სამართალი
ბრძოლით ნაპოვნი სამართალი - ოჯახი, რომელიც სასამართლომ სახლის დაკარგვისგან იხსნა
FaceBook
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით და კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს ჯამში 632,9 მლნ ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება აქვთ მისაკუთრებული. ეს რიცხვი კი არაერთი ოჯახის მძიმე ბედზე მიუთითებს.

იმ ოჯახებს შორის, რომლებმაც ბანკის ვალი ვერ გადაიხადეს და ქონებები დაკარგეს, შესაძლოა, სარიშვილებიც ყოფილიყვნენ. თუმცა, მათი ბედი სასამართლომ გადაწყვიტა და ორი არასრულწლოვანი (7 და 8 წლის მოზარდები) ქონების დაკარგვისგან იხსნა. ბანკსა და მსესხებელს შორის 6-წლიანი დავის შემდეგ სასამართლომ ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღო და ბანკს მცირეწლოვნების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვის უფლება არ მისცა.

6-წლიანი სასამართლო დავა ბანკთან

2018 წელს გოგა სარიშვილმა ერთ-ერთი კომერციული ბანკისგან 7 ათასი დოლარი ისესხა და გარანტიად წყალტუბოში, მის სახელზე არსებული სახლი ჩადო. მას შემდეგ, ყოველთვიურად ბანკის ვალთან ერთად იხდიდა სიცოცხლის დაზღვევასაც (ჯამში, დაახლოებით, 200 დოლარამდე). რამდენიმე თვის შემდეგ გოგა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. რადგან სიცოცხლე დაზღვეული ჰქონდა, ოჯახს სესხის თანხა უნდა ჩამოწეროდა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიამ ბანკს თანხა არ აუნაზღაურა. მიზეზად განმარტავდნენ, რომ გოგა სარიშვილი არა უბედური შემთხვევის, არამედ თვითმკვლელობის შედეგად იყო გარდაცვლილი და რომ ხელშეკრულებაში თვითმკვლელობის დროს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის ანაზღაურების ვალდებულება მითითებული არ ყოფილა.

''გოგა სარიშვილი ზღვაში დაიხრჩო. სადაზღვევო კომპანიაში ამბობდნენ, რომ არ დაემორჩილა მაშველებს და ამიტომ გარდაიცვალა. სწორედ ამის გამო არ უნაზღაურებდა სადაზღვევო კომპანია ბანკს ვალს,'' -ამბობს არასრულწლოვნების ადვოკატი თამარ ობოლაძე.

საბოლოოდ, ბანკმა ფული გოგას მემკვიდრეებს - მის ცოლ-შვილს მოსთხოვა. თანხის გადაუხდელობის გამო კი არასრულწლოვნების თანასაკუთრებაში არსებული სახლი დააყადაღა, რასაც სასამართლო დავა მოჰყვა.

ბანკი ითხოვდა ოჯახს დაკისრებოდა გოგა სარიშვილის მიერ აღებული სასესხო დავალიანება - 9 7 59, 34 აშშ დოლარი. დაფარვის მიზნით კი სარეალიზაციოდ უნდა დატვირთულიყო ქონება, რომელიც არასრულწლოვნების ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა. ბანკმა, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოითხოვა.

დავა 6 წლის მანძილზე გაგრძელდა. ეს 6 წელი მორალურად მძიმე და აუტანელი იყო გოგას მეუღლისთვის, ლელა ბეგლარიშვილისთვის, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა 1 და 2 წლის ბავშვები დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო.

''პროცესებს ონლაინ ვერთვებოდი. ვერ აგიწერთ, რა გადავიტანეთ ამ ექვსი წლის განმავლობაში. ბავშვები ქუჩაში მრჩებოდნენ. ამდენი წელია ემიგრაციაში ვარ და ცალკე უცხო ქვეყანაში ყოფნა, შვილებისგან შორს ყოფნა და ცალკე სახლის დაკარგვის შიში მანადგურებდა,''-გვიყვება ლელა ბეგლარიშვილი.

