კულტურა
სკოლები და (კინო)თეატრები - აკრძალვები, თანამშრომლობა თუ დაბრუნება საბჭოეთში
FaceBook
"როდესაც დეპუატატი არკვევს რა ფილმი უნდა ნახოს მაყურებელმა, სახელმწიფო გამოდის იდეოლოგის როლში და ამით ვბრუნდებით საბჭოთა კავშირში"


ქუთაისის საკრებულოს რიგით მეათე სხდომის ერთ-ერთი განსახილველი თემა საჯარო სკოლებში თეატრების ბილეთების დისტრიბუციის საკითხი გახდა. დეპუტატებმა შემაშფოთებელ ფაქტად მიიჩნიეს "საჯარო სკოლებში დისტრიბუტორების მიერ სპექტაკლების და ფილმების ბილეთების შეტანის ტრადიცია". მაგალითად, ამ მიზეზებით მოხდა ერთი კვირის წინ კინოსეანსის შეწყვეტა ქუთაისის ახაალგაზრდულ ცენტრში. ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით - მოსწავლეების მიერ კოლექტიურად კინოსეანსის ნახვა საკრებულოს დეპუტატმა დარღვევად მიიჩნია, ხოლო თრილერის ჟანრს - "უჟასის" კვალიფიკაცია მისცა და ბავშვებისთვის შეუფერებლად შერაცხა.
დეპუტატები სკოლებში ბილეთების გაყიდვის პრაქტიკის დანერგვით კანონდარღვევაზე ალაპარაკდნენ.
ბილეთების სკოლაში შეტანას კანონდარღვევის კვალიფიკაცია მისცა საგანმანათლებლო რესურსცენტრმაც.
"ბილეთების რეალიზაცია, ანუ ყველა ტიპის კომერციული საქმიანობა საჯარო სკოლაში აკრძალულია", -აღნიშნა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
კანონის დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შერჩევითობას ხედავენ ქუთაისის ახლგაზრდულ ცენტრში. "თუკი თეატრებისთვის შეიძლება სკოლებთან თანამშრომლობა და საგანგაშოს ამ საკითხში ვერავინ ვერაფერს ხედავს, რატომ ეკრძალება ეს ახალგაზრდულ ცენტრს? "- აღნიშნავს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.
თუმცა კონკრეტულად რა დაარღვიეს თეატრებმა და სკოლებმა ურთიერთთანამშრომლობით ჯერჯერობით გამოუკვლეველი რჩება, რადგან სკოლებში აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეტანას და რეალიზაციას ადგილი არა აქვს.
"დისტრიბუტორმა მოგვიტანა რეპერტუარი თუ რა ფილმების ჩვენება შეიძლება მაგალითად ახალგაზრდულ ცენტრში. ჩვენც რეპერტუარი გავაცანით მშობლებს და ისე შევარჩიეთ ფილმი. სასწავლო წლის ბოლოს გამოინახა საამისო დრო, რომ წავსულიყავით და დავსწრებოდით კინოსეანსს. მშობლებმა წაიყვანეს ბავშვები და ბილეთებიც კინოთეატრის სალაროში შეიძინეს", - აღნიშნა მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა ენდი ნემსიწვერიძემ.
სკოლებში ბილეთების შეტანასა და გაყიდვას გამორიცხავენ ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
"დისტრიბუტორი აცნობს მხოლოდ რეპერტუარს, შემდეგ სკოლები გვეუბნებიან სპექტაკლებზე დასწრების მსურველთა სავარაუდო რაოდენობას და ოპერის სალაროში ყიდულობენ ბილეთს", - აღნიშნავს ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აკო ანდღულაძე.
თეატრებთან (მათ შორის კინოთეატრებთან) თანამშრომლობაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ სკოლის დირექტორები.
"ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას თეატრებთან, რადგან მნიშვნელოვანია ბავშვებს ქონდეთ წვდომა კულტურასთან", - მიაჩნია ენდი ნემსიწვერიძეს.
"ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად სკოლებისთვის პროფესიულ თეატრებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ხელოვნება ერთ-ერთი სავალდებულო საგანია", - აღნიშნავს მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია.
როგორც თეატრებში განმარტეს  კულტურული ორგანიზაციების მუშაობისთვის და იქამდე არსებობისთვისაც მნიშვნელოვანია სწორედ სკოლებთან თანამშრომლობა.
"სკოლების სეგმენტის გარეშე ვერც ერთი თეატრი ვერ იმუშავებს, თუკი ამის საშუალება წაერთვა თეატრებს, კულტურული დაწესებულებებისთვის დიდი დარტყმა იქნება", - აღნიშნავენ ქუთაისის ოპერის თეატრში.
კულტურისთვის დიდ დარტყმას სხვა საკითხში ხედავს რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი. "როდესაც დეპუატატი არკვევს რა ფილმი უნდა ნახოს მაყურებელმა არკვევს და კრძალავს ამა თუ იმ ფილმს, თუნდაც ეს იყოს " უკანასკნელი ტანგო პარიზში"ან "გრძნობათა იმპერია" ამ შემთხვევაში, სახელმწიფო გამოდის იდეოლოგის როლში და ამით ვბრუნდებით საბჭოთა კავშირში", - აღნიშნავს ბიბილეიშვილი.
სანამ საკრებულოს დეპუტატები ადგენენ რა არის კანონდარღვეავა და რა საბჭოთა ტრადიციების აღდგენა, ირკვევა რომ 2015 წლის თებერვლიდან , განათლებისა და კულტურის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით უკვე ხორციელდება პროექტი "ექსკურსია თეატრებში''. სკოლები უნდა დარეგისტრირდნენ კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე და წინასწარ გააკეთონ განაცხადი. პროექტი ითვალისწინებს არამარტო სპექტაკლებზე დასწრებას, არამედ მსახიობებთან შეხვედრებს, რეპეტიციასა და საგრიმიოროში მოხვედრას, თეტრის ისტორიის გაცნობას და სხვა მრავალ თემას.

ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.