დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილი
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის
სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
განაჩენის გამოცხადება 14:00 საათზე იგეგმება.
4 აგვისტოს, დასკვნით სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო
სიტყვით ისარგებლა. დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა,
რომ მისი ქმედება პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა. მზია ამაღლობელის
განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიზეზით, ვერ დათანხმდება პროკურატურის
შეთავაზებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
"პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული
საპროცესო შეთანხმებაა. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო
გარიგება მართლაც ღვთის წყალობაა, თუმცა ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ
გაახმოვანეს - ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას,
შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია.
რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა
ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი
დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ,
განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან... მგონია, კანონში
არსებობს ჩემ ქმედებაზე - სილის გაწვნაზე ადეკვატური მუხლი.
დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, გამომძიებლებს პროფესიული კითხვები
რომ დაესვათ, მიუკერძოებელი გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, ე.წ.
დაზარალებული დგებუაძის ინტერესები რომ არ გაეტარებინათ, ეს საქმე
თავდასხმის კვალიფიკაციით არ შემოვიდოდა სასამართლოში. სისხლით
დავიჭერო, შემპირდა და საჯაროდ მომცა ბრალდება დგებუაძემ 4-დან 7
წლამდე, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა, სამწუხაროდ.
თუმცა ამას დღეს მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა სასამართლოს დრო დადგა.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემს დანაშაულზე, თუ რა სასჯელი
მერგება.
ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ
იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორებო. ეს იქნება
ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან
ჩართული იყო ამ საქმეში.
სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობები და არ
მოგვცა საშუალება, კითხვები დაგვესვა იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც
დღემდე ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან", - განაცხადა მზია
ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო პრესის თავისუფლების
საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები
გაერთიანდნენ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის
[IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13
ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს
სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი
ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის
წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“
შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას
პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული
გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების
დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
ასევე, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სტრასბურგის ევროპულმა
სასამართლომაც დაიწყო.
დაპატიმრებული ჟურნალისტი 200 დღეზე მეტია პატიმრობაშია. მას
პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე
პატიმრობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
მზია
ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს
"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი
კლინიკაში რჩება
მასალის გამოყენების პირობები