ახალი ამბები
საგანგებო სხდომა და უსასყიდლოდ დათმობილი მიწის ნაკვეთი
FaceBook
ქუთაისის მერიამ, მიწის ნაკვეთი, სადაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს აშენებას გეგმავს, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. საუბარია, ქალაქის ცენტრში მდებარე მუზეუმის ყოფილ შენობასა და მაკოდნალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გადაწყვეტილებას საკრებულომ მხარი 20 სექტემბერს დაუჭირა.  რიგგარეშე სხდომა სპეციალურად ამ საკითხის განსახილველად ჩაინიშნა.

მიწის ნაკვეთთან ერთად, ჭყონია ამავე ტერიტორიაზე მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმის შეძენასაც აპირებს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.

შენობისა და მიწის ნაკვეთის შეძენაზე მოლაპარაკებებს თემურ ჭყონია ეკონომიკის სამინისტროსთან რამდენიმე თვე აწარმოებდა. თუმცა, პროცესს ის ფაქტი აჭიანურებდა, რომ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია ქალაქის საკუთრება იყო, შენობა კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით კი, ჭყონია მიწის ნაკვეთსა და შენობას ერთდროულად შეიძენს. ქუთაისის ბიუჯეტი კი იმ თანხას დაკარგავს, რასაც ქონების აუქციონზე გატანის შემთხვევაში მიიღებდა. საუბარია დაახლოებით 40 000 ლარზე.

ქალაქის საკუთრების უსასყიდლოდ დათმობას არ ეთანხმება ოპოზიცია.

საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ქუთაისის მერიას არათუ უსასყიდლოდ უნდა დაეთმო მიწის ნაკვეთი, არამედ, უნდა ეზრუნა იმაზე, რომ შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქალაქს გადასცემოდა.

"ქუთაისის მერიას, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის ცენტრში დათმო მიწის ნაკვეთი, მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ მუზეუმის შენობა გადმოეცა ქალაქისთვის და ჩვენ შეგძვლებოდა მისი გაყიდვა. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩებოდა და ქალაქიც მეტ სარგებელს ნახავდა",-ამბობს მერაბ მეშველიანი.

ჭყონიას სასარგებლოდ მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ დათმობას პოლიტიკური კორუფცია უწოდა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ ჭყონიამ ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში თანხის ჩარიცხვის სანაცვლოდ მიიღო.

"ეს არის პოლიტიკური კორუფცია. ყველამ ვიცით, რომ თემურ ჭყონია უკვე ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიას. საკითხი მას შემდეგ დაიძრა, რაც სალომე ზურაბიშვილის ფონდში მან 50 000 ლარი გადარიცხა. ქუთაისის მერიამ კი მეორე დღესვე გადაწყვიტა ფორსირებულად გაეტანა ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე. "ქართული ოცნება" აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდის შევსებას პოლიტიკური კორუფციის გზით,- "განაცხადა გიგა შუშანიამ.

თემურ ჭყონია, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილზე "ქორთიარდ მარიოტის" ბრენდის სასტუმროს აშენებას გეგმავს. ქუთაისიპოსტის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კოკა-კოლას" დირექტორს მუზეუმის ყოფილი შენობის იერსახე არ მოსწონს და მის დანგრევას აპირებს.

მიწის ნაკვეთისა და შენობის შეძენის სანაცვლოდ თემურ ჭყონია 300 000 ლარის გადახდას აპირებს. ადგილზე კი 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და 50 ადგილობრივის დასაქმების პირობას დებს.

თემურ ჭყონიას ახალი გეგმები ქუთაისში, ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.