ვიდეო
სოფელ დედალაურში ერთი წლის წინ რეაბილიტირებული ხიდის აღდგენას ითხოვენ (ვიდეო)
FaceBook
ხონში, სოფელ დედალაურის მოსახლეობა, ერთი წლის წინ რეაბილიტერებული, საცალფეხო ხიდის აღდგენას ითხოვს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ადიდებულმა მდინარემ წაიღო.

ადგილობრივები საცალფეხო ხიდს ფეხით გადაადგილებისთვის, ტყიდან შეშის მოსატანად, საქონლის საძოვრისთვის და სხვადასხვა მიზეზით იყენებდნენ.

მისი არარსებობის გამო, მათ მეორე მხარეზე გადასასვლელად, მდინარის გადაცურვა უწევთ.

სოფელ დედალაურის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, ხანგრძლივი წვიმების შედეგად, მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო.

"იმხელა წყალი მოვარდა, ირგვლივ ჭალა სულ დაფარული იყო. ხიდმა სიმძიმე მიიღო და დაიწია. თავიდანვე გვინდოდა ხიდის შუა ადგილზე ბურჯი გაეკეთებინათ და არ ჩასვეს პროექტში. მერე მოსულმა მდინარემ ერთი–ორი შეათამაშა და კი გამოგლიჯა საბოლოოდ," –ამბობს დედალაურში მცხოვრები, ლევან ხოზრევანიძე. 





ხიდის მოშლის მიზეზებს განმარტავენ კომპანიაში, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა.

შპს "ა.ლ.მ. ევროტექნიკსის" დამფუძნებელი, მალხაზ სუბლარაძე პროექტის მწირ ბიუჯეტსა და სტიქიურ მიზეზებზე მიუთითებს. მისი თქმით, ხიდის მოშლა ბურჯის არარსებობამ გამოიწვია, რომელიც გამგეობის მიერ კომპანიისთვის მიწოდებულ პროექტში გათვალისწინებული არ იყო.

"პროექტში ბურჯი არ იყო ჩასმული და ჩვენ იძულებულნი გავხდით დაგვემატებინა რაღაცები. ეს ხიდი არ გაწყვეტილა და არ ჩამტყდარა ფეხით მოსიარულის, საქონლის ან სხვა სიმძიმის გამო, არამედ მდინარემ გადაურა და მთლიანად დაიფარა ჭალა. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ ეს სტიქიამ გამოიწვია," – ამბობს მალხაზ სუბლარაძე.

ამავე მიზეზებზე საუბრობენ ხონის გამგეობაში. ამავე დროს, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ბურჯის არარსებობას ხიდის დაზიანებისთვის ხელი არ შეუშლია.

"იმხელა წყალი მიაწვა ხიდს, ვერც ერთი ბურჯი ვერ შეაკავებდა. ტენდერის გამოცხადებას წელს ვერ ვახერხებთ და მომავალში აუცილებლად გავაკეთებთ მაგას იმიტომ, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" განხორციელდა," – განმარტავს ილია ყუფარაძე.

სამსახურის უფროსის, ილია ყუფარაძის თქმით, ვინაიდან ხიდს ამ დროისთვის სტრატეგიული დანიშნულება არ აქვს, მისი რეაბილიტაცია გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, გასული წლის ივნისში, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი 22 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის გამოაცხადა. მათ შორის ერთ–ერთი, სოფელ დედალაურში, მდინარე სემზე არსებული საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია იყო.

ელექტრონული შესყიდვის საწყისი ღირებულება 120 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან "ა.ლ.მ. ევროტექნიკსი" ხონის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება 118 498 ლარზე, 2015 წლის 21 ივლისს გააფორმა.

ფირმას ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების, სანიაღვრე არხებისა და ხიდ–ბოგირების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება დაევალა.

სოფელ დედალაურში მდინარე სემზე არსებული საცლფეხო ხიდის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დასრულდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიპოსტი
აგრძლებს რუბრიკას
14:50 / 25.10.2020
ქუთაისიპოსტი აგრძლებს რუბრიკას " ბლიც Post".
ქუთაისიპოსტი აგრძლებს რუბრიკას
13:12 / 13.10.2020
ქუთაისიპოსტი აგრძლებს რუბრიკას " ბლიც Post".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.