სამართალი
სამმა პენსიონერმა სახელმწიფოს დავა სასამართლოს ორ ინსტანციაში მოუგო
FaceBook
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების სასარგებლოდ დასრულდა.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის სამი პენსიონერი თანამშრომელი გასული წლის მაისიდან პენსიის გარეშე დარჩა.
სახელმწიფო ირწმუნებოდა, რომ ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები საჯარო საქმიანობას ეწევიან, შესაბამისად პენსია არ უნდა ეძლეოდეთ.

პენსიონერებმა სასამართლოს მიმართეს. მათ ერთი წლის განმავლობაში იმის მტკიცება დასჭირდათ, რომ მუზეუმის თანაშრომლობა "საჯარო საქმიანობად" არ ითვლება. რადგან, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მიხედვით, პენსიაზე უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

სამივე პენსიონერი სააგენტოში დასაქმებულნი იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ შორის, დარაჯისა და დამლაგებლის პოზიციებზე.

პენსიონერ მ.ჟ-ს ქეისი


71 წლის მ.ჟ. იმ სამი მოსარჩელედან ერთ-ერთია, ვისაც ასაკობრივი პენსია მოუხსნეს და ერთი წელია აღარ იღებს.

არადა მ.ჟ-ს პენსია სახელმწიფომ ყოველგვარი სირთულის გარეშე, 2013 წელს დაუნიშნა. მაშინაც დასაქმებული იყო. მას შემდეგ, მ.ჟ. სააგენტოში მუშაობის პარალელურად შვიდი წლის განმავლობაში პენსიას უპრობლემოდ იღებდა.

"მე რომ მივედი პენსიის დასანიშნად, ჩვენს სისტემაში ვინც მუშაობდა და იყო პენსიონერ, ყველა იღებდა პენსიას და მეც ვიცოდი რომ მეკუთვნოდა პენსია. ამიტომ 2013 წლიდან დავინიშნე პენსია".
მ.ჟ.-ს პენსია, სააგენტოში მომუშავე სხვა პენსიონერებთან ერთად, პირველად 2019 წელს შეუჩერეს. ამის შესახებ სოციალურმა სამსახურმა მას წერილობით აცნობა. მაგრამ მაშინ ეს ხარვეზი საჯარო სამსახურის ბიუროდან წარდგენილი საბუთით აღმოიფხვრა.

"2019 წელს შეგვიწყვიტეს პენსია, მაგრამ მაშინ ნიკოლოზ ანთიძე იყო ჩვენი უფროსი რომელმაც საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოითხოვა საბუთი და გააგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოში იმის დასამტკიცებელად, რომ ჩვენ გვეკუთვნოდა პენსია. საჯარო სამსახურის ბიუროდან ამ დოკუმენტით აღგვიდგინა სოციალურმა სააგენტომ პენსია", - ამბობს მ.ჟ.

თუმცა, 2019 წელს გაცემული საჯარო სამსახურის ბიუროს მაშინდელი დოკუმენტი, 2023 წელს საკმარისი არ აღმოჩნდა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსთვის. მათ კვლავ შეუჩერეს და მერე შეუწყვიტეს პენსია მ.ჟ-ს და მუზეუმის კიდევ რამდენიმე თანაშრომელს ქუთაისში. მათთან ერთად პენსია შეუწყდა მუზეუმ-ნაკრძალების არაერთ თანამშრომელს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებმა სახელმწიფოსთან დავის გაგრძელება სასამართლოში გადაწყვიტეს.

"ჩვენი საქმე წავიღეთ საიაში. პენსიონერები ვართ. კერძო ადვოკატის ფული ჩვენ არ გაგვაჩნდა. საიას უფასო მომსახურებით უნდა გვესარგებლა. როგორც კი საქმე შეისწვლა საიას ადვოკატმა, თამარ ფაჩულიამ, გვითხრა, რომ ჩვენ ამ საქმეს მოვიგებდით,"- ამბობს მ.ჟ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ადვოკატის, თამარ ფაჩულიას განმარტებით, მუზეუმის თანამშრომლებს კუთვნილი სახელმწიფო პენსია არც უნდა დაკავებოდათ და არც შეწყვეტოდათ.
"მათ პენსია არ უნდა შეწყვეტოდათ. ვინაიდან საჩივრის ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვის სტადიაზე არ იქნა გადაწყვეტილი საკითხი დადებითად, ამასთან მომმართველები არიან პენსიონერები, რომლებიც ვერც ადვოკატს დაიქირავებდნენ და ამავდროულად, თავს ვერ დაიცავდნენ სასამართლო სხდომაზე დამოუკიდებლად, როგორც საგამონაკლისო კატეგორია, დექვემდებარა დაცვას", - ამბობს ადვოკატი თამარ ფაჩულია.

რის საფუძველზე შეწყდა პენსია?

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მტკიცებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ახორციელებენ საჯარო საქმიანობას, ამიტომ სანამ პენსიონერები სააგენტოში დასაქმებულები იქნებიან, მათ დანიშნული სახელმწიფო პენსია უნდა შეუწყდეთ.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო აპელირებდა "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და მუზეუმ-ნაკრძლში დასაქმებულებს მიიჩნევდა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირებად.

"პენსიაზე უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად დანიშნული პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან". - კანონს ციტირებენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
თუმცა "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონი კიდევ ბევრ სხვა განმარტებას შეიცვავს. მათ შორის იმასაც, რა ითვლება საჯარო სამსახურად.

რას გულისხმობს საჯარო სამსახური?


კანონში საჯარო სამსახური განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი ექცევა "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის დეფინიციაში.

" შესაბამისად, ითვლება, რომ პენსიონრები არიან მუზეუმში დასაქმებულები, რის გამოც ისინი არ მიიჩნევიან საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირებად. ამიტომ არ არსებობდა მათთვის "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო პენსიის (ასაკობრივი) შეწყვეტის საფუძველი. კულტურული საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობას", - განმარტავს თამუნა ფაჩულია.

"სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის გარდა, მოპასუხე სოციალური დაცვის სააგენტო წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთანაც.

რაზე მიუთითებს კონსტიტუცია?


კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

"დარღვეული იყო საქართველოს კონსტიტუცია, ევროპის სოციალური ქარტია და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნები, რაც სრულად იქნა გაზიარებული როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ. მათ პენსიის შეწყვეტის საფუძვლები სცნეს არაკანონიერად, შესაბამისად გაბათილდა ის აქტები, რომლითაც შეუწყვიტეს მომჩივანებს სახელმწიფო პენსია. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებები ჯერ არ არის შესული კანონიერ ძალაში", - ამბობს თამუნა ფაჩულია.

მ.ჟ სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონზომიერად მიიჩნევს. იგი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე მართალია, მას დაიცავს კანონიც და სასამართლოც. მ.ჟ-ს აზრით მოქალაქეებმა თავი არ უნდა შეიკავონ და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს.

"71 წლის ვარ და რომ არ მცოდნოდა მართალი ვიყავი ხომ არ მივიდოდი?! თუკი მართალია, ყველამ უნდა მიმართოს სასამართლოს. თავის გამართელბისთვის არსებობს კანონი, რომელიც უზენაესი უნდა იყოს. ამიტომ, ადამიანებმა თავი არ შეიკავონ და თავისი სიმართლისთვის იბრძოლონ სასამართლოში", - ამბობს მ.ჟ.

მ.ჟ-ს მსგავსად 2023 წელს მუზეუმ-ნაკრძლებში მომუშავე არაერთმა პენსიონერმა მიმართა სასამართლოს. საიას მხოლოდ გორისა და ქუთაისის ოფისების ადვოკატებმა 2023 წელს სასამართლოში აწარმოეს 10 პენსიონერის საქმე, რომლებსაც სახელმწიფო პენსია უკანონოდ შეუწყდათ. ათიდან ყველამ მოიგო პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა.

