სამართალი
"ვიღაც ხომ უნდა დააკავონ" - ბრალდებები სამტრედიის პოლიციის წინააღმდეგ
FaceBook
სამტრედიაში მცხოვრები ნატალია კუპრაშვილი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და მისი შვილის, გიორგი გიორგაძის დაკავებას უკანონობად მიიჩნევს.

ის, ასევე, 2017 წლის 19 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც 25 წლის ახალგზარდას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებულის ადვოკატი კი ვარაუდობს, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი და იარაღი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა, სხვადასხვაა. ამ და სხვა გარემოებების გამო, ნატალია კუპრაშვილი დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გასული წლის 26 ივლისს სამტრედიაში საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს. პოლიციამ ის მას შემდეგ დააკავა, რაც ჩხრეკის შედეგად სახლში ცეცხლსასროლი იარაღი GOLD STAR 2002 აღმოაჩინეს.

ნატალია კუპრაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა საცხოვრებელის ბინის ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს, რომლის მიხედვით გიორგი გიორგაძე, ორ თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობას გეგმავდა.

იმავე დღეს, პოლიციამ გიორგი გიორგაძის მეზობლები, გრიგოლ ხონელიძე და ალექსი მანჯგალაძეც დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგადაც პოლიციამ პისტოლეტები „FORMULA Magnum“ და „DUTY ONE“ ამოიღო.

დაკავებული გიორგაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1,2 და მე-3 ნაწილით აღიძრა. თუმცა, ნატალია კუპრაშვილი ამბობს, რომ მოგვიანებით გამოძიებამ ამ მუხლის მხოლოდ მე-3 ნაწილი დატოვა, რადგან მისი თქმით, ის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ისჯება, 1 და მე-2 მუხლებით კი სასჯელის უფრო ნაკლები ზომაა გათვალისწინებული.

ნატალია კუპრაშვილი ამბობს, რომ იარაღი მის შვილს არ ეკუთვნოდა და ის მას ჩაუდეს. მისი თქმით, სამტრედიაში პოლიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები ბოლო პერიოდში გახშირდა და ამ მეთოდით ახალგაზრდების დაკავების შემთხვევებმა იმატა.

„ეს არის სამტრედიის პოლიციის კარგად შემუშავებული გეგმა. დამნაშავეებს ვერ იჭერენ და ვიღაც ხომ უნდა დააკავონ. რასაც ვუყურებ რაიონში, უკანონობა ხდება. პოლიციაში მითხრეს, რომ ინფორმაცია შემოვიდა ჩვენთან, ვითომ საყაჩაღოდ მიდიოდნენო. გამორიცხულია ეს ჩემს შვილს ჩაედინა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, იარაღის ტარებაც კი არ იცის,“ - ამბობს ნატალია კუპრაშვილი.

ნატალია კუპრაშვილის ამ ბრალდების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. თუმცა, უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს იმის გამო, რომ გიორგი გიორგაძეს სასჯელი უკვე შეეფარდა და ის ამ დროისთვის მსჯავრდებულია.

გარდა ამ ბრალდებისა, მსჯავრდებულის დედა ამბობს, რომ პოლიციამ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მეზობლების ან სხვა პირების დასწრების გარეშე განახორციელა.

„პოლიცია რომ იყო გარეთ და გადაკეტილი იყო ყველაფერი, ამის თვითმხილველი ბევრია, მაგრამ სახლის ჩხრეკის მოწმე არავინაა იმიტომ, რომ იქ არავინ შეუშვეს,“ – ამბობს ნატალია კუპრაშვილი.

ბრალდებულის დაკავების დროს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე საუბრობს მისი უფლებადამცველი, ოთარ რუხაძე. ის გიორგი გიორგაძეს სახაზინო წესით იცავს, რადგან ოჯახს ადვოკატის აყვანის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. 

„ის, რაც ოფიციალურად დევს საქმეში, დაკავების ფაქტობრივი გარემოებები და ის გარემოებები, რასაც თავად ბრალდებულები აღწერენ, დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქმის მასალებიდან გამოდის, რომ დაკავება მოხდა კანონიერად საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მაგრამ ბრალდებულები ამბობენ საპირისპიროს. ძალიან ბევრი დარღვევა იკვეთება მათი ჩვენებისაგან. სასამართლოში მათ ეს გააჟღერეს, მაგრამ სასამართლომ სხვა მოწმეების ბრალდება გაიზიარა და ისინი არიან პოლიციელები. არც ერთი სამოქალაქო მოწმე საქმეში არ არის. ყველა თვითმხილველი მოწმე არიან პოლიციელები და მათი ჩვენებით კანონი არ დარღვეულა. რომელი პოლიციელი იტყვის ამას? ფაქტობრივად, ბრლადებულების ჩვენებები სხვა რამეზე მეტყველებს,“ - ამბობს უფლებადამცველი ოთარ რუხაძე.

მისი  განმარტებით, ბრალდებული ისეთივე მოწმეა სასამართლოში, როგორც სხვა და მათი ჩვენებაც ისევე უნდა იყოს გაზიარებული, როგორც სხვა მოწმის. სამტრედიელი სამი ბრალდებულის მიმართ კი კანონის ეს მოთხოვნა დარღვეულია. აქედან გამომდინარე, გიორგი გიორგაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ძირითადი მოწმეების ჩვენებაზეა დაფუძნებული, უკანონო და დაუსაბუთებელია.

გარდა ამისა, ის იმ მთავარ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გიორგი გიორგაძის საქმეშია. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი და იარაღი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა სხვადასხვაა, რადგან დალუქული იარაღის ნომერი ექპერტიზის დასკვნაში მითითებულს არ ემთხვევა. (დასკვნა #1463/ბ 20.07.2017 წ.)

„როდესაც მოხდა ამოღებული იარაღის დალუქვა, პაკეტებზე წარწერილია ნომერი, მაგრამ იგივე პაკეტი რომ ჩავიდა ექსპერტიზის ბიუროში, ექსპერტთან მივიდა სხვა ნომრიანი იარაღი. ერთ ციფრშია სხვაობა. ქარხნულად ყველა იარაღს თავისი ნომერი აქვს. თუ სხვა ციფრია, ე.ი სხვა იარაღთან გვაქვს საქმე. იარაღი, რომელიც დაილუქა და რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა, აქვს სხვადასხვა ნომრები. ეს მაფიქრებინებს, რომ ისინი სხვადასხვაა. მოვითხოვეთ ამ იარაღის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, რადგან არ იყო გაქარწყლებული იარაღის გამოცვლის გონივრული ეჭვი, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა,“ - აცხადებს ოთარ რუხაძე.

ამ გარემოებების გამო, გიორგი გიორგაძის ოჯახი სასამართლო დავას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს. მისი უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ სააპელაციო ინსტანცია დაცვის მხარის მოსაზრებებს პირველი ინსტანციის სასამართლოზე მატად გაიზიარებს. მსჯავრდებულის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებაში მიღებას ელოდება.

მსჯავრდებული გიორგი გიორგაძე ამჟამად სასჯელს ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. ნატალია კუპრაშვილი ამბობს, რომ შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ციხის ადმინისტრაციას აცნობა. ის ამბობს, რომ მსჯავრდებულს აუცილებელი მედიკამენტოზური მკურანლობა არ უტარდება.

„ექიმმა ნახა, თუმცა ისეთ მედიკამენტებს იღებს, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ უშველის, პიქირით უარესი გახდება მდგომარეობა,“- აცხადებს ნატალია კუპრაშვილი.

ამ საკითხზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დავუკავშირდით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მსჯავრდებულ გიორგი გიორგაძეს სასჯელის მოხდის პერიოდში სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. უწყების ცნობითვე, მიმდინარე წელს მას, ასევე ექიმ-სპეციალისტების, მათ შორის, ფსიქიატრის კონსულტაცია რამდენჯერმე გაიარა.

„მსჯავრდებულს დაენიშნა და ჩაუტარდა მედიკამენტოზური მკურნალობა. გასულ თვეს კვლავ შეხვდა ფსიქიატრს, რა დროსაც აღნიშნა, რომ ფსიქიკური კუთხით ჩივილები აღარ აქვს და უარი განაცხადა მკურნალობაზე. მსჯავრდებულის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება დაწესებულების მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც გაეწევა სამედიცინო მომსახურება,“- გვიპასუხეს წერილობით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა,
562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023
წლის მონაცემები.
10:46 / 15.03.2024
აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა, 562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023 წლის მონაცემები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.