ვიდეო
"ღვინის გზა" ობჩიდან ევროპამდე
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" იწყებს ახალი რუბრიკას - „სოფლის ცხოვრების ევროპული პერსპექტივა“.

აღნიშნული რუბრიკა გულისხმობს, აჩვენოს ევროპული ღირებულებები სოფლის ცხოვრებაში, მულტიმედია ფორმატით.

პირველი სოფელი, რომელსაც რუბრიკის ფარგლებში გაგაცნობთ, ობჩა გალხავთ.

***
იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩას, აქაური ღვინის უნიკალური გემოთი, დღეს მხოლოდ საქართველოში იცნობენ. თუმცა, ობჩის მეღვინეობას დიდი პერსპეტივა აქვს, პატარა იმერულ სოფელს კი შანსი - ცნობილი გახდეს ევროპაშიც.

ბაია - მეღვინე გოგონა ობჩიდან

"ღვინის გზა" ბაღდათიდან სოფელ ობჩაში რამდენიმე მარანთან მიდის. ერთი მათგანი საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა მეღვინე გოგონას, ბაია აბულაძეს ეკუთვნის. ის ახლა 24 წლისაა. ბაიამ დიპლომატიურ კარიერას მეღვინეობა არჩია და 19 წლისამ ობჩაში საკუთარი მარანი მოაწყო.

სოფელი ობჩა ბაღდათიდან 8 კილომეტრშია. ადმინისტრაციულად ის პირველ და მეორე ობჩად იყოფა. ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2017 წლის მაისის მდგომარეობით, სოფელში სულ 2 446 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში, ქუთაისში ან საზღვარგარეთ ცხოვრობს. ადგილობრივები, ძირითადად, სოფლის მეურნეობას, მესაქონლეობას და მეღვინეობას მისდევენ.

პატარა იმერულ სოფელში 1,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი აბულაძეების ოჯახის საკუთრებაა.

20-მდე ქვევრი, საწნახელი, ორშიმოები, ყანწები, თიხის დოქები და ფიალები, ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ჩანაწერების წიგნი, სადაც უცხოელ სტუმრებს შთაბეჭდილებები ჩაუწერიათ - ამ ყველაფერს ბაიას მარანში ნახავთ. თუმცა, განსაკუთრებული ადგილი აქ 2015 წელს ჩამოსხმული ღვინის პირველ ბოთლს უჭირავს.

ბაიას ღვინო ევროპაში, ჯერჯერობით, არ იყიდება. თუმცა, ევროპელი ვიზიტორები მასთან ობჩაში თითქმის ყოველდღე დადიან. ამბობს, რომ ევროპელებს იმერული სამზარეულო და მისი მარნის ღვინო, განსაკუთრებით, თეთრი ციცქა-ცოლიკოური უყვართ.

ბაია აბულაძე ზაფხულს სოფელში ატარებს. ხშირად ფესტივალებზე და გამოფენებზე, ხანაც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში რამდენიმე დღიან კონფერენციაზე დადის.

"როდესაც განვითარებაზე ფიქრობ, არ იზარებ შეავსო აუამრავი აპლიკაცია ინგლისურ ენაზე, შეიძლება, ერთ დღეს ევროკავშირის ან ეუთო-ს რომელიმე პროექტზე მოხვდე ავსტრიაში ან ბრიტანელ ფერმერებს შეხვდე უელსში. როდესაც ადარებ იმას, რომ ერთი პატარა სოფლელი გოგო ასეთ დიდ რაღაცაზე მიდიხარ, არის დიდი მოტივაციის წყარო და ხანდახან არც მჯერა," - გვიამბობს ბაია აბულაძე.

ახალგაზრდა მეღვინე ამბობს, რომ ასეთ შეხვედრებზე თავად ცოდნას იძენს და ახალ ურთიერთობებს ამყარებს, სოფელს და ქვეყანას კი პოპულარიზაციას უწევს. ბაია მის ოცნებებზეც გვესაუბრება.



ბაია აბულაძეს სურს, რომ მისი საქმიანობა ობჩელი ახალგაზრდებისთვის სტიმული გახდეს. იგივეს ამბობს ბაიას უმცროსი და, გვანცა. ის წელიწადზე მეტი შვედეთში ცხოვრობდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ბევრს მოგზაურობდა. თუმცა, იქ დარჩენას ობჩაში დაბრუნება არჩია და ახლა და-ძმასთან ერთად მეურნეობას უვლის.

"ძალიან მინდა ისეთი პირობები შევქმნათ, რომ სულ აქ ვიცხოვროთ," - ამბობს გვანცა და თვლის, რომ სოფელი მაშინ განვითარდება, როდესაც აქედან წასული ახალგაზრდობა უკან დაბრუნდება.



სოფლის ინფრასტრუქტურა

სოფელ ობჩაში რამდენიმე ახალი ნაგებობაა. მათ შორის, გასულ წელსაა აშენებული 60-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი. შედარებით ძველია პირველი და მეორე ობჩის სამი საჯარო სკოლის შენობები, რომელთაგან ერთი 9 წლიანი საბაზისო სკოლაა, დანარჩენებში კი 12 წლიანი სწავლებაა. ბაღდათის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველა მათგანში მიმდინარე წელს 192 მოსწავლე სწავლობდა. ამდენივე მოსწავლე იყო გასულ წელსაც.

