სამართალი
სალომე გამარჯვებულია - ფემიციდთან სამართლებრივი ბრძოლის ისტორია (ვიდეო)
FaceBook
ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში 195 ქალი მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ ქალები იყვნენ. ყველა ამ მკვლელობას ფემიციდი ეწოდა.

თუმცა, თავად "ფემიციდი" ამ დრომდე ვერ გახდა სამართლებრივი ტერმინი. სამაგიეროდ, ბოლო რვა წლის განმავლობაში რამდენიმე ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და გენდერის ნიშნით მკვლელობისთვის სასჯელი გამკაცრდა. საგრძნობლად მოიმატა ქალების დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის ფაქტებმა. თუმცა, ისევ სუსტ რგოლად რჩება ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან პრევენციის მექანიზმების ნაკლებობა და ისევ ძალაშია პატრიარქალური საზოგადოების ნეგატიური როლი.
***
ფემიციდის პრევენციის მიზნით, 2014 წელი, ქალთა დიდი მოძრაობის კამპანიის აგორებისა და სამართლებრივად უფრო მძლავრი ბერკეტების შექმნის მოთხოვნის წლადაც იქცა. ამ მოძრაობის ბიძგის მიმცემი ფემიციდის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი, სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმე გახდა.

სალომე ჯორბენაძის დედამ ქართული თუ საერთაშორისო ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენა. ფატიმა ჭელიშვილისთვის ქალიშვილის მკვლელობის შემდგომი ცხრა წელი სამართლებრივი ბრძოლის ისტორიაა, რომელიც დღესაც გრძელდება.

სალომე ჯორბენაძის საქმე


19 წლის სალომე ჯორბენაძე პოლიციელმა ყოფილმა ქმარმა 2014 წლის 25 ივლისს მოკლა ზესტაფონის ცენტრში. მკვლელობას წინ უძღოდა თანაცხოვრების განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც მაშინაც არ დასრულებულა, როდესაც სალომე მშობლების სახლში დაბრუნდა. ყოფილი პარტნიორი მისი ცხოვრების გაკონტროლებას დაცილების შემდეგაც ცდილობდა. ოჯახმა მიმართა ადგილობრივ პოლიციას, შემდეგ პროკურატურას, ბოლოს შსს-ს გენინსპექციას, რადგან მამაკაცი მის თანამდებობრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა და პასუხისგებას თავს არიდებდა. თუმცა გამოძიება ამ საქმეზე არასდროს დაწყებულა.
ვერც ერთმა ამ ინსტიტუციამ გოგონა ვერ (არ) დაიცვა.
სისტემამ წაყრუებით და ოჯახური კონფლიქტისადმი არასერიოზული დამოკიდებულებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადეს.

ბრძოლის სამართლებრივი გზა - სალომე გამარჯვებულია


19 წლის სალომე ჯორბენაძის ყოფილი ქმრის, სერგი საცერაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის დღესვე, 2014 წლის 25 ივლისს აღიძრა. რასაც მოყვა სასამართლო პროცესი, რომელიც თითქმის 9 თვე გაგრძელდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სერგი საცერაძე დამნაშავედ სცნო ოჯახის წევრის მკვლელობის საქმეში და მას თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იყო ბრალდებულის მხრიდან შეურაცხადობის მომიზეზების მცდელობა, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ ეს არ დაადასტურა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2016 წლის თებერვალში.
სალომე ჯორბენაძის ოჯახის სამართლებრივი ბრძოლა აქ არ დასრულებულა.

სალომეს დედამ, ფატიმა ჭელიშვილმა, მკვლელობის "პასიური მონაწილეების" წინააღმდეგაც შეიტანა საჩივარი მთავარ პროკურატურაში. ამ საჩივრის საფუძველზე, 2015 წლის თებერვალში ,პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიციელებისა და პროკურორების წინააღმდეგ, რომელთაც დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა სალომე ჯორბენაძემ, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს რისკები და არასათანადო შეფასება მისცეს სალომეს მიმართ განხორციელებულ მუქარებს და ფიზიკურ ძალადობას, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ფატალური შედეგი.

ამ გამოძიების პარალელურად, 2015 წლის იანვარში ფატიმა ჭელიშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შსს-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 120 ათასი ლარის ოდენობით.

