ამბები
ევროპული ბაზარი - ქართველი მეწარმეების არჩევანი (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

კოოპერატივი „ტრადიცია“ 6 წელია ერთი პატარა საწარმოდან ცდილობს ევროპისკენ გზის გაკვალვას.


 

ხანგრძლივი შრომის შემდეგ, პირველად გაჩნდა შანსი,  რომ  მათ მიერ წარმოებული ჩაი ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.


ტყიბულში წარმოებული ჩაის სურნელით და გემოთი უკვე მოიხიბლნენ ჩეხი დისტრიბუტორები. ადგილზე გაეცნენ მისი დამზადების ტექნოლოგიასაც და ახლა რაჭის მთებში დაკრეფილი ჩაის ნიმუშებს ლაბორატორიულ კვლევას უტარებენ.


პოტენციური პარტნიორების პასუხს კოოპერატივი „ტრადიცია“  მოთმინებით ელოდება. მიღებული თანხმობა წლების წინ დასახული მიზნის მიღწევას ნიშნავს.


შვიდკაციან კოოპერატივს მცირე ინვესტიციის პირობებში დაქირავებული მუშახელი არ ჰყავს.  ნედლეულის ჩაბარებიდან პროდუქციის დაფასოებამდე ყველა პროცესს თავად უძღვებიან. მზა პროდუქციას ძირითადად, მაღაზიებსა და  ბაზრობებზე აბარებენ. კოოპერატივი „ტრადიციის“ ჩაით მარაგდება სამეგრელოს რამდენიმე ბაღი, თუმცა, ამბობენ, რომ წარმოების გასაფართოებლად ეს საკმარისი არ არის.


ვიდრე ევროპული პერსპექტივა გამოჩნდებოდა, ჩაი  რუსეთის ბაზარზე სარეალიზაციოდ გაამზადეს და პროდუქციას რუსულ-ქართული ეტიკეტებიც დააკრეს, თუმცა, ახლა, სავარაუდოდ, ეტიკეტების შეცვლა მოუწევთ. ამბობენ, რომ დანახარჯების მიუხედავად, გამოწვევისთვის მზად არიან, რადგან  ზუსტად იციან ევროპული ბაზრის ფასი.


ევროპისკენ მიმავალ გზაზე  კოოპერატივ „ტრადიციაში“ მთავარ დაბრკოლებად პლანტაციებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცესები მიაჩნიათ. კოოპერატივის წევრი, გელა ახვლედიანი ამბობს, რომ სახელმწიფო მცირე მეწარმეებს  პლანტაციების კერძო საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, რაც მეწარმეს სტაბილურობის შეგრძნებას გაუჩენს.


„გვინდა პლანტაციების შეძენა, მაგრამ სახელმწიფო არ ყიდის. ეს არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ჩვენი წარმოებისთვის.  თუ  პლანტაციები  არ გახდა ხელმისაწვმდომი მცირე მეწარმეებისთვის, გაგვიჭირდება გაფართოება, მეტი ნედლეულის მიღება, მეტი ადამიანის ჩართვა  ჩაის გადამუშავების პროცესში. მაღალი ხარისხის პროდუქციის საწარმოებლად პირველ რიგში აუცილებელია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მიღწევადია, თუ მეწარმეს სახელმწიფო გვერდით დაუდგება“,-ამბობს გელა ახვლედიანი.


“ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა” იჯარით აღებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებს 70%-ით აფინანსებს,  ჰექტარზე მაქსიმუმ 2 500 ლარის ოდენობით.


თუმცა, პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა არანაკლებ 5 ჰა ფართობის პლანტაციას ფლობდე, რის გამოც კოოპერატივი “ტრადიცია” პროგრამაში ვერ მოხვდა და ნედლეულს ძირითადად კერძო პირებისგან იბარებს.


