ვიდეო
გამოუყენებელი უფლებები და პაციენტები მსხვერპლის სტატუსით (ვიდეო)
FaceBook
"ექიმების გულგრილობამ დაღუპა ჩემი მეუღლე", - ამბობს მალხაზ ქველაძე.

"ექიმის შეცდომის გამო მომაჭრეს ქვედა კიდური, მაშინ როცა ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იყო", - მიაჩნია 52 წლის ლევანს.


პაციენტი - მეტი უფლებით და ნაკლები ცოდნით
პირველ შემთხვევაში დაირღვა სიცოცხლის, მეორეში კი ჯანმრთელობის უფლება, ის, რაც ჩვენ ქვეყანაში კონსტიტუციით არის დაცული. როგორც აღმოჩნდა, არასწორი მკურნალობის, მედპერსონალის არაკომპეტენტურობისა თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე არასრული ინფორმაციის გამო  მსგავსი შედეგი საქართველოში ხშირია. ბევრი პაციენტი ამაზე მხოლოდ ახლობლებთან საუბრით იოხებს გულს, ნაწილმა არ იცის, რა სამართლებრივ გზებს მიმართოს, იშვიათ შემთხვევებში კი სიმართლის დასადგენად ბრძოლას შესაბამის სტრუქტურებში, მათ შორის სასამართლოში აგრძელებს, რადგან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არაერთი კანონი, მათ შორის კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ" იცავს.





მართალია კანონი არსებობს, თუმცა მის ყოფით ცხოვრებაში ამოქმედებას სხვადასხვა წინაღობა ახლავს.

"თავის დროზე პაციენტების უფლებების შესახებ კანონი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთდა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტიზა გაიარა. დღესაც, მთლიანობაში ამ სტანდარტების შესაბამისია", - აღნიშნავს საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" წარმომადგენელი, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი კაკი ზოიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი კანონის თეორიულ შეფასებაზე საინტერესოდ პრაქტიკული მაგალითების მოყვანას მიიჩნევს.

"ყველას აქვს უფლება მიიღოს ქვეყნაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მოგვმართავდნენ ძირითადად უხარისხო სამედიცინო მომსახურების გამო და ჩვენც მოვუმზადეთ რამდენიმეს განცხადება პროკურატურის სახელზე", - აღნიშნავს სანტურიანი.

გამოყენებული და გამოუყენებელი უფლებები

ზოგჯერ დაზარალებული პაციენტები სიმართლის დადგენასა და ექიმის დასჯას მოითხოვენ. რაც იმერეთის რეგიონშიც ხდება, თუმცა მალხაზ ქველაძე, მისი მეუღლის გარდაცვალების გამო უკვე დასჯილი ექიმის სასჯელის გამკაცრებას სასამართლოში ითხოვს.

მისგან განსხვავებით, ლევან (სახელი პირობითია) სამართლის პოვნის იმედი არ აქვს და როგორც ამბობს, ექიმების არაკომპეტენტურობის გამო ფეხის ამპუტაციის ფაქტს შეეგუა.



ინფორმაცია, როგორც მნიშვნელოვანი რესურსი

საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის საკითხში საზოგადოების პასიურობის მიზეზად სახელდება პაციენტების ნაკლებინფორმირებულობაც.

"საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასეა - საკუთარი უფლებების ცოდნა და ბრძოლა უფლებებისთვის გვეხმარება, რომ დაცული იყოს ჩვენი ჯანმრთელობა, ამას გარდა, ზოგადად საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება ადმიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, - სიცოცხლის უფლებას უკავშირდება", - მიაჩნია ზოიძეს.

"აუცილებელია ექიმმა მიაწოდოს ინფორმაცია პაციენტს, ოღონდ იქ (კანონში) არის ერთი დათქმა: ინფორმაციამ არ უნდა გამოიწვიოს პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება, მაგრამ თუკი დაჟინებით მოითხოვს, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია", - განმარტავს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი.

შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობაზე ამომწურავი ინფორმაციის ქონა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ხუთ ფუნდამენტურ უფლებას შორის (პაციენტის პირადი ცხოვრების და ღირსების დაცვა, პაციენტის სამედიცინო ინფორმციის კოფენდენციალურობა, უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია მკურნალობასთან დაკავშირებულ რისკებზე, ინფორმირებული თანხმობა ან უარყოფა შემოთავაზებულ მკურნალობაზე, მკურნალობის ალტერნატიული გზების ძიება).

ზემოთჩამოთვლილი უფლებების დარღვევისთვის საქართველოში ნაკლებად ჩივიან სასამართლოში ან ჯანდაცვის სამინისტროში. პაციენტის უფლებების დარღვევის მიზეზით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლიდან არც ერთი სარჩელი არ შესულა. იმავე პერიოდში ამ შინაარსის საჩივარი არ დაფიქსირებულა არც ჯანდაცვის სამინისტროში.

სხვა ქვეყნებში ...