2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა რომ არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პოლიციელებისა და პროკურორების უმოქმედობასა და სალომე ჯორბენაძის მკვლელობას შორის. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანი ფატიმა ჭელიშვილის მოთხოვნა და სახელმწიფოს, მორალური ზარალის ანაზღაურება, 20 ათასი ლარის გადახდა დაავალა.
სამაგიეროდ, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ფატიმა ჭელიშვილის საჩივრის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ აღძრა პოლიციელებისა და პროკურორების წინააღმდეგ, წინ არ მიიწევდა. ფატიმა ჭელიშვილს არაერთხელ მოუწია პროკურატურისთვის მიმართვა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ შეკითხვები უმეტესად უპასუხოდ რჩებოდა.

"სწორედ ეს გახდა საფუძველი საჩივრისა, რომლითაც ჯორბენაძის საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა", - ამბობს სალომეს დედის, ფატიმა ჭელიშვილის ადვოკატი დარინე სალდაძე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვალს გამოცემული გადაწყვეტილებით, სალომე ჯორბენაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.

"... სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული საქმე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ოჯახში ძალადობის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის შემდგომ გავრცელებას მსხვერპლთა მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან", - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სახელმწიფოს დაევალა მომჩივანი მხარისთვის მორალური ზარალის - 34 ათასი ევროს ანაზღაურება და "დისკრიმინაციულ პასიურობაში" ბრალდებული პოლიციელებისა და პროკურორების საქმის თავიდან გამოძიება.

"სალომე ჯორბენაძის ამ გახმაურებულ და ტრაგიკულ საქმეზე შესაბამისი პასუხისმგებლობა რომ დადგა, ეს იყო ბრძოლის შედეგი. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება და ხდება უფლებების აღდგენის პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფემიციდის საქმეებზე. პოლიტიკაც გახდა შედარებით უფრო მოქნილი ", - ამბობს საიას იურისტი, ფატიმა ჭელიშვილის ადვოკატი, დარინე სალდაძე.

ფემიციდზე, დისკრიმინაციაზე, სამართლის ძიებისა და საზოგადოების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს ფატიმა ჭელიშვილიც.




სალომე ჯორბენაძისა და ფემიციდის მსხვერპლი სხვა ქალების სიცოცხლე და სიკვდილი მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი გახდა.

2014 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არაერთი სამართლებრივი ბერკეტი გაჩნდა.

შეცვლილი კანონი

დღეს საქართველოში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, ოჯახურ დანაშაულს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს:
• საქართველოს კანონი "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ";

• კანონი ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ";
• საქართველოს კანონი "გენდერული თანასწორობის შესახებ";
• საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და სხვ.
• სისხლის სამართლის კოდექსი

ამ უკანასკნელში ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ბოლო ცვლილება 2023 წელს განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო გაამკაცრა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულზე პასუხისგება..
სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში, შეიცვალა და ნაცვლად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, დანაშაულის ჩამდენი პირი ისჯება16-დან 20 წლამდე პატიმრობით, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთით.

"საპრევეცნიო ინსტრუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ კანონის გამკაცრება, თუმცა ეს საკმარისი არ არის",- ამბობს საიას იურისტი დარინე სალდაძე.

ფემიციდის პრევენცია - სუსტი რგოლი

გენდერული მოტივით მოკლულ ქალთა რიცხვი საქართველოში ისევ მაღალია.
2022 წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი მოხდა, 2021 წელს - 18, 2020 წელს - 22, ყველაზე მძიმე წელი 2014 იყო, როდესაც 33 ქალი მოკლეს.


მთავარი პრობლემა პრევენციის მექანიზმების სიმწირეა, აღნიშნავენ სპეციალისტები. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკა სუსტია.

"არ არსებობს ფემიციდის პრევენციის ეფექტიანი კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც პრევენციას მოახდენდა მსგავსი შემთხვევების. მნიშვნელოვანია ქალთა და გოგონების მიმართ მოხდეს პრაქტიკული გამოწვევების იდენტიფიცირება, ყოველი პრობლემის ცალ-ცალკე შესწავლა, სისტემური მიდგომების შემუშავება, სამართლებრივი და პრაქტიკული რეაგირების ადრეული და გრძელვადიანი გეგმის განსაზღვრა. ამ მიზეზებთან და მოტივებთან ბრძოლა, რომ ფატალური შემთხვევები არ გვქონდეს სახეზე", - მიაჩნია დარინე სალდაძეს.

