ქუთაისის ცენტრალური ბაღის
რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს
ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია
აქვს.
ბულვარი, რომელიც ქუთაისელებისთვის მთავარი თავშეყრის ადგილი იყო,
წელიწადზე მეტია თუნუქის ფილებითაა შეღობილი.
ქუთაისელების მთავარი დასასვენებელი სივრცე, რომელიც 2024 წლის
დეკემბრის ბოლოს უნდა გახსნილიყო, ადგილობრივებისთვის ამ დრომდე
მიუწვდომელია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი 2022
წლის ნოემბერში გამოაცხადა. ელექტრონულ შესყიდვაში უკონკურენტოდ
გაიმარჯვა შპს "დაგმა", რომელსაც სამუშაოები ერთი წლის ვადაში, 14 850
000 ლარის სანაცვლოდ უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ბულვარში ერთი
წლის თავზეც არაფერი იყო გაკეთებული. გასული წლის მიწურულს კი, როცა
ბულვარი უნდა გახსნილიყო, კომპანიამ ტერიტორია მხოლოდ შემოღობა,
პროექტი კი საერთოდ
არ არსებობდა.
კომპანიამ სკვერის რეაბილიტაცია 25
ძირი მრავალწლოვანი ხის მოჭრით დაიწყო. ადგილობრივების პროტესტის პასუხად,
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მაშინ თქვა, რომ მოჭრილი ხეები
გამხმარი იყო. ამის შემდეგ, პროცესი, პრაქტიკულად შეჩერებული
იყო.
მაშინ, სამუშაოების გაჭიანურება, ბულვარში გასული საუკუნიდან მდებარე
სანაყინე "სავანეს" დაბრალდა, რომელთანაც ქუთაისის მერიას 2002 წლიდან
ჰქონდა სასამართლო დავა და ეს საქმე, მგფ-ის მიერ ტენდერის
გამოცხადების დროს დასრულებული არ იყო. ამას არც ადგილობრივი
თვითმმართველობისთვის და არც ტენდერის გამომცხადებლისთვის ხელი არ
შეუშლია, რომ სანაყინეს ტერიტორია სარეაბილიტაციო ზონაში შეეტანათ. ამ
დროს, "სავანეს" მფლობელები, რომლებსაც მერია სანაყინეს ქვეშ არსებულ
მიწას ედავებოდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
იყვნენ. ქუთაისის მერიისთვის არც ეს გარემოება აღმოჩნდა ხელისშემშლელი
და 2023 წლის 27 დეკემბერს, ისე, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება ცნობილი არ იყო, "სავანეს" მძიმე ტექნიკა მიაყენა და
შენობა დაანგრია.
თუმცა, ბულვარის რეაბილიტაციის გაჭიანურებაში მთავარი "დამნაშავეები"
"სავანელები" არ აღმოჩნდნენ. კერძო საკუთრების დემონსტრაციულად
დანგრევიდან ერთი წლის შემდეგაც, ქუთაისელების თავშეყრის ადგილი ისევ
თუნუქის ფილებშია მოქცეული. კომპანიამ კი სამუშაოების კვლავ
გადავადება მოითხოვა.
ბოლო ცვლილების მიზეზად,
სამუშაოების ზედამხედველი მცენარეების იმპორტის შეფერხებას
ასახელებს და განმარტავს, რომ შესაბამის სანერგე მეურნეობაში მათი
შესყიდვა ვერ მოახერხეს, რადგან დეფიციტი იყო. კომპანია მცენარეების
ჩამოტანას თებერვალ-მარტში ვარაუდობს და ამით ხსნის სამუშაოების
მაისამდე გადაწევის საჭიროებას. მცენარეების მიზეზითაა შეჩერებული
სარწყავი სისტემისა და ბილიკების მოწყობაც, რაზეც კომპანია
განმარტავს, რომ მცენარეების დარგვას მიწაზე მძიმე ტექნიკით მუშაობა
სჭირდება და მანამდე სხვა სამუშაოების შესრულება
არაგონივრულია.
ქუთაისის ცენტრალური ბაღის
რეაბილიტაციის მრავალწლიანი დაპირების ისტორიიდან, ერთ-ერთი ბოლო,
ვინც ბულვარის განახლების პირობა დადო, ქალაქის ყოფილი მერი გიორგი
ჭიღვარია იყო. 2018 წელს ქუთაისის მერიამ ბულვარის ესკიზიც კი
გამოაქვეყნა ფეისბუქზე და სცადა საზოგადოებაში შეექმნა განცდა, რომ
ბაღის საბოლოო იერსახეს მოსახლეობასთან ერთად არჩევდა. მერიის ეს
მცდელობა კრახით დასრულდა, ისევე, როგორც თავად გიორგი ჭიღვარიას
მერობა. ბულვარის დაპირება, ყოფილ მერს თანამდებობიდან გადაყენებასთან
ერთად გაჰყვა, მერიამ კი თავი იმით იმართლა, რომ ესკიზმა
საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რის გამოც, საბოლოო
ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ. სინამდვილე ის იყო, რომ ბაღის
რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა არ დააფინანსა,
ადგილობრივ ბიუჯეტს კი ამის სახსრები არ ჰქონდა.
ბულვარის განახლება ვერც ქალაქის
მომდევნო და უკვე ყოფილმა მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მიითვალა. 2024
წლის მაისში, როცა მან თანამდებობა დატოვა, სამუშაოები ახალი
დაწყებული იყო. ბაღის რეაბილიტაცია არა, მაგრამ მის სახელს ნამდვილად
დაუკავშირდა ისტორიული სანაყინეს დანგრევა.
ახლა, ბულვარის რეაბილიტაციის ბოლო
ვადად 2025 წლის 1 მაისია დასახელებული. შპს "დაგს" ცენტრალურ ბაღში
სამუშაოების დასასრულებლად სამი თვე აქვს დარჩენილი.
პროექტის მიხედვით, ბულვარის მთავარი მოწყობა არ
შეიცვლება. დაგეგმილია მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და
რამდენიმე ელემენტის დამატება. პარკის ცენტრალურ ნაწილში უნდა მოეწყოს
"გვირილობის მოედანი", ქვედა ნაწილში კი "ვარდების ხეივანი, ასევე
მედიათეკა.
პროექტის ფარგლებში უნდა
მოწესრიგდეს სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდეს
ენერგოეფექტური განათების ბოძები; მოეწყოს საფეხმავლო ბილიკები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევანს და სკვერში არსებულ საზოგადოებრივ
საპირფარეშოს. ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები, რომელთა
ჩამოტანასაც სამუშაოების მწარმოებელი გაზაფხულზე
აპირებს.
ადგილობრივები ახლა ისევ მოლოდინის
რეჟიმში არიან. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ქალაქის მთავარ
სარეკრეაციო სივრცეზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები