სამართალი
მოგებული დავა - საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულის 5-წლიანი ბრძოლის ისტორია
FaceBook
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

ჩვენ მოგიყვებით ოზურგეთის მერიაში, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების საქმეზე, რომლის მაგალითზეც, სტატისტიკურ მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით, ასევე გაჩვენებთ, რამდენად ხშირია საქართველოში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევები; როგორია მსგავს საქმეებზე სასამართლოს პრაქტიკა და რაშია გამოსავალი?

დისციპლინური გადაცდომის მოტივით შეფუთული უკანონო გათავისუფლება:


თამარ დუმბაძე, 2014 წლიდან, 4 წლის მანძილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი იყო. პარალელურად, გახლდათ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 2017 წლის ოქტომბერში კი, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ოზურგეთში „ოცნება“ დამარცხდა და მუნიციპალიტეტის მერი - დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძემ გახდა.

თამარ დუმბაძე გვიყვება, რომ შარაშენიძის მეზობელი იყო, ამიტომ არჩევნებში დახმარება სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, როგორც კი მერი გახდა, მასზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო.

„როგორც კი არჩევნებში გაიმარჯვა, დამიბარა, ღამის ორი საათი იქნებოდა, მახსოვს და მითხრა, რომ უნდა დამეტოვებინა თანამდებობა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც, მაგრამ მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება, ამიტომ, მაშინ ძალიან შევიკავე თავი“,- განმარტავს დუმბაძე.

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა ვიდეოსათვალთვალო კამერების დაყენებას, აუდიტის სამსახურის მიგზავნას, დაბარებებს და მუქარებს, თუმცა, მიუხედავად მცდელობებისა, ვერც დარღვევები აღმოუჩინეს და ვერც მისი გათავისუფლების რეალური საფუძველი იპოვეს, ამიტომ თანამდებობის დატოვებას, ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა გზით აიძულებდა.

„ჩემს კაბინეტთან დააყენა კამერა, ვინც შემოვიდოდა და გავიდოდა, ყველას აფიქსირებდა და უთვლიდა, დუმბაძესთან არ შეხვიდეთ, თორემ ცუდი რაღაც გელოდებათო. სხვა თუ იგვიანებდა და შეეძლო, ერთი კვირა არ მოსულიყო სამსახურში, მე ერთი წამითაც არ შემეძლო დაგვიანება, ცოტა ადრე წასვლა, ან სადმე გასვლა. ერთი დღის დაგვიანებით მქონდა წერილი პასუხგაუცემელი, როცა თვეებით ჰქონდათ სხვებს და დისციპლინური გადაცდომა მე გამომიტანა. შიდა აუდიტის სამსახურიც მომიგზავნა, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რა გავაკეთო, მთხოვს შენს გათავისუფლებასო... ყველანაირად მავიწროვებდა, მითვლიდა რაღაც-რაღაცებს, უნდა დატოვო პოსტი და წახვიდეო, მაგრამ არ ვეპუებოდი, არ შემშინებია, ბოლომდე ვიბრძოლე რაც შეიძლებოდა“,- გვიყვება რესპონდენტი.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, თამარ დუმბაძეს, 2018 წლის ნოემბერში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დისციპლინური გადაცდომის გამო ჩააბარეს, რაც მისთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან როგორც თავად ამბობს, ამას ყოველ დღე ელოდა.

„რომ ვერ მომინახა ვერაფერი, ბოლოს, დაგვიანებული წერილების გამო გამომიშვა, არადა დანაშაული არაფერში არ მიმიძღვოდა. პირიქით, წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ვიყავი, რომელიც შემოსულ განცხადებებზე ყველას ეხმარებოდა. მინდოდა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა, ამიტომაც დავიწყე სამართლებრივი დავა“,- ამბობს რესპონდენტი.

თამარ დუმბაძის სამართლებრივი დავა:

თამარ დუმბაძემ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მის ინტერესებს ადვოკატი მარიამ ლევიძე იცავდა. სასამართლო დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ მარინა კიკნაძემ მისი გათავისუფლების უკანონობა დაადგინა:

„ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

აღდგენილ იქნეს თამარ დუმბაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმღვანელის ტოლფას თანამდებობაზე, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში;

აუნაზღაურდეს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური, შრომითი გასამრჯელო;

დაუყონებლივ აუნაზღაურდეს დაკავებული თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო 3 თვის ოდენობით“,- ვკითხულობთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაში.

აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ, თავის მხრივ, სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა ამ უკანასკნელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ადვოკატ მარიამ ლევიძის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა დისციპლინური წარმოება, რაც თამარ დუმბაძის წინააღმდეგ გატარდა, კანონმდებლობის დარღვევით იყო ჩატარებული.

„აქედან გამომდინარე, ბათილად ცნო მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება. დაახლოებით 4 წელი დასჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, მიუხედავად პროცესის გაჭიანურებისა, თამარ დუმბაძემ მიიღო ის შედეგი, რისთვისაც სამართლებრივად იბრძოდა“,- განმარტავს ადვოკატი.

თამარ დუმბაძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს დახმარებით, ჯამში, 75 800 ლარი მიიღო, თუმცა დაკავებული პოსტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე უარი განაცხადა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ამის პირადი ინტერესი აღარ ჰქონდა.

„რომ არ დავბრუნებულიყავი სამსახურში, მერმა ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური გააუქმა (სასამართლოს გადაწყვეტილებამდე). წარმოიდგინეთ, ასეთ მნიშვნელოვან პოსტს აუქმებ, თანაც პანდემიის პერიოდში. მერე მოხდა ისე, რომ ხალხმა მეორე ვადით აღარ აირჩია მერად, თორემ აუცილებლად დავბრუნდებოდი მერიაში, თავად ისევ მერი რომ ყოფილიყო“,- გვიყვება რესპონდენტი.

საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დუმბაძეს, ჯამში, 5 წელი დასჭირდა. აქედან, ერთი წელი მერს თავად ებრძოდა, 4 წელი კი - სასამართლოს გზით, თუმცა, როგორც განმარტავს, უფრო ხანგრძლივი ბრძოლისთვისაც იყო მზად, რადგან დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში და იცოდა, რომ გაიმარჯვებდა.

„ჩემი საქმიანობის პერიოდში, ცუდი არაფერი გამიკეთებია. დოკუმენტებში, ყველგან იჩხრიკებოდნენ, იქნებ შეცდომა მქონოდა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ სასამართლო ჩემს სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას და ასეც მოხდა“,- გვიყვება თამარ დუმბაძე.

ის გამარჯვების მთავარ მოტივად პოლიტიკურ დისკრიმინაციას ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამ ნაწილში აღარ უმსჯელია.

„მე რომ ვიყავი პოლიტიკურად დისკრიმინირებული, ეს ჩანდა ყველგან. მერის იურისტები პროცესებზე იმდენად იყვნენ დადუმებულები, მახსოვს, მოსამართლე ეუბნებოდა, ადვოკატი რასაც გეკითხებათ, იმაზე მაინც გაეცით პასუხი, სხვა თუ არაფერიო. იმდენად ვერ უდებდნენ საფუძველს, რისთვის გამათავისუფლეს. მოსამართლეც სულ ამბობდა, იკვეთება პოლიტიკური ზეწოლაო. ამ მოტივით გავიმარჯვე ზუსტადაც“,- განმარტავს თამარ დუმბაძე.

„ვინაიდან სასამართლოს პირდაპირი მტკიცებულებები ჰქონდა, რომ დისციპლინურები არაკანონიერად და სამართალდარღვევით ჩაატარა, დისკრიმინაციის ნაწილში აღარ უმსჯელია, რადგან სხვა ბერკეტები ჰქონდა ამ ბრძანებების გაუქმების“,- ამბობს ადვოკატი მარიამ ლევიძე.

პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ოზურგეთის სასამართლოში, ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით), 23 სარჩელია შესული, რომლებზეც, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

რატომ „უჭირს“ სასამართლოს პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენა?

მაშინაც კი, როცა სასამართლო ადასტურებს პირის უკანონოდ გაშვებას სამსახურიდან და აბათილებს გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, უარს ამბობს შეაფასოს ამ უკანონობის საფუძველი, ბათილი ბრძანების გამოცემის რეალური მიზეზი და მიზანი - ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მრავალწლიანი პრაქტიკისა და დაკვირვების შედეგია, რომელიც მათ ანგარიშშიც აისახა.

ორგანიზაციაში, რომელიც იმ ადამიანებს უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას, ვისაც უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით შეეზღუდათ შრომის უფლება, განმარტავენ, რომ საქართველოში, საჯარო სექტორში, ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი და გავრცელებული მიზეზი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდის დეტალურ მონიტორინგსაც ვახორციელებთ და ამ პროცესში დავინახეთ, რომ ძალიან აქტუალური იყო სამსახურებიდან თანამშრომელთა უკანონოდ გათავისუფლების ტენდენცია, რომელიც განსაკუთრებით 2021 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, რეგიონებში, იყო გამოხატული. ამანაც გვიბიძგა, რომ დავხმარებოდით ამ ადამიანებს.

ამდენად, ძალიან კონკრეტული მიგნება გვაქვს: სასამართლო, მაშინაც კი როცა ადგენს, რომ ადამიანი უკანონოდ იყო გათავისუფლებული სამსახურიდან, აუქმებს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, აღადგენს სამსახურში, შესაბამის უწყებას აკისრებს განაცდურის ანაზღაურებას, პარალელურად, პრაქტიკულად, არასდროს აკმაყოფილებს პოლიტიკური დისკრიმინაციის შესახებ დადგენის მოთხოვნას. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა სასამართლომ დააკმაყოფილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ დავა და ეს ნაწილი, მაგრამ უარი თქვა დისკრიმინაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე“,- განმარტავს „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორი ლელა ხათრიძე.

დისკრიმინაციის დადგენის მხრივ, საქართველოს სასამართლოს რომ გამოწვევები აქვს, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარი იურისტი თეო ზაქარაშვილიც საუბრობს.

„სასამართლოს უჭირს დაინახოს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები, განსაკუთრებით შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში, საჯარო სამსახურებში, რაც სამართლებრივად აუარესებს მდგომარეობას. ხშირად სასამართლო უბრალოდ განიხილავს დავას, როგორც რიგით შრომით სამართლებრივს (როგორც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების რიგით დავას) და გვერდს უვლის დისკრიმინაციის ფაქტის საკითხს. მეტიც, ჩვენ, მაგალითად, გვქონდა ქეისი, სადაც ტყიბულის პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია, მაგრამ ქუთაისის სააპელაციომ პოლიტიკური დისკრიმინაციით გათავისუფლების ნაწილში გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა, რომ აქ დისკრიმინაცია არ ყოფილა“,- განმარტავს იურისტი თეო ზაქარაშვილი.

სამსახურებიდან გათავისუფლების შეფუთული მოტივები:

არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაკვირვებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დისკრიმინაციული მოტივი, როგორც წესი, რეორგანიზაციის, ან დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების საფუძვლითაა შეფუთული. ანდაც, მათი თქმით, დამსაქმებელმა შეიძლება ნებისმიერი საფუძველი გამოიყენოს, თუკი მასთან მომუშავე მისთვის არასასურველია.

„როცა ადამიანების გათავისუფლება უნდათ, დაიწყება ხოლმე უწყებაში რეორგანიზაცია, რომლის რეალური მიზანიც მათთვის არასაურველ თანამშრომელთა გათავისუფლებაა. ან, როდესაც ადამიანს ამოეწურება ხელშეკრულების ვადა, აღარ უგრძელებენ ხოლმე - ასეთი პრაქტიკაც გამოიყენება. გავრცელებული ამბავია დისციპლინური დარღვევების მომიზეზებით გათავისუფლებაც, რომელიც სინამდვილეში სხვა საფუძველს ეყრდნობა“,- განმარტავს „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორი ლელა ხათრიძე.

არადა, ადამიანის დაცვა ყოველგვარი დისკრიმინაციისგან, მის ძირითად უფლებას წარმოადგენს და კანონით არის დაცული.

რამდენად მუშაობს ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში?

2014 წლიდან საქართველოში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი არსებობს, რომლის მიღებასაც წინ გარკვეული ვნებათაღელვა და წინააღმდეგობა უძღოდა, თუმცა პარლამენტმა მაინც მიიღო და ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.

საქართველოს კანონმდებლობით, დისკრიმინაციისგან თავის დაცვისა და რეაგირებისთვის ორი რეალური სამართლებრივი გზა არსებობს: სარჩელის წარდგენა სასამართლოში და საჩივრით/განცხადებით მიმართვა სახალხო დამცველისათვის, თუმცა თუკი დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევები იშვიათია, მაშინ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რაშია გამოსავალი?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარი იურისტი თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ სასამართლოები უფრო თამამები უნდა იყვნენ, როდესაც დისკრიმინაციის საქმეებს განიხილავენ და ამაზე ბევრი პრაქტიკა შექმნან, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კი კარიერული საჯარო მოხელეების ყოფნას საჯარო სამსახურის სისტემაში ხელი უნდა შეუწყონ.

„პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნის დადგენა მაინც გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მმართველი გუნდი გაანაწყენოს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ სასამართლო ობიექტურად განიხილავს ამ საკითხებს, განსაკუთრებით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე როცა უთითებს მოსარჩელე და კიდევ უფრო დიდი ყურადღებით შეისწავლის როგორც სამართლებრივად, ასევე ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, იქნება უფრო თამამი, კარგად დაინახოს, რეალურად რა მოტივი ამოძრავებდა ადმინისტრაციულ ორგანოს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში“,- განმარტავს თეო ზაქარაშვილი.

საჯარო სამსახური რომ ჯერ კიდევ შორს დგას დეპოლიტიზების მიზნის მიღწევისგან, თანამშრომელთა შერჩევისა თუ სამსახურიდან გათავისუფლების ეტაპზე, ამაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ლელა ხათრიძეც. ის ამ ამბავში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ სასამართლო პრაქტიკის პრობლემურობას ასახელებს.

„თუ ჩვენ გვინდა, დისკრიმინაციის საქმეებზე გვქონდეს ევროპული სტანდარტის შესაბამისი პრაქტიკა, თუ გვინდა, რომ ამ დისკრიმინაციას რეალურად ვებრძოლოთ სამართლებრივი მეთოდებით, მაშინ ეს პრაქტიკა უნდა დანერგოს ქართულმა სასამართლოებმა და ამ სტანდარტებით გადაწყვიტონ დავები “,- განმარტავს ლელა ხათრიძე.

სახალხო დამცველის პრაქტიკა პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენაზე:

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, სახალხო დამცველის პრაქტიკა შეუდარებლად წინაა. ამასთან, ომბუდსმენთან წარმოებული განხილვის პროცესი დისკრიმინაციის საქმის შესახებ, ნაკლებად ფორმალისტური, ბიუროკრატიული და მიმართვისათვის დადგენილი მკაცრი ვადით ნაკლებად შეზღუდულია. თუმცა, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშშია აღნიშნული, გარკვეულ შემთხვევებში, სახალხო დამცველის აპარატი მაინც იჩენს სიფრთხილეს დაადგინოს დისკრიმინაცია და მისი არსებობის ეჭვის საფუძვლიანობასა და სავარაუდო დამრღვევის მიერ საქმის მასალების სიღრმისეულად შესწავლის საჭიროებაზე მითითებით შემოიფარგლება.

მაგალითისთვის, ჩვენ მიერ სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლიდან დღემდე პერიოდში, ომბუდსმენის აპარატში პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ 51 განცხადებაა შესული. აქედან, ყველაზე მეტი, 28 განაცხადი 2021 წელს ფიქსირდება (გათავისუფლებები იმ დროისათვის თანამდებობიდან ახლად გადამდგარი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მხარდაჭერას, ან ამგვარ მხარდაჭერაზე ეჭვის მიტანას უკავშირდებოდა).

აღსანიშნავია, რომ შესული განცხადებების განხილვის შედეგად (51 განცხადებიდან), მომზადებულია მხოლოდ ზოგადი წინადადება (ოთხი), რეკომენდაცია და 1 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

ქვეყანაში კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის განვითარებაზე, კანონმდებლობის დახვეწაზე, ასევე გამჭვირვალე მმართველობისა და ეთიკური სტანდარტების დანერგვაზე (ანტიკორუფციული პოლიტიკის მხარდაჭერის გზით), პასუხისმგებელი საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროა.
ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2019-2023 წლებში, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაცია 265-ჯერ ჩატარდა, რა დროსაც 1259 პირი გაათავისუფლეს.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“- ამბობს თამარ დუმბაძე, რომელმაც სამსახურიდან გათავისუფლების გამო მერთან 5-წლიანი ბრძოლა სწორედ სასამართლოს გზით მოიგო: „კმაყოფილი ვარ, სასამართლოს რომ მივმართე. რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა ჩემთვის პროცესებზე სიარული და ბევრი ნერვიულობაც გავიარე, მაგრამ დღეს არაფერს ვნანობ. მთავარია მოთმინება და რწმენა, რომ შენი სიმართლით გაიმარჯვებ".

სტატია მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The article was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).

The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.