კრიტიკის საპასუხოდ შსს-ში მიუთითებენ, რომ პრევენციის ბევრი მექანიზმი ამოქმედდა ბოლო წლებში. მაგალითად, მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის დანერგვა. ასევე - ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა.

თუმცა, ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ: "სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სექტორი რისკებს სათანადოდ ვერ აფასებს. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა დანერგილია, თუმცა ის იშვიათად გამოიყენება. ჯერ კიდევ პრობლემად რჩება გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეთა გამოკითხვის პროცედურები".

ოჯახურ დანაშაულში მხილებულთა მიმართ სიმკაცრეზე აპელირებს საქართველოს პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებენ და ამას ადასტურებს 2014 წლიდან სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ყოველწლიური ზრდა. მათი ინფორმაციით, 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 550 პირის მიმართ დაიწყო, 2021 წელს — 5144 პირის მიმართ, ხოლო 2022 წლის 8 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 4591 პირის მიმართ.

პროკურატურის განცხადებითვე, მზარდია პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. მათი ინფორმაციით, 2022 წლის 8 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 88% შეადგინა.


სასამართლო, როგორც მოკავშირე

ყოველწლიურად იზრდება ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის მასშტაბი.

ოჯახურ დავებს წლების წინ საოჯახო კლანი განკარგავდა. ეს პრაქტიკა ამ დრომდე არ მოშლილა, თუმცა კლანის შიგნით გაჩნდა ბზარები. მათი გამომწვევი ქალებია. ქალები მორჩილის და მსხვერპლის როლზე უარს ამბობენ. პატრიარქალურ ტრადიციებთან წინააღმდეგობის ამ გზაზე მათი მოკავშირე არც თუ იშვიათად სასამართლოა.

ქალები მიმართავენ სასამართლოს.
და ისინი იგებენ პროცესებს.

იქამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების "საიას, "საფარის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ანგარიშზე უკვე რამდენიმე პრეცედენტული საქმეცაა როგორც ფემიციდის (სალომე ჯორბენაძის საქმე სტრასბურგში, თხელიძის საქმე სტრასბურგში) კუთხით, ასევე, მაგალითად, სექსუალური შევიწროვების მიმართულებითაც (თათია სამხარაძის საქმე, ფეხბურთელი გოგონების საქმე, და სხვა).

"სასამართლოში არსებული ასეთი (წარმატებული) პრაქტიკა თავისთავად უფრო აცოცხლებს სისტემას და უბიძგებს იმისკენ, რომ როცა რეაგირების გარეშე დატოვებულმა შემთხვევამ განაპირობა ფემიციდის ფატალური შედეგი, ეს არ მოხდეს. სისტემა მნიშვნელოვნად შეცვლილი და გაუმჯობესებულია წლების განმავლობაში", - მიაჩნია საიას იურისტს, დარინე სალდაძეს.

დასავლური გამოცდილება მართლმსაჯულებაზე ქალთა თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითხოვს. ეს საკითხი ევროპის საბჭოსათვის პრიორიტეტულია და ის პრიორიტეტული ხდება წევრი სახელმწიფოებისთვისაც. 2018-2023 წლებში ევროპის საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა ამ პრობლემის გადაჭრაა.

ქალთა საკითხების მიმართ დასავლური სამართლებრივი გამოცდილება უფრო შორს მიდის. მაგალითად, სტამბოლის კონვენციის თანახმად, სახელმწიფო მხარეებს მოეთხოვებათ, დაუშვან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ex parte ან ex officio გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება და სამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს დამოკიდებული მსხვერპლის მიერ საჩივრის შეტანაზე ან შეტყობინების გაკეთებაზე (მუხლი 55).

მრუდე ცნობიერება



არსებობს გარკვეული სამართლებრივი ბერკეტები და არის ადამიანი, რომელმაც ეს ინსტრუმენტები მოქმედებაში უნდა მოიყვანოს.

