საზოგადოება
გარდატეხის ასაკი - ხიდი ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის
FaceBook
გადრატეხის ასაკი ერთ-ერთი კრიზისია, რომელსაც ადამიანი ცხოვრების ეტაპზე გადის.

პერიოდი, როდესაც არც დიდი ხარ და არც პატარა, 11-დან 18 წლამდე გრძელდება და მას ფსიქოლოგები ბავშვობას და ზრდასრულობას შორის ხიდს უწოდებენ.

14 წლის ნინა გადატეხის ასაკს ახლა გადის. თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკუთარ თავში რაიმე ცვლილებას ვერ ამჩნევს და უკვირს უფროსების მხრიდან მის მიმართ გამოთქმული შენიშვნები ჩაცმის სტილსა თუ ვარცხნილობაზე. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია და ყველაზე მეტად აღიზიანებს, როდესაც რაიმეს გაკეთებას უკრძალავენ.

„როცა შენიშვნას მაძლევენ, იქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ გარდატეხის ასაკში ვარ და გამივლის. თუმცა, რა შუაშია არ ვიცი. მე უბრალოდ მინდა, რომ ასე ჩავიცვა ან სადმე წავიდე, უფროსებში კი ეს, მუდმივად პროტესტს იწვევს,“ - ამბობს ნინა „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში.

მოზარდი თავისუფალი სივრცის არსებობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურდღებას. მშობლების მხრიდან მუდმივი კონტროლი და შენიშვნები კი მასში პროტესტის გრძნობას ამძაფრებს.

„როცა მეუბნებიან ეს არ გააკეთო და არ მიხსნიან რატომ, მე უფრო მეტად მაინტერესებს ეს „აკრძალული“ და ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო. ამიტომ, მინდა მეტი თავისუფლება. თან, მე ხომ არაფერს ვაშავებ,“ - ამბობს ნინი.

ფსიქოლოგის თქმით, „პროტესტანტულ ასაკთან“ გამკლავებისთვის მშობლები რამდენიმე გზას მიმართავენ. მათი ნაწილი, მხოლოდ აკრძალვებს აწესებს, ზოგიერთი კი დიალოგის გამოყენებით ცდილობს პრობლემა შვილთან ერთად მოაგვაროს.

მაია, რომელსაც 12 წლის ვაჟი ჰყავს ამბობს, რომ შვილის გარდატეხის ასაკი რამდენიმე ნიშნით ამოიცნო.

„ხშირად უხასიათოდ არის. მიმტკიცებს, რომ არ სჭირდება მუდმივად დავურეკო ან დავეხმარო. არ მემორჩილება, როცა რაიმეს გაკეთებას ვუკრძალავ. არის უფრო აქტიური, მეტად სურს მივცე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და მოქმედების უფლება,“ - ამბობს მაია.

მისი თქმით, ბავშვის დაუმორჩილებლობას სიმკაცრეს უპირისპირებს და აღნიშნავს, რომ დასჯის მექანიზმი ბავშვებში შემაკავებელ როლს თამაშობს. მაიას აზრით, შვილის შემთხვევში ეს მიდგომა მეტ-ნაკლებად ამართლებს.
„ყოველთვის ვახსენებ, რამდენად ცუდ შედეგს მოიტანს მისი საქციელი. ვეუბნები, რომ არ ითამაშებს კომპიუტერულ თამაშებს და მგონია, რომ ეს ამართლებს ხოლმე,“ - ამბობს მაია.

გარდატეხის ასაკი ადამიანში, როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე, ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.
ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე გარდატეხის ასაკს ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად აფასებს და ამბობს, რომ ის რამდენიმე თავისებურებით ხასიათდება. მისი თქმით, ეს არის ასაკი, როდესაც მოზარდს უჩნება კითხვა „ვინ ვარ მე?“, ასევე, სურს იყოს საზოგადოებრივად აქტიური და მიიქციოს ყურადღება.
ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ასაკში მოზარდები საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობენ. მათი თვითშეფასება კი გარშემომყოფების შეფასებაზეა დამოკიდებული.

„თუ მათ მიმართ შეფასება იქნება ნეგატიური, ისინი აუცილებლად მოირგებენ ამ იარლიყს. თუ იქნება დადებითი, მაშინ კომფორტულად იგრძნობენ თავს და ამ როლში მოექცევიან,“ - ამბობს თეა ფანჩულიძე.
ფსიქოლოგის თქმით, გარდატეხის ასაკში „ცუდ“ ან „კარგ“ ბავშვებად შეფასებული მოზარდები, ასახავენ იმ რეალობას, სადაც ისინი იზრდებიან და აგზავნიან შესაბამის შეტყობინებებს.

„როდესაც მოზარდის საქციელი ფასდება ცუდად, ის აპროტეტებს რაღაცას, ანუ გადმოაქვს ის პრობლემა, რომელიც მას შეიძლება სახლში აქვს. თუ მოზარდის საქციელს ვაფასებთ დადებითად, ესე იგი ის რაღაც პოზიტიურის ზეგავლენით არის გამოწვეული,“ - ამბობს ფსიქოლოგი.
თეა ფანჩულიძის თქმით, გარდატეხის ასაკში სახლის და სკოლის გარემო გადამწყვეტ როლს თამაშობს.

„ხშირად, სკოლის პედაგოგები მოზარდების ცუდ საქციელს პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ და სჯიან მათ, რეალუად კი, ეს აორმაგებს მოზარდის სურვილს მოიქცეს უფრო ცუდად. ამიტომ, აუცილებელია პედაგოგებს ჰქონდეთ მეტი მოთმინება ასეთ დროს,“ - ამბობს ფსიქოლოგი.

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციტივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური ცენტრი მოქმედებს, რომლის ფუნქციაა შესთავაზოს სკოლებს მომსახურეობის სერვისი, იმ შემთხვევაში თუ ისინი ადგილზე ვერ ახერხებენ რთული ქცევის ბავშვების დახმარებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.