რაც შეეხება პლანტაციების პრივატიზებას, ქონების მართვის სააგენტოში  ამბობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება არ ხდება. “ჩაის პლანტაციების პროგრამის” ფარგლებში კი,  ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, პლანტაციების საბაზრო ფასზე ნაკლებ  თანხად გაიჯარება ხდება, რაც ერთ ჰა ფართობზე წლიურად  50 ლარია.

 

ფანჯარა ევროპაში



ქართულ პროდუქციას ევროპული ბაზრისკენ გზა, ასოცირების ხელშეკრულებამ კიდევ უფრო ფართოდ  გაუხსნა.  2014 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ქართველ მეწარმეებს პირველად მიეცათ  შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე გაეტანათ. ახლა უკვე ევროპის ქვეყნებში 9000-ზე მეტი დასახელების  პეროდუქტის რეალიზაციაა შესაძლებელი.

თავის მხრივ, “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” ხელშეკრულებამ    მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფო, რაც პირველ რიგში ადგილობრივი მეწარმეებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.


„ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ მაღალი ტრიბუნიდან მეთქვა ევროპელი მეცნიერებისთვის:  ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობები, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია“,- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,შოთა ლომინაშვილი.


პროფესორი შოთა ლომინაშვილი თვლის,  რომ თითოეული პატარა საწარმოც კი მორიგი ფანჯარაა ევროპაში. იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება და ტემპიც საჭიროზე დაბალია, მთავარი მაინც ქართველი მეწარმეების  არჩევანია, რომელიც ცალსახად ევროპულია.



„შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ მოქმედებაშიც არ გვაქვს. რეალურად, ახლა ვიწყებთ ამაზე მუშაობას. ის, რასაც ქართველი მეწარმეები ადგილზე აწარმეობენ, ევროპის ბაზრის მოთხოვნასთან შედარებით ძალიან მიზერულია, ეს უფრო ჰგავს საპილოტე პროგრამას,  მაგრამ მთავარია, რომ იჭრება პატარა ფანჯრები ევროპაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი”,-ამბობს შოთა ლომინაშვილი.



იგი  სექტემბერში, რომში, „ევროპის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე“ მოხსენებისთვის ემზადება. უნივერსიტეტის პროფესორმა ყოველწლიურ კონფერენციაზე მისი  დეპარტამენტის მიერ, იმერეთის სამ რაიონში: წყალტუბოში, თერჯოლასა და სამტრედიაში სამწვანილე მეურნეობებში ჩატარებული კვლევის შედეგები უნდა წარადგინოს.



„ევროპის ბაზარზე მწვანილის საკმარისად და უწყვეტად მიწოდების შესაძლებლობები“,- ასე ერქვა კვლევას, რომლის ფარგლებშიც 180 ადამიანი გამოიკითხა, მათ შორის მეწარმეები და დისტრიბუტორები.  პროფესორი ამბობს, რომ კვლევამ ძალიან ბევრი პრობლემა აჩვენა. პირველ რიგში ეს არის ლაბორატორიების სიმცირე, სადაც ხდება წარმოებული პროდუქციის ხარისხის კვლევა  და შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა. მისი თქმით, შესწავლილი საწარმოებიდან საკუთარი ლაბორატორია არც ერთს არ აღმოაჩნდა. ისინი სხვის ლაბორატორიებში ამოწმებენ   პროდუქციის ხარისხს. ასეთი დაბრკოლებები კი მათ მოთხოვნის შესაბამისად მიწოდებაში ხელს უშლის.


პროფესორმა ახლა ევროპელ კოლეგებს უნდა უთხრას, რა შეუძლია ქართველ გლეხს და რა დაბრკოლებები ხვდება მას ხარისხიანი პროდუქციის წარმოების გზაზე.


„ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, ჩვენ  გვჭირდება  ხელშეწყობა. ქართველი  გლეხი არის ძალიან შრომისმოყვარე და კარგად იცის თავისი საქმე, მაგრამ ტექნოლოგიებით თუ არ მიეხმარე, ვერ დაეწევა თანამედროვე მოთხოვნებს. ეს არის ის, რაც მინდა ვუთხრა ჩემს ევროპელ კოლეგებს“,-ამბობს შოთა ლომინაძე.

 


ლაბორატორიების სიმცირეს  მთავარ დაბრკოლებად არ მიიჩნევს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების ლაბორატორიის დირექტორი, ირაკლი გულედანი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით 3 მთავარი ლაბორატორია და 8 ფილიალია, თუმცა, მეწარმეები მათ კვლევისთვის იშვიათად, უფრო კი იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ დიდი რაოდენობით პროდუქციის გატანას გეგმავენ. მისი თქმით, როცა ევროპელი ინვესტორების მხრიდან რეალური დაინტერესება არსებობს, ისინი   პროდუქციის საკუთარ ლაბორატორიებში შემოწმებას არჩევენ და ნიმუშები თავად მიაქვთ  საკუთარ ქვეყნებში. ადგილობრივ ბაზარზე ოპერირების დროს  კი მეწარმეები პროდუქციის ხარისხის კონტროლს იშვიათად ახდენენ.


იმის მიუხედავად, რომ მეწარმეები ამ პრობლემას ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებლად მიიჩნევენ, სამინისტროს ლაბორატორიების რაოდენობის გაზრდის გეგმა ჯერჯერობით არ აქვს. უწყებაში ამბობენ, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.



დაბრკოლებები და გამოწვევები ევროპულ ბაზარზე


„არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა,  საქართველოს ბაზარი არ იყო მზად ასეთი მასშტაბური გამოწვევებისთვის“ ,- ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი.



საერთაშორისო ექსპერტი და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი,  მიიჩნევს, რომ მეწარმეებს ევროპული ბაზრისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დაბრკოლება ხვდებათ და მათ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. თავის მხრივ, ადგილობრივი ბიზნესმენებიც უნდა შეეჩვიონ ხარისხზე ორიენტირებას, რადგან ევროპას აინტერესებს არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.

 

„ბიზნესს სჭირდება მეტი წახალისება, თუნდაც, იაფი და გრძელვადიანი კრედიტები,  საკანონმდებლო ბაზა არის აუცილებლად მოსაწესრიგებელი.  200-ზე მეტი დირექტივა გვაქვს კონკრეტულად ამ სფეროში და მათი მხოლოდ ერთი მესამედია  შესრულებული. მართალია გაუქმდა საიმპორტო ტარიფები და მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ დაუგებრავად შეიტანონ პროდუქტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა. უნდა მოხდეს ჰარმონიაზაცია ჩვენი წესების ევროკავშირის მოთხოვნებთან.

ბიზნესმენებიც მარტივად უყურებენ ამას,  უფრო მეტ გათვლას აკეთებენ წარმოების რაოდენობაზე და არა ხარისხზე, რის გამოც  პრობლემის წინაშე დგებიან უკვე ბაზარზე, რადგან იქ ხვდებათ  მაღალი კონკურენცია, რომელსაც უნდა გაუძლონ“,-ამბობს კახა გოგოლაშვილი.

 

მისი თქმით, ქართველმა მეწარმეებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ სიახლეებსა და განსხვავებულ მიდგომებზე.

 

„პრობლემა არის იმაშიც, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ ინოვაციურ მიდგომებზე. თუ გვინდა, რომ კონკურენცია გავუწიოთ ევროპის ბაზარს,  უნდა ვეცადოთ რაღაც ახალი, განსხვავებული შევთავაზოთ. ჩვენი მეწარმეები, ძირითადად, ირჩევენ ისეთ პროდუქტებს, რაზეც უფრო ნაკლებად მკაცრია კონტროლი, მაგალითად მწვანილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. სამაგიეროდ, ევროპულ ბაზარზე პრაქტიკულად არ გადის თევზი და ხორცის პროდუქტები, რადგან არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორიები, რომლებიც მათ ხარისხიანობას შეამოწმებს და გასცემს სერთიფიკატს. ეს არის ძალიან რთული და პრობლემური პროცესი“,-ამბობს კახა გოგოლაშვილი.


რუსული ბაზარი, როგორც  არასანდო პარტნიორი

სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა განსაკუთრებით სჭირდება მეღვინეობას, რაც ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე - მიაჩნია მეღვინე  ლაზარე კვირიკაშვილს.


ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში მცხოვრები მეწარმე,  წლებია ხუთი სახეობის ღვინოს აწარმოებს. ძმასთან ერთად დაწყებული საქმე ლაზარესთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს მისი ოჯახის ტრადიციის გაგრძელებაა.


წარმოებული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე არაპირდაპირი გზით, ადგილობრივი დისტრიბუტორის საშუალებით გააქვს.

ზუსტად იცის, რომ ევროპული ბაზარი ქართული ღვინის მომავალია, თუმცა, ამბობს, რომ  ჯერჯერობით მის მიერ წარმოებული ღვინის რაოდენობით ევროპის ბაზრის უწყვეტ მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს.

საუბრობს პრობლემებზეც, რომლებიც მისი თქმით,  ხარისხიანი პროდუქციის წარმოების პროცესში ხვდება.


„როცა ვიკრიბებით მეღვინეები, ყველა საუბრობს ერთი და იგივე პრობლემაზე, რომ ღვინის მაღაზიის გამყიდველზე არიან დამოკიდებული,  როცა ვენახთან დაკავშირებით რჩევა სჭირდებათ. რაიონში არ არის გამოცდილი აგრონომი,  არ გვაქვს ლაბორატორია,  თბილისში და ქუთაისში ვაგზავნით ღვინის ნიმუშებს შესამოწმებლად. გვქონდა ინიციატივა, რომ  საკუთარი ძალებით შეგვექმნა რაიონში  ხარისხის შესამოწმებელი ცენტრი, მაგრამ დიდ თანხებთან არის ეს დაკავშირებული.  სახელმწიფომ უნდა იზრუნოს  ამ მიმართულებით ხელშეწყობაზე“,-ამბობს ლაზარე კვირიკაშვილი.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ მოლოდინი ნაწილობრივ გაამართლა. მოხდა ბაზრის დივერსიფიკაცია და ქართული პროდუქცია ევროპის, ამერიკის და ჩინეთის ბაზარზეც კი გამოჩნდა, თუმცა, ეს არ მომხდარა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების ხარჯზე, არამედ, წარმოების გაზრდის შედეგად, რაც ერთი მხრივ დადებითი მოვლენაა.


მეორე მხრივ, რუსულ ბაზარზე, მისი არასანდო და არასტაბილური იმიჯის მიუხედავად, წლიდან წლამდე უფრო მეტი პროდუქტი გადის.


ექსპერტების თქმით, ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი- რუსეთის ბაზარი გეოგრაფიულად უფრო ახლოა, ხოლო, მეორე და გადამწყვეტი ფაქტორი  პროდუქციის ხარისხზე შედარებით ნაკლები კონტროლია. ეს ორი გარემოება მეწარმეებს საკუთარი პროდუქტის უფრო დიდი რაოდენობით გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.


თუმცა, სწორედ პოლიტიკით გაჯერებულმა რუსულმა ბაზარმა და 2006 წლის ემბარგომ უბიძგა ქართველ მეწარმეებს,  ალტერნატივის სახით ევროპის ქვეყნების სავაჭრო ზონები ეძებნათ.


ევროპის გზა რთულთან  და ხანგრძლივთან ერთად,  სასარგებლოც აღმოჩნდა. მეწარმეები იძულებული გახდნენ მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხი გაეზარდათ. ხარისხიან პროდუქტს კი უფრო მაღალი ფასი დაედო.


