ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
ხანძრის შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა
მომხდარის შემდეგ ობიექტი არც გაწმენდილა და არც აღდგენითი სამუშაოები
დაწყებულა.

"როგორ შეიძლება ასეთი უნიკალური შენობა, მით უმეტეს ქალაქის ცენტრში,
მიტოვებული და უპატრონო იყოს. ეს შენობა არის სახე ქვეყნისა და
ქალაქის ხელმძღვანელობის. ეს არის ქალაქის ისტორიის ნაწილი. უბრალოდ,
სირცხვილია“, — ამბობს მირიან დვალიშვილი.
შენობა საქართველოს ფოსტის საკუთრებაა, სადაც შესაბამისი სერვის
ცენტრი იყო განთავსებული.
შენობას ცეცხლი 2024 წელს, ხუთ დღეში ორჯერ გაუჩნდა. დაიწვა მეორე
სართული, რომელიც ისედაც უფუნქციო იყო, ხოლო პირველი სართული, სადაც
ფოსტის სერვისცენტრი და საფოსტო დახარისხების ცენტრი ფუნქციონირებდა,
დაზიანდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ
გამოძიება დაიწყო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
„საქართველოს ფოსტამ“ ხანძრის შემდეგ ოფიციალური განცხადება
გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ზიანის მასშტაბის მოკვლევა
მიმდინარეობდა.
კომპანიამ განმარტა, რომ მოქალაქეები დროებით მომსახურების მიღებას
გამსახურდიასა და წმინდა ნინოს ქუჩებზე მდებარე სერვისცენტრებში
შეძლებდნენ.
შენობასთან დაკავშირებით კითხვებით „საქართველოს ფოსტას“ მაშინ
ჩვენ მივმართეთ, თუმცა არც სატელეფონო ზარებზე და არც ოფიციალურ
წერილობით მიმართვაზე პასუხი არ მიგვიღია.
ამჯერადაც კომპანიას კვლავ დავუკავშირდით კითხვებით — რა გეგმები აქვს
შენობასთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა მის რეაბილიტაციას.
პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაციას დამატებით
შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება ქუთაისის მერიას, იმის გამო, რომ შენობა კერძო
საკუთრებაშია, პასუხისმგებლობას თავიდანვე იხსნიდა.
ისტორიულად, გასულ საუკუნეში აგებული ნაგებობის ფასადს, სადაც ადრე
კავშირგაბმულობა ფუნქციონირებდა, ბოლო მსხვილი განახლება 1987 წელს
ჩაუტარდა. მაშინ შენობა გაფართოვდა, მარჯვენა მხარეს დამატებითი ფართი
მიაშენეს და ფასადი ერთიან ვიზუალურ სტილში განაახლეს. მას შემდეგ
შენობის ინტერიერსა და ექსტერიერზე სერიოზული სარემონტო სამუშაოები
აღარ ჩატარებულა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, ფოსტის შენობას 5 დღეში მეორედ გაუჩნდა
ცეცხლი
"მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას ხანძრის მიზეზებზე"-
გიგა შუშანია ფოსტის შენობაზე
ქუთაისში, საქართველოს ფოსტის შენობაში, ხანძარი
იყო




მასალის გამოყენების პირობები