2023 წლის 4 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბანკის მოთხოვნა. განმარტა, რომ ბანკს ჰქონდა დაზღვევის ხელშეკრულება და სესხი დაზღვეული იყო უბედური შემთხვევებისგან, შესაბამისად, ოჯახისთვის მოთხოვნის უფლება და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ბანკს არ გააჩნდა.

გადაწყვეტილება იმედის მომცემი იყო ოჯახისთვის, თუმცა ყველაფერი აქ არ დასრულებულა. ბანკმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა. გადაწყვეტილება 2024 წლის 29 თებერვალს გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, დაავალა ბანკს ანაზღაურებისთვის სადაზღვევო კომპანიისთვის მიემართა, ოჯახს კი მხოლოდ იმ თანხის გადახდა დააკისრა, რაც გოგა სარიშვილს გარდაცვალებამდე ჰქონდა დაგროვილი (330 დოლარი).

ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბავშვის უფლებებზე ორიენტირებულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს არასრულწლოვნების ადვოკატი თამარ ობოლაძე.

“საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, სააპელაციო სასამართლომ კი არ დატოვა ცარიელი ნიშა, რაც საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას სადავოს გახდიდა. კერძოდ, მეორე ინსტანციის სასმართლომ მოძებნა ის ნიშა, რითაც შემდგომი ინსტანციის სასამართლოშიც არაფერი შეიცვლებოდა და ეს ნიშა გოგა სარიშვილის სიცოცხლეში დაგროვილი ის სასესხო დავალიანებაა, რაც ოჯახმა უნდა გადაიხადოს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ეს. ბავშვები მამით ობლები არიან, ასაკიდან ბებიაზე დამოკიდებულები, დედა ემიგრაციაშია. მათთვის, ცხადია, სტრესული იყო ეს წლები, მაგრამ სამართალი აღდა,''- ამბობს არასრულწლოვნების ადვოკატი თამარ ობოლაძე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას კვლავ ემიგრაციიდან, ონლაინ ესწრებოდა ლელა ბეგლარიშვილი. ის ამბობს, რომ მთელი ეს წლები ბრძოლა ღირდა, რადგან ამ ბრძოლით შვილები სახლის დაკარგვისგან იხსნა.



რა როლი აკისრია სასამართლოს ოჯახის გამოსახლების საკითხში?

2015 წლამდე იძულებითი გამოსახლება სასამართლოს ჩართულობის გარეშე ხორციელდებოდა. პოლიციას უფლება ჰქონდა, სასამართლოს ჩარევის გარეშე, უძრავი ქონების მესაკუთრის (მაგალითად ბანკის, რომელიც ბინის მფლობელი გახდა) განცხადების საფუძველზე ტერიტორიიდან იქ მყოფი პირები გამოესახლებინა.

2015 წლის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, გამოსახლება სასამართლო კონტროლს დაექვემდებარა. დღეს, უკანონო მფლობელობის შეწყვეტა და ამ მიზნით გამოსახლება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სარჩელის წარდგენისას მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერად აღსრულება, რაც ნიშნავს, რომ დავის ზემდგომ სასამართლოებში გაგრძელების, ასევე გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაშიც კი გამოსახლების პროცესი დასრულებული იქნება.
შედეგად, დღეს ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.

ბავშვის ქონება და საუკეთესო ინტერესები

2019 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ,,ბავშვთა უფლებათა კოდექსი’’ მიიღო, რომელიც ძალაში 2020 წლის 1 ივნისს შევიდა. ამ კანონმდებლობის მიხედვით, მოწესრიგდა ბავშვის ქონებასთან და მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობის საკითხები.

,,ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს,’’- წერია ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის’’ 81-ე მუხლში.

,,ბავშვის უფლებათა კოდექსის’’ ამოსავალი წერტილი სწორედ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებია. შესაბამისად, კანონი ყველა უწყებას ავალებს, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ბავშვის ინტერესებს მიანიჭოს.

