საზოგადოება
"მოსწავლეებს ძალიან ცუდ სამსახურს ვუწევდით" - სასკოლო კვების რაციონში აკრძალვებია
FaceBook

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებასა და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს.

ძველი ხელშეკრულების ვადის გასლის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებები იმ მეწარმეებთან გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომლებიც უწყების რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

ეს კი, მინისტრის 2017 წლის ხუთი მაისის #401 ბრძანებით გახდა შესაძლებელი.

სამინისტროს პოზიციით, სასკოლო კვების ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არაჯანსაღი საკვების უარყოფით ზეგავლენასა და სკოლაში ჯანსაღი კვების სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას უკავშირდება.


აღნიშნულ რეგულაციას იწონებენ  მშობლები. მანანა ცირეკიძის შვილი პირველკლასელი მომავალ წელს გახდება. ის სამინისტროს ახალ ინიციატივას მიესალმება, რადგან თვლის რომ ჯანსაღი პროდუქტებით კვება ყველასთვის და მით უმეტეს მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჯერ ერთი, სახლში მომზადებული საჭმელიც არაა ბოლომდე ჯანსაღი და ეს წასახემსებლები კვებისთვის საშიშია. თუკი ამ კუთხით რამე შეიცვლება, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ“, - ამბობს მანანა ცირეკიძე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს.

რა იკრძალება სასკოლო კვებაში და რომელია იმ პროდუქტების ჩამონთვალი, რომელიც სკოლაში დაშვებულია, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში:

სკოლებში აკრძალული პროდუქციის რეალიზაციის მონიტორინგი კი საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს, საჯარო სკოლის დირექციასთან ერთად დაევალება.

პროექტის მენეჯერის, მაია მუშკუდიანის თქმით, მოიჯარე კომპანიებთან, რომლებთანაც ხელშეკრულება გაფორმებულია, ბრძანება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება, ხოლო ვინც ახალ ხელშეკრულებას დადებს, იმათთვის სავალდებულო იქნება. მისი შეუსრულებლობა კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიიყვანს.

„უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც მათ ხელშეკრულებას ვადა გაუვა, იმ პირობით განახლდება, რაც ახლა არის გამოქვეყნებული მინისტრის ბრძანება“, - ამბობს პროექტის მენეჯერი, მაია მუშკუდიანი.

ქუთაისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები სამინისტროს ახალ ინიციატივას მიესალმებიან. სკოლის წარმომადგენლების თქმით, მოზარდების ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა მათთვისაც პრიორიტეტულია.

„ჩვენთვის, დირექტორებისთვისაც კარგია, რადგან გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც მეწარმეებს პირდაპირ მოვთხოვთ ამ ნორმების დაცვას“, - ამბობს მე-12 საჯარო სკოლის დირექტორი, ნათია სულავა.

დროულს უწოდებს ახალ რეკომედნაციებს ქუთაისის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანიც.

„ჩვენს ბავშვებს ძალიან ცუდ სამსახურს ვუწევდით, იმიტომ რომ ყველაფერი იყიდება ბუფეტში და ეს წლების მერე მათ ჯანმრთელობას ძალიან ცუდად დაარტყამს. საბედნიეროდ, პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ამ კუთხით“, - ამბობს მურად ჯიშკარიანი.

მშობლებისა და  სკოლის დირექტორებისგან განსახვავებით, ახალი ინიციატივით უკმაყოფილოები არიან მეწარმეები, რომლებიც ამ დრომდე სკოლის ბუფეტებს ამარაგებენ.  ისინი ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები მათ ბიზნესს დააზარალებს.

ინდ. მეწარმე ხატია გოგოლაძეს ხელშეკრულება ქუთაისის ორ საჯარო სკოლასთან ჰქონდა გაფორმებული. მიმდინარე წლის 15 მაისს მე-12 სკოლასთან გაფორმებულ მის ხელშეკრულებას ვადა დაუმთავრდა. თუმცა, აუქციონში ხელახლა მონაწილეობას, კანონში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, კვლავ გეგმავს.  ის ახალი დადგენილების მიღების შემდეგ გამოწვეულ ზარალზე საუბრობს.

„კრემიანი საკვები ჩვენ არ შეგვქონდა, მაგრამ იყო ქართული ნაწარმი, "ბარამბო" მაგალითად არ არის ისეთი, რომ ბევრი შოკოლადი იყოს და ასეთი რაღაცეები, მე მგონი, დასაშვებია ბავშვისთვის“, - ამბობს ინდ. მეწარმე, ხატია გოგოლაძე.

40-50 %-იან ზარალზე საუბრობს ინდ. მეწარმე კახა მეფარიშვილიც, რომელიც ამ ბიზნესში შვიდი წელია არის. მას ხელშეკრულება ქუთაისის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებთან აქვს გაფორმებული. თუმცა, გამოწვეული ზარალის მიუხედავად ის ახალ კონკურსში მონაწილეობას ისევ გეგმავს.

„პეჩენია, კამფეტი, გაზიანი სასმელები შემქონდა. ახლა ეს ყველაფერი აიკრძალა, რაც, რა თქმა უნდა, დაგვაზარალებს“, - ამბობს კახა მეფარიშვილი.

 

###

ბუფეტი ქუთაისის 38-ივე საჯარო სკოლაშია გახსნილი. იქ არსებულ სურსათის ვარგისიანობას სურსათის  ეროვნული სააგენტო ამოწმებს.  მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე სააგენტომ მონიტორინგი ქუთაისის 30 სკოლაში განხორციელა. დანარჩენ სკოლებში კი  შემოწმება ახლაც მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის  ერთი საჯარო სკოლის ბუფეტში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, რის გამოც ბუფეტი დაიხურა.

თავდახურული კონტეინერების არარსებობა მზა პროდუქციის განსათავსებლად, მზა პროდუქტი არ არის მარკირებული, სათანადოდ არ ხდება არაერთგვაროვანი პროდუქციის გამიჯვნა, საჯარო სკოლის ბუფეტების უმეტეს ნაწილში გასანათებელი მოწყობილობა არ არის დაფარული დამცავი ფარით (ე.წ. პლაფონით) - ეს  ის დარღვევებია, რომელიც   ქუთაისის საჯარო სკოლის ბუფეტებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი ტიპური დარღვევები ასე გამოიყურება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველო ქუთაისის საჯარო სკოლებში მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს. ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო სტუდენტების ჩართულობით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას გეგმავს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები, კვების ექსპერტები და ცნობილი სახეები ჩაერთვებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.