მ.ჟ. მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომელის საქმეც სააპელაციოში გაგრძელდა და იქაც გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისში მასთან ერთად, სახელმწიფოს დავა სასამართლოს ორ ინსტანციაში, 2 პენსიონერმა მოუგო.

სასამართლოს პრაქტიკა და რეკომენდაციები

როდესაც სახელმწიფო, მოქალაქეებთან ერთსა და იმავე საკითხში სასამართლო დავაში აგებს ათობით საქმეს, ეს გარემოება აჩენს იმის აუცილებლობას, რომ სახელმწიფომ სამომავლოდ გაითვალსიწინოს სასამართლოს გადაწყევტილებები და მიღებული გამოცდილება დანერგოს პრაქტიკაში, მიაჩნიათ იურისტებს.

ამაზე მიუთითებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. იგი სოციალური დაცვის სააგენტოს მოუწოდებს კონკრეტულად ამ მიმართულებით, გადახედოს თავის პოლიტიკას.

"სააგენტომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა შეიმუშავოს ახალი მიდგომა, რომლის მიხედვითაც ყოველი კონკრეტული პენსიონერისთვის პენსიის შეწყვეტისას ჯეროვნად მოიკვლევს რიგ საკითხებს და იხელმძღვანელებს სასამართლოების მიერ უკვე მყარად დადგენილი სამართლებრივი სტანდარტებით" - აღნიშნავენ საიაში.

მითუმეტეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე მუხლი მკაფიოდ აწესებს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას: ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

"ამ ნორმის გაგება და აღქმა სამწუხაროდ ყოველთვის არ ხდება სწორად. ქართული კანონმდებლობა ქართული სახელმწიფოებრიობის მსგავსად ახალგაზრდაა და ჩვენს თვალწინ ყალიბდება და ყოველდღიურად ვითარდება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს არსულებს სასამართლოს განმარტებები, ვინაიდან სასამართლო განსახილველი საქმის ფარგლებში, მკაფიოდ განმარტავს კანონის ნორმატიულ შინაარსს, ანუ გაცილებით ფართო განმარტებას იძლევა, ვიდრე კანონის "მშრალი" ნორმა.", - ამბობს ადვოკატი ვალერი თევდორაძე.

იურისტის განმარტებით, გარდა სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა, უზენაესი სასამართლო პერიოდულად აკეთებს მნიშვნელოვან განმარტებებს, რომელიც ეხება კანონის ამა თუ იმ ნორმის გამოყენების შესაბამისობას და რელევანტურობას.
თუმცა, იურისტები იმაზეც მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოები პრაქტიკაში ნაკლებად იყენებენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს ანალოგიურ საქმეებზე.

" ბუნებრივია არ არსებობს ორი სრულად იდენტური წარმოება, მაგრამ ფართო ასპექტით უამრავი წარმოებაა რომელიც არსებითად ერთგვაროვან გადაწყვეტას საჭიროებს. ამ დროს კი ხშირად ვხვდებით პრაქტიკაში რომ მოქალაქეები იძულებულნი არიან მიმართონ სასამართლოს და ამ გზით მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული უფლების აღდგენა.

ეს უფრო მეტად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევის მაჩვენებელია. ხშირად ყოფილა პრაქტიკაში რომ მოქალაქეს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები თავად ეუბნებიან: "ვიცით რომ მართალი ხარ/ გეკუთვნის, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტოს და გაგამართლოს/მოგაკუთვნოს", - აღნიშნავს ადვოკატი.

ასეთ მიდგომას კი ორმაგი ზიანი მოაქვს: იგი იწვევს ერთის მხრივ მოქალაქეთა ნდობის/პატივისცემის გაქარწყლებას ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, მეორეს მხრივ კი სასამართლოთა გადატვირთვას.


სტატია მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The article was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).
The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.