ამავე კანონმდებლობით, მოწესრიგდა ბავშვის ქონების ფლობის და განკარგვის საკითხები. თუ მანამდე არასრულწლოვნის სახელზე არსებული ქონების გასხვისების უფლება მის კანონიერ წარმომადგენელს სასამართლოს ნებართვის გარეშეც ჰქონდა, ახლა ამისთვის სასამართლოს თანხმობაა საჭირო. მშობელი შვილის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში მყოფ უძრავ-მოძრავ ქონებას სასამართლოს ნებართვის გარეშე ვერ გაყიდის. გარდა ამისა, მან უნდა დაასაბუთოს, რომ გაყიდული ქონება ან ქონების ნაწილი (გააჩნია ბავშვის საკუთრებაშია თუ თანასაკუთრებაში ქონება) ბავშვის ინტერესებს მოხმარდება.

ამავე კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვის სახელზე ან ბავშვის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა სასამართლოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია, ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა ამ შემთხვევაშიც უნდა დაასაბუთოს, რომ ბანკიდან გამოტანილი თანხა ბავშვის საჭიროებებზე დაიხარჯება.

საქართველოში განხორცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალის იურისტი, ზაალ გორგიძე:

,,აქამდე ბავშვს ქონებრივი უფლება ჰქონდა და თან არც ჰქონდა. მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს თავისუფლად შეეძლო როგორც ბინისა და ავტომობილის გაყიდვა, ასევე ბავშვის სახელზე არსებული ანაბრის თავისი სურვილის მიხედვით დახარჯვა. ეს ყველაფერი მოწესრიგდა და დღეს ბავშვის უფლება ამ კუთხით სათანადოდ არის დაცული. სათანადოდ იცავს სასამართლო ბავშვის ინტერესებს, მაშინ როცა ბანკი ბავშვიანი ოჯახის ბინიდან გამოსახლებას აპირებს, რადგან ამ კანონის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის უფლების დაცვა,’’- ამბობს ზაალ გორგიძე.

როგორია სასამართლოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა (ბავშვის ქონებასთან მიმართებაში) პრაქტიკაში - რა გადაწყვეტილებები გამოაქვს სასამართლოს და რას აჩვენებს სტატისტიკა - ქუთაისიპოსტმა აღნიშნული ინფორმაციის მიღება როგორც უზენაესი სასამართლოდან, ასევე საქალაქო სასამართლოებიდანაც შეეცადა, თუმცა მათგან პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ აღნიშნული სახის საქმეების აღრიცხვას არ აწარმოებენ.

საერთაშორისო კანონმდებლობა

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებული
ყველა ქმედებისას, იქნება ეს განხორციელებული სახელმწიფო თუ კერძო სოციალური დაცვის დაწესებულებების, სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების ან საკანონმდებლო ორგანოების მიერ, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირატესად გათვალისწინებული.

ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტების მიხედვით კონვენციის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური ინსტიტუტებით, აქ იგულისხმება ყველა დაწესებულება, რომლის მუშაობა და გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ბავშვზე და
მისი უფლებების რეალიზაციაზე. ასეთი დაწესებულებები მოიცავს არა მხოლოდ
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებულ (მაგ. ზრუნვა, ჯანმრთელობა, გარემო, განათლება, დასვენება, თამაში და ა.შ.), არამედ სამოქალაქო უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ ინსტიტუტებსაც (მაგ. დაბადების რეგისტრაცია, დაცვა ძალადობისგან და ა.შ.). სოციალური კეთილდღეობის კერძო ინსტიტუტები მოიცავს კერძო სექტორის ორგანიზაციებს, როგორც კომერციულს, ასევე არაკომერციულს - რომლებიც ასრულებენ როლს ბავშვის უფლებებით სარგებლობისთვის გადამწყვეტი სერვისების მიწოდებაში.

გარდა ამისა, ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, მშობელს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ხოლო მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამების, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმა გვხვდება ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლშიც.

შესაბამისად, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობაში ბავშვთა უფლებები ქონებრივ საკითხებთან მიმართებით სათანადოდ არის დაცული. თუმცა, მთავარი სიტყვა სასამართლოზეა, რომელმაც ადამიანის დარღვეული უფლება უნდა დაიცვას.


სტატია მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The article was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).
The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი
წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების
სასარგებლოდ დასრულდა.
15:58 / 28.04.2024
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების სასარგებლოდ დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.