ობჩის სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს ძველი, ნახევრად დანგრეული შენობა იწვევს. როგორც აღმოჩნდა, ახლა მცენარეებით დაფარულ ნაგეგობაში საბჭოთა პერიოდში ღვინის ქარხანა მოქმედებდა.




მოხუცი მეღვინე წარსულსა და მომავალზე

ბონდო ღვალაძე, რომელიც ობჩის კოლმეურნეობის თავმჯდომარე და შემდგომში გამგებელი გახლდათ, იმ დროს იხსენებს, როცა ღვინის ქარხანაში წელიწადში 26-30 ათას ტონა ყურძენს იბარებდნენ, მეღვინეობა სოფლის წამყვანი დარგი იყო და ადგილობრივების 80% მევენახეობას მისდევდა.

78 წლის მევენახეს ახლა საკუთარი მარანი აქვს და რამდენიმე სახეობის ღვინოს ასხამს. მის მარანში 2015 წელს ჩამოსხმულმა ციცქა-ცოლიკოურმა გასულ წელს დიუსელდორფში ოქროს გრან პრი მიიღო. ეს კი მეღვინეს ევროპის ბაზარზე რეალიზაციის გარანტიას აძლევს. ბონდო ღვალაძე ამბობს, რომ ვაზის ენა კარგად იცის და მასთან საუბარი სიცოცხლეს უხანგრძლივებს.  სწორედ ამიტომ, ვაზის ღალატი არასოდეს უფიქრია.

"ბევრჯერ მიფიქრია, სულ რომ არაფერი შემოსავალი მივიღო, მე ვაზს ვერ ვუღალატებ. წლიდან წლამდე ვფუსფუსებ, ველაპარაკები, ისიც მელაპრაკება, თავის სატკივარს მეუბნება, როგორ შეიძლება ასეთ მცენარეს ვუღალატო," - გვეუბნება ბონდო ღვალაძე.




მევენახეობის პრობლემები ობჩაში

ობჩელი მეღვინეს თქმით, სოფელშია მევენახეობას პერსპექტივა აქვს, თუმცა ბონდო ღვალაძე იმაზე წუხს, რომ ამ დარგის მიმართ ახალგაზრდა თაობას ნაკლები ინტერესი აქვს. ის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაზეც მიუთითებს. ამბობს, რომ ხელისუფლებამ იმერეთში მევენახეობის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და გააცნობიეროს, რომ ეს ერთადერთი დაარგია, საიდანაც იმერელი გლეხი შემოსავალს მიიღებს.

"ვენახის გაშენება ძნელი არ არის, მაგრამ ამის საშუალება არაა. ამისთვის საჭიროა ტექნიკა, ეს კი პრობლემაა. მეორე საკითხია ვაზის ნერგი. ხელი უნდა შეგვიწყონ სანერგე მეურნეობებით, სადაც ჯიშობრივი სიწმინდეები დაცული იქნება და გამოყვანილ ნერგებს ისეთი თვისებები ექნება, რომ ამ მიწაზე ადვილად გაიხაროს," - ამბობს ბონდო ღვალაძე.

სანერგე მეურნეობა ბაღდათის რაიონის სოფელ როხში საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა. თუმცა, დამოუკიდებლობის წლებში ის მთლიანად მოიშალა და არსებობა შეწყვიტა.

პირველი ობჩის მაჟორიტარი დეპუტატი და ბაღდათის საკრებულოს წევრი, მურად ბურჯანაძე გვიყვება, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ როხის სანერგე მეურნეობა 2013 წელს აღადგინა, სადაც ვაზის სხვადასხვა ჯიშები გამოყავთ. ერთი ნერგის ღირებულება 2 ლარს შეადგენს. მურად ბურჯანაძის ინფორმაციით, მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად იმატებს.

ადგილობრივი ხელისუფლების დაპირება

ბაღდათის გამგეობაში ვიხსნიან, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მეწარმეებს ევროპული გამოცდილების მიღების საშუალება ექნებათ. ცოტა ხნის წინ ბაღდათი პოლონეთის ქალაქ ლისომიცეს დაუმეგობრდა, თანამშრომლობის მემორანდუმი კი მხარეებს შორის სხვადასხვა ურთიერთობებს მოიცავს.

"საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ისინი ვერ განხორციელდება. მათი განხილვა მომდევნო შეხვედრებზე იგეგმება. გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობები, როგორც სოფლის მეურენეობის, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო კუთხით," - განმარტავს ბაღდათის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი, მარეხი მშვენიერაძე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სოფელ ობჩაში უკვე დასრულდა გაზიფიკაციის სამუშაოები, რომლის შედეგად ბუნებრივ აირს ყველა ოჯახი მიიღებს. ამჟამად კი 11 კმ-იანი ცენტრალური გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 300 000 ლარი დაიხარჯება. თუმცა, ეს თანხა ობჩაში მხოლოდ ცენტრალური გზის მოპირკეთებას მოხმარდება, ხოლო შიდა გზები, რომელმაც ობჩის "ღვინის გზა" ეროპამდე უნდა მიიყვანოს, სრულად 2 წელიწადში დაიგება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიპოსტი, იმერეთის
მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით
15:14 / 31.05.2020
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით "მოქალაქის ხმა".
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების
წარმოებას, სახელწოდებით
10:07 / 30.05.2020
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით "მოქალაქის ხმა".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.