თუმცა არსებობს განსხვავებული მოდელებიც. ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტისთვის "სრული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით სხვა დამოკიდებულება და პრაქტიკა არსებობს.

"ძირითადი განსხვავება პაციენტების უფლებების დაცვის მოდელში არის ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის და პაციენტის უფლებების ურეთიერთმიმართების კუთხით. ანუ ქვეყნების ნაწილში მიიჩნევენ, რომ ექიმებს, როგორც კლინიკურ ექსპერტებს, უკეთ შეუძლიათ დაიცვან პაციენტის საუკეთესო ინტერესები, ვიდრე თვითონ პაციენტებს, შესაბამისად ექიმის მიერ თავისი პროფესიული ვალდებულებების შესრულებას უფრო მეტი როლი ენიჭება, ვიდრე პაციენტისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას საკუთარი მდგომარეობის შესახებ", - აღნიშნავს კაკი ზოიძე.
"არ ავნო"

სამაგიეროდ ყველა ქვეყანაში ერთნაირად უდგებიან "არ ავნო" "მცნების" დარღვევის ფაქტებს. ამ მიზეზით საიას ქუთაისის ფილიალში არაერთი განცხადება დევს.



საჩივრები ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ეხება. ამ კუთხით, 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროში შევიდა 191 საჩივარი/მიმართვა. შემოწმდა 216 სამედიცინო დაწესებულება. წერილობითი გაფრთხილება მიეცა 138 ექიმს, სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 67 ექიმს.

ექიმის უფლებები

თუმცა მედპერსონალის ვალდებულებების გვერდით მათი უფლებების საკითხიც დგება, რაც პაციენტის უფლებების ფონზე მეორე პლანზე გადადის ხოლმე. მითუმეტეს, რომ ექიმების უფლებების შესახებ ცალკე კანონი არ არსებობს. 



სამაგიეროდ "საექიმო საქმიანობის შესახებ "საქართველოს კანონში არის ასახული გარკვეული უფლებები და მოვალეობები. "ალბათ, ყველას გვინახავს მასმედიაში სიუჟეტები, როდესაც პაციენტის ახლობლები ექიმებს და სამედიცინო პერსონალს შეურაცხყოფას აყენებენ, ემუქრებიან. არის ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სფეროს მიეკუთვნება და ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. მაგრამ ზოგჯერ ამის მიზეზი სწორედაც რომ ექიმის მხრიდან პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების არასწორი ან არასრული ინფორმირებაა. ეს კიდევე ერთხელ მიუთითებს სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე", - ამბობს კაკი ზოიძე.

ექიმები საუბრობენ შეცდომებზეც, თუმცა აქცენტს საზოგადოებაში ექიმების როლზე აკეთებენ.


"შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს ვინც არაფერს აკეთებს. სამწუხაროდ ჩვენს საქმიანობაში არის შეცდომები, რომლის დაშვებაც არც ერთ ექიმს არ უნდა, მაგრამ მაინც ხდება. თუმცა ჩვენ ვიცავთ ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეთ?! სამაგიეროდ ბევრ ჩვენთაგანს შეუძლია ამის თქმა", - აღნიშნავს ექიმი მაია (რესპონდენტმა გვარის დასახელება არ ისურვა).

მედიკების შრომაზე მიუთითებს ექიმი ვალენტინა გაბიძაშვილიც.
"ექიმს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ ჩვენს თავს არ ვეკუთნით და ეს გააზრებული უნდა გვქონდეს, როდესაც ამ პროფესიას ვირჩევთ. თუმცა არის დაუფასებლობის მომენტიც და ექიმების სოციალური პრობლემებიც", - ამბობს ვალენტინა გაბაშვილი.

უფლებები და ვალდებულებები
დაუფასებლობისა თუ სოციალური პრობლემების მიუხედავად, ექიმს აქვს ვალდებულებები, რაც ხშირად არ სრულდება, ხოლო პაციენტს მეტწილად წარმოდგენა არ აქვს ამ ვალდებულებების და საკუთარი უფლებების შესახებ. როგორც კანონში "პაციენტის უფლებების შესახებ" არის განმარტებული - პაციენტად იგულისხმება ნებისმიერი მოქალაქე დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე, იგი ელოდება, იღებს, ან უკვე მიიღო მომსახურება ჯანდაცვის სფეროში.

შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, ექიმის ვალდებულებაა. კანონი კი ექიმისა და პაციენტის დასაცავად და მათი ურთიერთობის დასარეგულირებლად არსებობს. თუმცა,სპეციალისტები დადგენილ უფლებებსა და თითოეული მოქალაქის მიერ მათიგამოყენების შესაძლებლობას შორის არსებულ დისბალანსზე მიუთითებენ და მათი აღმოფხვრის აუცილებლობაზე საუბრობენ. ფაქტია, პაციენტები მეტწილად არ ფლობენ ინფორმაციას, ან არ იყენებენ არსებულ შესაძლებლობებს.ეს სფეროს განვითარებას აფერხებს, პაციენტის სტატუსი კი ხშირად მსხვერპლით იცვლება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.