თუმცა ამ გზაზე ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ბარიერად შეიძლება ცნობიერება იქცეს, რომელიც ქალთა დისკრიმინაციას და "გენდერული როლების" არსებობას მტკივნეულ პრობლემად არ აღიქვამს.

ორგანიზაცია ,,საფარის" ხელმძღვანელს ბაია პატარაიას მიაჩნია, რომ ქალთა მკვლელობის მიზეზები მენტალური ხედვების ძიებით უნდა დაიწყოს. იმ გარემოს ცვლილებით, სადაც ქალი და მამაკაცი სხვადასხვა სოციალურ არსებებად მოიაზრება.

"რა ვითარებაში და როგორ ხდება მკვლელობა?! ხდება იქ, სადაც კაცებს მაინც მიაჩნიათ, რომ ქალი აუცილებლად მათ ჭკუაზე უნდა დადიოდეს, ქმარს ემორჩილებოდეს. რომ ქალს სჭირდება დისციპლინირება. არ სჯერა ამ ხალხს სქესთა თანასწორობის და ფიქრობენ, რომ ერთი უნდა იყოს მორჩილი, მეორე კი ბატონი. ჰგონიათ, რომ არსებობს ქალის კონკრეტული როლი, რომელიც მან აუცილებლად უნდა შეასრულოს. ხოლო თუ ამ გენდერულ როლს არ ასრულებს, მაშინ დასასჯელია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მენტალიტეტის შეცვლა. ამისთვის კი სერიოზული მუშაობაა საჭირო".

ამ სამუშაოს დიდი ხანია ასრულებს ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ პრობლემის მასშტაბების გამო უფრო დიდი ინსტიტუციის, სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ხდება საჭირო, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ცნობიერების შეცვლაზე მიმართულ ღონისძიებებსა და წამოწყებულ კამპანიებს არა აქვს თანმიმდევრული ხასიათი და ფრაგმენტულობით ხასიათდება. ფრაგმენტულობა კი ცნობიერებაში ფრაგმენტულად რჩება და მარტივად ქრება.

წაგებული ომი


ქალები იღუპებიან არგამოცხადებულ, თუმცა ღია ომში. მაგრამ ეს წაგებული ომია - ასე მიაჩნია ფსიქოლოგ მამუკა გელაშვილს. მისი თქმით, ქალებზე ძალადობა რეტროგრადების უკანასკნელი გაბრძოლებაა.

"რატომ მოხდა, რომ ამდენი გრანტი ჩაიდო გენდერის შესწავლის კუთხით მსოფლიოში? არ იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ იყოს. გენდერული თანასწორობა რამდენად ხორციელდება ქვეყანაში, იმის მიხედვით იზომება და იმაზეა დამოკიდებული ცივილიზაციისა და დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში", - მიაჩნია მამუკა გელაშვილს.

დრო ქალების მხარეს არის. ყოველ შემთხვევაში მათ მხარეს, ვინც თანამედროვეობას პასუხობს.

"ეს მსხვერპლი რაც მივიღეთ, რეტროგრადების ბოლო გაბრძოლება იქნება, უკან ვერ მოაბრუნებენ პროცესს. არის ერთი საიდუმლოება, თუკი თავისუფლების გემო გაიგო ადამიანმა, თუ მოკლავ თორემ უკან ვეღარ დააბრუნებ. ვინც გათავისუფლდა შინაგანად, იმის უკან დაბრუნება შეუძლებელია. მისი მხოლოდ ფიზიკური განადგურება შეიძლება. ვერც ცემით, ვერც მუქარით შეაშინეს. არც ერთმა ამ ქალმა უკან არ დაიხია, არ დაემორჩილა. ამიტომ ვიმეორებ, ეს უსუსურობა – ქალების ხოცვა მათი ბოლო მეთოდია. მათ ვერ შეძლეს უპირატესობა მოეპოვებინათ ქალებზე და დახოცეს ისინი. ეს იყო ბოლო გაბრძოლება", - მიაჩნია მამუკა გელაშვილს.

"რეტროგრადების" ბოლო გაბრძოლება მარცხით დასრულდება.

სალომე გამარჯვებულია..


მთავარი ფოტო: ლია უკლებას ნახატი „სიყვარულის სახელით“


სტატია მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The article was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).
The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია
გამართა.
14:06 / 19.04.2024

„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.