„ძალიან კარგი იყო ემბარგო რომ დაგვიწესა.  ნეტა,  კიდევ გაგრძელებულიყო. ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ამან რეალურად მოახდინა ბაზრის დივერსიფიკაცია. ამის შემდეგ  დაიწყო ჩინეთის, ამერიკის და  ევროკავშირის ბაზრების ათვისება. ძალიან გაუმჯობესდა  ჩვენი ღვინოების ხარისხი და ამას თვითონ ამ სფეროში დასაქმებულები აღიარებენ. რუსეთი,  ამას რა თქმა უნდა  სხვა მიზნით აკეთებს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ. ქართველმა მეწარმეებმაც ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია და როგორც კი პოლიტიკურად რაღაც არ მოეწონება, გამოაცხადებს ვითომ შემოწმებას და  გამოგაგდებს ბაზრიდან. ევროპა ამას არასდროს  გაგიკეთებს და სწორედ ეს ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას“,-ამბობს პროფესორი, შოთა ლომინაშვილი.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზრდილია როგორც რუსეთის საექსპორტო წილი ჩვენი ქვეყნის მთლიან ექსპორტში, ასევე, ყოვეწლიურად იზრდება რუსულ ბაზარზე გაყიდული პროდუქციის რაოდენობა. კერძოდ,  ბოლო მონაცემებით, რუსეთს საქართველოს საექსპორტო ბაზრის 15% უკავია, რაც 2014 წელს 10% იყო.  ქართული პროდუქციის  წლიური  ექსპორტი კი საშუალოდ 15%-ით იზრდება.

 

ამის პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნლოვანი შედეგები იქნა მიღწეული ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით. ცალკეულ შემთხვევებში რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება  შემცირდა კიდეც.

 

პოზიტიურ ცვლილებების მიუხედავად, ყველაზე მოთხოვნადი ქართული პროდუქტის -ღვინის  მთავარ სარეალიზაციო ბაზრად,  ჯერჯერობით კვლავ რუსეთი რჩება.




რას აკეთებს სახელმწიფო?


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქართველი მეწარმეებისთვის ევროკავშირის ბაზარზე დაუბრკოლებლად ოპერირებისთვის, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. პირველ რიგში ეს შეეხება კერძო სექტორის უმტკივნეულო ადაპტაციას “ასოცირების ხელშეკრულების” მოთხოვნებთან, ასევე, მეწარმეებისთვის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და საკანონდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანას.

 

“ევროპულ ბაზარზე შესვლის მსურველი მეწარმეებისათვის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს არასატარიფო ბარიერები, როგორიცაა მაგალითად სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ნორმები და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები. ასევე, მნიშვნელოვანია ხელშეწყობა ფინანსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, სსიპ “აწარმოე საქართველოს” დახმარებით, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მეწარმეობის განვითარებას და მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას. გასულ წელს სააგენტომ  დახმარება გაუწია 102 ბიზნესპროექტს. ჯამში აღნიშნული ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 219 მილიონ ლარზე მეტი, რაც დამატებით 3 200 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის”,-აცხადებენ სამინისტროში.


უწყების ინფორმაციით, სახელმიწფო აქტიურად მუშაობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ქართველი მეწარმეების ამ პროცესში ჩართვაზე.


2018 წელს, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სავაჭრო მისიებში, გამოფენებსა და კონფერენციებში 79-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.


სამინისტროს ინფორმაციით შეუფერხებლად მიმდინარეობს ქართული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში გაწერილია 272 საკანონმდებლო აქტიდან მესამედი უკვე შესრულებულია. სახელმწიფოს ამ ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 2027 წლამდე აქვს.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის
მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
14:41 / 07.12.2019

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.

ქალაქი
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყალზე

ქუთაისი-აბასთუმნისა და ვანი-ზესტაფონის საავტომობილო გზების
კვეთაზე.
13:22 / 07.12.2019
ქალაქი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყალზე ქუთაისი-აბასთუმნისა და ვანი-ზესტაფონის საავტომობილო გზების კვეთაზე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.
სამტრედიის სოფელ საჯავახოში დაკარგულ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქციაზე დღეს მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს არ იცნობენ.
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციას სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა. 
რამდენიმე წუთის ქუთაისის მერიის წინ, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი ინცინდენტი მოხდა.