ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“,  გასული  წლის გამორჩეულად წარმატებული სეზონიდან მალევე,  კრიზისი დაიწყო.


ახალმა მეპატრონემ, ზაალ ჩაჩვამ დაპირება  ვერ შეასრულა და კლუბი ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. გუნდში მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების მიყვანის პარალელურად, დაგვიანებით გაიცემოდა ხელფასი. ბოლოს, ზაალ ჩაჩავას გუნდის წინაშე ოთხთვიანი დავალიანება დაუგროვდა.

თვეების განმავლობაში მიუღებელი ანაზღაურება ფეხბურთელებისთვის ის ზღვარი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მათ კლუბში არსებული პრობლემები სააშკაროზე გამოიტანეს.


გუნდის დაშლის საფრთხეებზე ალაპარაკდნენ „ტორპდოს“ ფანკლუბის წევრებიც. ჩაჩავას გუნდიდან წასვლის მოთხოვნით, ქუთაისის მერიასთან  საპროტესტო აქციები დაიწყო. ფანკლუბის წევრები აცხადებდნენ, რომ ჩაჩავამ ფეხბურთელები მოატყუა და ის გუნდს ვერ უვლის, რის გამოც კლუბი უნდა დატოვოს. აქციის მონაწილეები მეორეს მხრივ რეაგირებას ქუთაისის მერიისგან ითხოვნდნენ, რომელმაც 2017 წელს ჩაჩავას კლუბი 300 000 ლარად მიყიდა.

პარალელურ რეჟიმში  გუნდი 12-მა მოთამაშემ, მათ შორის წამყვანმა  ფეხბურთელებმა დატოვეს. „ტორპედო“ დაშლის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.


ჩინური ინვესტიცია

ორი თვის წინ, როცა კლუბში არსებული პრობლემები სააშკაროზე გამოვიდა, ჩაჩავამ განაცხადა, რომ ფინანსურ კრიზისში,  ჩინელი ინვესტორების მიერ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის გამო აღმოჩნდა. ჩაჩავას მაშინ პარტნიორობის ჩაშლის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა,  პირობა დადო, რომ „ჰუალინგ ჯგუფთან“ პრობლემების მოგვარებას შეეცდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას კლუბი ქუთაისის მერიისთვის უნდა დაებრუნებია.

შექმნილი კრიზისის ფონზე, ზაალ ჩაჩავა გუნდს დღემდე  ჩინელ ინვესტორებთან „შერიგების“ მოლოდინში ამყოფებს, თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე - იყო თუ არა რეალურად შეთანხმება  მიღწეული  „ჰუალინგ ჯგუფთან“ და არსებობს თუ არა ხელშეკრულება, რომლის გაგრძელებაზეც ჩაჩავას თქმით, ჩინელმა პარტნიორებმა უარი თქვეს.



ეჭვებს ამის შესახებ კიდევ უფრო ამძაფრებს  ფანკლუბის წევრების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინური კომპანია „ტორპედოში“ ინვესტიციის ჩადების სანაცვლოდ,  ქუთაისში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული  რამდენიმე მიწის ნაკვეთის გადაცემას ითხოვდა. გუნდის ქომაგები ამ საკითხზე პასუხების მოსასმენად ქუთაისში ვიზიტად მყოფ ეკონომიკის მინისტრსაც შეხვდნენ.

ფანკლუბის წევრებმა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრეს, თუმცა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში ინფორმაცია უარყო.

 

შეუსრულებელი ვალდებულებები და  ქუთაისის მერიის დამთმობი პოზიცია

გარდა ფეხბურთელების წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისა, ზაალ ჩაჩავას ამ დრომდე არ აქვს დაფარული ორი წლის წინ შეძენილი კლუბის საპრივატიზაციო თანხა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,   ჩაჩავას ქალაქის ბიუჯეტში მხოლოდ 140 000 ლარი აქვს ჩარიცხული. 160 000 ლარის გადახდის ვალდებულებას კი ამ დრომდე არ ასრულებს. ამასთანავე, ფანკლუბის წევრებს შეკითხვები აქვთ გასულ წელს გუნდის მიერ მოპოვებული ტიტულებიდან მოზიდული თანხების განკარგვასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ქუთაისის მერიას კლუბში განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობით დაინტერესების პირდაპირი  ვალდებულება აქვს.  მერიასა და კლუბის მფლობელს შორის გაფორმებული  ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.



კერძო აუდიტის მოწვევის მოთხოვნა ფანკლუბის წევრებმა ქუთაისის მერს პირადად გააცნეს. გიორგი ჭიღვარია „ტორპედოს“ გულშემატკივრებს 27 ივნისს, მერიის წინ გამართულ  აქციაზე შეხვდა და პირობა მისცა, რომ თუ ჩაჩავა უახლოეს დღეებში ფინანსური პრობლემების მოგვარებას, მათ შორის,  მერიის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას არ დაიწყებდა, ხელშეკრულებას გაუწყვიტავნდენ.


ქუთაისის მერიას ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ ჩაჩვასთან ხელშეკრულება შეეწყვიტა, თუმცა, ამას ამ დრომდე არ აკეთებს.

ქალაქის პირველი პირების  დამთმობ პოზიციას,  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილისა და ზაალ ჩაჩავას ახლო ურთიერთობას უკავშირებენ. სწორედ ამით აიხსნება,  22 მაისს, ლევან კობიაშვილის მიერ ჩაჩავასთვის გამოცხადებული ღია მხარდაჭერა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა,  ფეხბურთელები,  პრობლემებზე ღიად საუბრის გამო, უპასუხისმგებლობასა და პირადი ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

რამდენიმე დღით ადრე კი ზაალ ჩაჩავამ ქუთაისიპოსტთან საუბარში თქვა, რომ ნაწყენია იმ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე, რომლებმაც კლუბში არსებული „ფუფუნება“ არ დააფასეს და პირველივე პრობლემაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ.

კლუბის პრეზიდენტი   ახლა მედიასთან თითქმის აღარ კონტაქტობს. მასალის მომზადების დროს ქუთაისიპოსტი მასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, ჩაჩავას ტელეფონი გამორთული აქვს.

კლუბის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ორთვიანი სახელფასო დავალიანება უკვე  გასტუმრებულია, თუმცა, ხელფასი არ აუღია იმ  ფეხბურთელებს, რომლებმაც კლუბი დატოვეს. 

გუნდის წევრები  პრობლემების საბოლოოდ მოგვარებას   აგვისტოს ბოლომდე ელოდებიან.

გრძელდება მოლაპარაკებები ჩინელ ინვესტორებთან.

კლუბმა კონტრაქტი 9 ახალ ფეხბურთელთან გააფორმა. 18 ივლისს,  გუნდი,  ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე,   "ორდაბასთან" საპასუხო მატჩს  გამართავს, რომელთანაც წინა შეხვედრაში  0:1 დამარცხდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დაზარალებულის
სტატუსის მქონე პირი, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში  დააკავეს, სააპელაციო სასამართლომ
გაათავისუფლა.
12:39 / 15.12.2019

ქუთაისში, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში  დააკავეს, სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ
„ტორპედოში“ ინვესტიციას, სავარაუდოდ, იტალიელები
განახორციელებენ.
11:54 / 15.12.2019

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ ინვესტიციას, სავარაუდოდ, იტალიელები განახორციელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.